ავტორი:

რატომ დაბრუნდა ზუგდიდში საცხოვრებლად ზურაბ ანთელავა და ვისი გმირი მოსწონს "ჩცდ"-ში დავით კვირცხალიას - მსახიობების ცხოვრება სერიალში და მის მიღმა

რატომ დაბრუნდა ზუგდიდში საცხოვრებლად ზურაბ ანთელავა და ვისი გმირი მოსწონს "ჩცდ"-ში დავით კვირცხალიას - მსახიობების ცხოვრება სერიალში და მის მიღმა

პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მალე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში დაბრუნდება.

მე-16 სეზონის დეტალებს გადამღები ჯგუფი ჯერ არ გვიმხელს, თუმცა ამბობენ, რომ სერიალს ახალი ხაზები და ახალი პერსონაჟები დაემატება. შესაძლოა, კიდევ უფრო ძველმა და ცოტა დავიწყებულმა სახეებმაც შეგვახსენონ თავი...

სანამ სერიალი ეთერში დაბრუნდება, AMBEBI.GE ესაუბრა მის ყველაზე გამოკვეთილ სახეებს, "მეგრული კლანის" წევრებს: გრიშა კაკაჩიასა (დავით კვირცხალია) და კვაზი მანტკავას (ზურაბ ანთელავა).

რას ფიქრობენ მსახიობები თავიანთ გმირებზე, როგორ წარმოუდგენიათ მე-16 სეზონზე საკუთარი თავი სერიალში და რა ხდება მათ შემოქმედებით ცხოვრებაში სერიალის მიღმა, ამაზე თავად მოგვიყვებიან:

დავით კვირცხალია:

- 5 წელი გაუხდა გრიშა კაკაჩიას ამ პროექტში და სულ წარმატების გზაზე მავალი პერსონაჟია. თავიდან, როცა გამოჩნდა, აკლდამის ასაშენებლად ჩამოვიდა. ხელოვნებაში ასეა, თუ პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი კიდია, მან უნდა გაისროლოს...

- ჰოდა, "გაისროლა" კაკაჩიამ...

- რაღაცები მგონი გააკეთა, მაგრამ მომავალში რა იქნება, როგორ განვითარდება ამ პერსონაჟის ბედი, სამწუხაროდ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული... ჯერ სცენარი არ მიმიღია და ვერაფერს ვიტყვი. ერთი რამ კი ცხადია, მთელი ეს პერიოდია დასავლეთში ვარ - ხალხისგან უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, დიდი და პატარა გარს მეხვევა. არა იმიტომ, რომ „გოლი“ გავიტანე, არა, ამდენი წელია, თავისიანად მთვლიან.

ჩემი სამსახიობო მოკრძალებული მოღვაწეობის ფონზე ვიტყვი, რომ ბედნიერებაა, ასეთი სამუშაო ჩემთან თავისით რომ მოვიდა. ვუმადლი ავტორს, ქეთი დევდარიანს და რეჟისორს გიორგი ლიფონავას, რომლებმაც ჩემში დაინახეს რაღაც მონაცემი, რომ ასეთ პერსონაჟზე ყველას ერთად გეფიქრა... მადლობელი ვარ განგების, მათი და მაყურებლის, რომელმაც ასე თბილად მიიღო ეს ნამუშევარი.

- აკლდამა ახსენეთ და გამახსენდა თქვენი საოცარი მონოლოგი სწორედ კაკაჩიას აშენებულ აკლდამაში. მე მაინც მგონია, რომ ეს პერსონაჟი თქვენებურად გარდაქმენით, სხვა მიმართულებით წაიყვანეთ და სცენარისტსაც აიძულეთ, თქვენთან დაკავშირებით სხვა კუთხით წასულიყო...

- არ არის გამორიცხული... ამდენი წელია, ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედი ქალბატონი ამ ყველაფერს წერს, ფიქრობს ჩემს პერსონაჟზე, მიგზავნის რაღაც სიტუაციებს, სადაც დაბრკოლება უნდა გადავლახო. რომ არ იბრუნებდეს ჩემგან საჭირო მასალას, აღარ გააგრძელებდა ჩემთვის წერას და მართალიც იქნებოდა. ალბათ, ჩემგანაც მიდის რაღაც იდივიდუალური, ისეთი საინტერესო სიტუაციები აქვს აღწერილი და მოგონილი, რომ მაოცებს...

ნახევრად სამეგრელოში გავიზარდე, რაღაცები მახსოვს, ნათესავების, მეზობლების ხასიათები, საუბრები დიალოგები, ხშირად ემთხვევა ბევრი რამ სცენარში

ამიტომ სცენარს ყოველთვის გაფაციცებით ვკითხულობ - ნეტავ, ახალი რა მოიფიქრა-მეთქი?! მერე იწყება ხორცის შესხმა, ზოგჯერ უკეთესად გამოდის, ზოგჯერ - უარესად. ჯამში კი მგონი, ჯერ არ მოგვბეზრდა ერთმანეთი...

- ბოლოს და ბოლოს, ვინ არის გრიშა კაკაჩია?

