ავტორი:

რა სახის რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობა იგეგმება ვაკეში?

რა სახის რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობა იგეგმება ვაკეში?

დღეს, გარემოს დაბინძურების პრობლემა გლობალურია, მისი გადაჭრის გზები კი წერტილოვან გადაწყვეტილებებს ეფუძნება ანუ დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, თითოეული კომპანიის გადაწყვეტილებაზე, სახელმწიფოს პოზიციაზე გარემოს დაცვასთან მიმართებაში და ა.შ.

დღეს, განსაკუთრებით თბილისის ცენტრალური უბნების მოსახლეობა ჰაერის დაბინძურების პრობლემების წინაშე დგას, თუმცა ურბანიზაციის პროცესი მაინც გრძელდება. წლების განმავლობაში, კოეფიციენტების ზრდის ხარჯზე, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად, ადგილი არ დარჩა, სადაც სამშენებლო სამუშაოები არ განხორციელდა, მწვანე სივრცეები კი არც ისე ბევრია.

ამ ეტაპისთვის, ვაკის ტერიტორიაზე ასათვისებელ ადგილებში კორტებისა და ფიტნეს ცენტრ „ოქტოპუსის“ მიმდებარედ არსებული 2 ჰექტარი ტერიტორია დარჩა მოსაწყობი, რომელზეც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაუშვებელია. გენერალურმა გეგმამ ეს ტერიტორია სარეკრეაციო ზონად მონიშნა. ასეთი სივრცის არსებობა კი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე დაბინძურებული ჰაერის პირობებში აუცილებლობას წარმოადგენს.

გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე განმარტავს, რომ მდინარეების ხეობებში მშენებლობა დაუშვებელია. მისი თქმით, დღეს, დედაქალაქი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე სწორედ ამ საკითხის უგულებელყოფამაც დააყენა.

„ახლა თბილისში შექმნილი ეკოლოგიური პირობები ნაწილობრივ იმის ბრალიცაა, რომ მტკვრისაკენ მიმავალ ხეობებში: ვარაზის ხევი, წოწორას ხევი, გლდანის ხევი, მილის ხევი და გუთნის ხევი, ყველაში მშენებლობა გავაჩაღეთ. ასეთ ხეობებს სუფთა ნაკადები შემოაქვთ ქალაქში, შესაბამისად თუ შენობებით ჩავხერგეთ ნაკადებს ვეღარ გაატარებს. ამიტომ ვერეს ხეობაში ამ ტერიტორიაზე მონიშნულია რეკრეაციული ზონა და იქ მშენებლობა დაუშვებელია“, - განმარტავს მერაბ ბოლქვაძე.

4 წლის წინ, 13 ივნისის ღამემ გვასწავლა, რომ მდინარეების კალაპოტში სამშენებლო სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება. სტიქიის შემდეგ, ვერეს ხეობაში ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა, ცხაურები და წინასწარი გაფრთხილების სისტემა მოეწყო. ამასთან, თბილისის მერიის პოზიცია დღეს მდინარის კალაპოტში სამშენებლო სამუშაოების ჩატარებასთან წინააღმდეგობაში მოდის.

„მდინარის კალაპოტში მშენებლობის არცერთი ახალი ნებართვა არ არის გაცემული, პირიქით, უკვე გაცემული ნებართვებიც, რომელიც საშიშროების თუნდაც მეორე ზონაში შედიოდა გაუქმდა და ახლადგაყიდული მიწების მონაცვლეობის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს.ამ ეტაპზე ვერეს ხეობაში,მხოლოდ, არსებული მზიურის პარკის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება“, - განმარტა მაია ბითაძემ.

„მზიურის პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ზონების განვითარება აიკრძალა. შესაბამისად, თბილისი ამ ზონაში მწვანე საფარსა და სუფთა ჰაერს შეინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, კორტებისა და ფიტნეს ცენტრის გაგრძელებაზე გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება, რომელიც სასეირნო ბილიკებს, შადრევანს, ველობილიკებს, ბავშვთა გასართობ ზონას, სავარჯიშო დარბაზს, ფიტნეს ცენტრს, სპასა და აუზს მოიცავს. ჩამოთვლილი სივრცეების ინფრასტრუქტურა ტერასებად იქნება განლაგებული.

დღეს, ეს ტერიტორია სახელმწიფოს კუთვნილებაშია და გამაჯანსაღებელი სივრცის მოწყობაზე ნებართვა ჯერჯერობით გაცემული არ არის. როგორც გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელი მერაბ ბოლქვაძე აღნიშნავს, ცალსახაა, რომ ეს ადგილი რეკრეაციულ ზონად უნდა დარჩეს. თუმცა რა ტიპის ობიექტები უნდა განლაგდეს, ამას განაშენიანების რეგულირების გეგმა დაადგენს, რომელიც თბილისის მერიას უნდა წარეგდინოს.

„გენგეგმა ამ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სახეობად მოიაზრებს. აქ საცხოვრებლი და ზოგადად, სამშენებლო მიმართულებით განვითარება არ შეიძლება. მასში მხოლოდ რეკრეაციული ფუნქციის ობიექტები უნდა იყოს“, - აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.

ვაკის ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად კი ყიფშიძის ქუჩაზე ინტენსიური განაშენიანება ადგილობრივებისთვის განსაკუთრებით პრობლემატურია. ვაკის პარკის ტერიტორია მათთვის ერთადერთ დიდ მწვანე სივრცეს წარმოადგენს, თუმცა ის რეკრეაციული ზონაა და გამაჯანსაღებელ კომპლექსს არ მოიცავს,ამიტომ კორტების მიმდებარედ არსებული ტერიტორია ვაკის პარკისგან კონცეფციით განსხვავებული იქნება.

ჯერჯერობით, აქ მხოლოდ ორი სპორტული ობიექტი ფუნქციონირებს, თუმცა როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, მათი გეგმისდამტკიცების შემთხვევაში, ეს ერთადერთი „მწვანე კუნძული“ იქნება ვაკეში, სადაც რეკრეაციული სივრცე და გამაჯანსაღებელი კომპლექსები ერთად მოიყრის თავს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის