ავტორი:

რა ღირს თმის ჩაბარება საქართველოში და რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს სხვისი თმისგან გაკეთებულმა პარიკმა

რა ღირს თმის ჩაბარება საქართველოში და რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს სხვისი თმისგან გაკეთებულმა პარიკმა

თბილისის ქუჩებში მოძრაობისას, ხშირად ნახავთ ხეებზე, ან შენობებზე გაკრულ განცხადებებს - "შევისყიდი თმას მაღალ ფასად". თმას იბარებს თბილისის თითქმის ყველა სილამაზის სალონიც. მიზეზი ერთია - სილამაზის ბაზარზე ბუნებრივი თმის ჩაბარებაზე მოთხოვნა დიდია. ეს კი თმის დაგრძელების ტრენდმა და ბუნებრივი თმის პარიკების მოდამ გამოიწვია.

სხვათაშორის, პარიკებს ბევრი ცნობილი სახეც ატარებს, მათ შორის მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილიც.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, რა ფასი აქვს ბუნებრივ თმას სილამაზის ინდუსტრიაში.

ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი ინეზა, წლებია ბუნებრივ თმას იბარებს და როგორც საუბარში აღნიშნა, ფასები მკვეთრად შეცვლილია:

"ნატურალური თმის ჩაბარების ფასები მერყეობს თმის ხარისხის და სიგრძის მიხედვით. დამოკიდებულია იმაზე, მე და კლიენტი როგორ მოვილაპარაკებთ, მაგრამ ზოგადად, 1 კილოგრამი თმის ფასი 50 ლარიდან იწყება და 350 ლარამდე მერყეობს. მთავარია ხარისხი, თორემ თმა დიდის იქნება თუ ბავშვის, არ აქვს მნიშვნელობა.

ბოლო წლებში, ძალიან დიდია მოთხოვნა თმის ჩაბარებაზე და ვერ ვიტყვი, რომ ადამიანები ამას მხოლოდ გაჭირვების გამო აკეთებენ. იციან, რომ შეუძლიათ მოჭრილი თმა ჩააბარონ და ამაში ფული აიღონ და რატომ უნდა გადაყარონ?!

ადრე ბევრს ერიდებოდა ჩაბარების, რცხვენოდათ, ძირითადად გაჭირვების გამო აკეთებდნენ, ახლა ასე აღარ არის. თმის ჩასაბარებლად ჩვენთან ყველა ფენის ადამიანი მოდის, საკმაოდ მდიდრებიც. ხშირია შემთხვევები, როდესაც თმას იჭრიან სტილისტი იტოვებს, ფულს არ უხდის კლიენტს და ამ თმას თვითონ ყიდის.

- შეღებილ თმას თუ იბარებთ?

- წლებია ამ ბიზნესში ვარ, ადრე ჭაღარა და შეღებილი თმაც ბარდებოდა, მაგრამ ახლა აღარაა მოდაში. შეიძლება ვინმე იბარებდეს კიდეც, მაგრამ ისეთი პოპულარული არ არის. პირადად მე ვინ მაბარებს, კონფიდენციალური ინფორმაციაა. ჩაბარებულ თმას რეალიზაციას ვუკეთებ, უფრო ყოველდღიურ პარიკებზე და ცეკვის ნაწნავებზე ვმუშაობ. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ცეკვის სტუდიაა საქართველოში და მოთხოვნაც დიდია.

თბილისის ერთ-ერთი სალონის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ თმის ჩაბარების მსურველები ძირითადად "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერენ:

- "ფეისბუქზე" გვწერენ, მოდიან და ვიბარებთ. ჩვენთვის პრიორიტეტი მაინც ბავშვის თმაა, შეუღებავი და ხარისხიანი. ფასი 100 ლარიდან იწყება, გააჩნია მოცულობას. ძირითადად 200-300 ლარამდე ვიხდით ხოლმე. შემდეგ ამ თმას ვამუშავებთ, კაფსულების სახით ვაკეთებთ და კლიენტებს ვემსახურებით, ვისაც დაგრძელების სურვილი აქვთ.

- რა ღირს თმის დაგრძელება?

- 6-7 ლარი ღირს საშუალოდ ერთი კაფსულა, აქაც გააჩნია სიგრძეს და თმის ხარისხს. ერთ ადამიანს 90-100 კაფსულა სჭირდება საშუალოდ, უფრო სქელი თმა თუ უნდა - 100-150. დაგრძელებული თმა ზოგს 3 თვე უძლევს ზოგს 5-6 თვე, გააჩნია რა სიხშირით ეზრდებათ. შემდეგ მოდის კლიენტი სალონში, ვხსნით და კორექციას ვუკეთებთ".

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, თმის დაგრძელების საშუალო ფასი 550 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე მერყეობს. ბუნებრივი თმის პარიკების ფასები სიგრძის მიხედვით განისაზღვრება და მოკლე თმის საშუალო ფასი 250-500 ლარია, გრძელი თმის პარიკი 750-1200 ლარამდე ღირს. მეორადი პარიკები ბაზრობებზე 55 ლარადაც იყიდება.

ადამიანის თმა რომ დიდი ენერგეტიკის მატარებელია, ამაზე არაერთი მოსაზრება არსებობს. ხშირად გაგვიგია, რომ ადამიანები გადატანილი უბედურების შემდეგ თმასაც კი იჭრიან, რომ ცუდი აურა გაატანონ. ასევე, თმის შეჭრა საუკეთესო ანტიდეპრესანტია, როდესაც გინდა ცხოვრებაში რაღაც შეცვალო.

რამდენად უსაფრთხოა და რა ენერგეტიკის მატარებელია თმა - ამის შესახებ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ვკითხეთ.

"ძალიან მნიშვნელოვანი ინფომაციის მატარებელია თმა ადამიანისთვის. როდესაც სხვის თმას იმაგრებ, რა იცი, შეიძლება ის ადამიანი ავადმყოფია, გენეტიკური პრობლემები აქვს, ამ დროს მთელი ეს ინფორმაციული ველი გადადის მეორე ადამიანზე. შეიძლება ლოთია ან მკვლელი, ჩვენ ხომ არ ვიცით ვინ აბარებს თმას?!

მაგიაში ხშირად იყენებენ თმას. შეულოცავენ და ჩაუდებენ ადამიანს სხვადასხვა ადგილას, ჯადო იწყებს მოქმედებას და მოაქვს უბედურება. თმით გაკეთებული ჯადო აბინძურებს ადამიანის აურას, მოქმედებს იღბალზე.

სხვისი თმის ცოტა ხანს ტარებაც კი საკმარისია, რომ ბევრი ცუდი მოგიტანოთ. იმ ადამიანის აურასა და ნეგატივს შეისისხლხორცებთ, ვის თმასაც ატარებთ. მერე უბედურებას არავინ დააბრალებს დაგრძელებულ თმას, არადა სინამდვილეში აქედან მოდის...

თმასთან იყავით ძალიან ფრთხილად!

- კარგი აურის მატარებელი და ბედნიერი ადამიანის თმა თუ გაიკეთა სხვამ, ამ შემთხვევაში რა ხდება?

- შეიძლება მისი ცხოვრება სასიკეთოდაც შეიცვალოს, მაგრამ თქვენ ხომ არ იცით ეს ვისი თმაა? თუ იცით, რომ იღბლიანია, შეიძლება კარგიც კი იყოს. ამიტომ არის ნათქვამი - იღბლიან ადამიანებთან იყავით ახლოს და იღბლიანი ადამიანის ნაქონი საგანი ატარეთ.

„ვოლვო კავკასიის“ ახალი შოურუმი ახლა უკვე უზბეკეთში

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფრენა გაქვთ დანიშნული, ქვეყანაში კი კომენდანტის საათია?

"საკურთხეველთან ყავარჯნით მისვლაზე არც ერთი პატარძალი არ ოცნებობს, მაგრამ..." - ქართველი წყვილი, რომელმაც ერთმანეთზე რამდენჯერმე იქორწინა