- გადასარევი გვარია კაკაჩია, ამ გვარის ადამიანს არაერთს ვიცნობ. ერთმანეთზე უკეთესი ხალხია, ცუდი კაკაჩია ჯერ არ შემხვედრია... გრიშა კი ძველი ყაიდის ადამიანია, ნოსტალგიით შეპყრობილი და საბჭოთა აზროვნების, რომელსაც ახალ დროშიც გაეხსნა ასპარეზი ფული აკეთოს, მაგრამ ეს ორი რამ ერთმანეთს არ ეთანხმება. საბჭოთა პერიოდში ასეთ კაცებს "მაქინატორებს" ეძახდნენ...

- თავად რომელი პერსონაჟი მოგწონთ სერიალში?

- ჩიკას პერსონაჟი. უცნაური მხარე მიჰყავს, რაღაც სიმბოლოები ცოცხლდება, საინტერესოა მისი ყურება. მომწონდა, გიორგი ბახუტაშვილისა და ეკა ჩხეიძის დუეტი, ეს იყო რაღაც ფანტასტიკური, ოსტატობის მაღალ ხარისხს გვაჩვენებდნენ, როდესაც მათი პარტნიორობით სცენები თამაშდებოდა.

ამ დუეტის გასაოცარი სცენა იყო ლიფტში, აბსოლუტურად სრულყოფილი. ბარაქალა მსახიობებს, მაგრამ რეჟისორმაც სერიოზულად იმუშავა. ვიწრო, ჩაკეტილ სივრცეში ამდენი ხანი მაყურებლის ყურადღება მიიქციო ისე, რომ არ დაღალო, ტონუსი შეინარჩუნო, იშვიათია.

გოცირიძეების ოჯახი იქცევს ყურადღებას, ანი ტყებუჩავა და ლევან ყოჩიაშვილი...

- სერიალის მიღმა რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

- ახალ სპექტაკლში არ ვიცი, მივიღებ თუ არა მონაწილეობას, თუმცა მაქვს ძველი რეპერტუარიდან კარგი სპექტაკლი "12 განრისხებული მამაკაცი", რომელშიც ვმონაწილეობ. ყველას გვიყვარს ეგ წარმოდგენა და ამ ზაფხულს გასტროლებით რაჭაში ვიყავით (ამბროლაური, ონში) - ხალხმა ძალიან გაიხარა და გაირკვა, რომ რუსთაველის თეატრი აქამდე იქ ასეთ გასტროლზე არ ყოფილა. ეტყობა, სცენა არ იძლეოდა ამის საშუალებას.

ჩვენც კმაყოფილები წამოვედით, ისინიც ბედნიერები დავტოვეთ. თეატრის მსახიობისთვის ტაშის ფასი არაფერია - ეს ჩვენი ნამუშევრის ყველაზე დიდი შემფასებელია.

ზურაბ ანთელავა:

- ყველგან, სადაც არ მივდივარ: ფოთში, ზუგდიდში, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ქუჩაში თამამად ვერ გავდივარ, კვაზი მატკავამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება! მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი დამსახურება არ არის, ვფიქრობ, რომ მთავარია, როგორ დაწერს და როგორ შემოგვთავაზებს სცენარისტი ქეთი დევდარიანი.

მე-15 სეზონის სიუჟეტი ისე დამთავრდა, რომ იარაღით ხელში ტყეში დგას კაცი და გადაწყვიტეთ, როგორ განვითარდება მოვლენები... ვერ გეტყვით, რა შეიძლება მოხდეს. იმდენად მრავალხაზიანია თითოეული პერსონაჟის ცხოვრების არსი, ისეთი ტემპო-რიტმით მიმდინარეობს, ისეთი შინაგანი და გარეგანი მოვლენები მოქმედებენ მის სახეცვლილებაზე, რომ ნამდვილად არაფრის თქმა შემიძლია.

- მოლოდინი გაქვთ, რომ ახალ სეზონზეც ჩაერთვებით „ჩცდ“-ში და თქვენი გმირის გზა გაგრძელდება?

- ალბათ, მაგრამ ხომ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ამ პერსონაჟის რეიტინგზე. რამდენად მოთხოვნადია ამ ხაზის გაგრძელება. შეიძლება, უფრო მეტი პრობლემატური საკითხია წარმოსაჩენი? ავტორს ხომ ზუსტად საზოგადოების პულსზე უდევს ხელი?! ქეთი ყველაფერს ისე წერს, ისე მიჰყავს სიტუაცია, რომ კარგად იცის ამ პულსაციას რა უხდება, თუნდაც ის, კვაზის ხაზის გაღრმავება საჭიროა თუ არა.

- სერიალის მიღმა შემოქმედებით სიახლეებზეც გვესაუბრეთ...

- ფოთის თეატრში ვიყავი მიწვეული სპექტაკლში "ერთხელ საქართველოში", "რწყილი და ჭიანჭველას" მიხედვით მიუზიკლი ნიკა საბაშვილმა დადგა. რამაზ იოსელიანია ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მან მიგვიწვია - მე, ვანო იანტბელიძე, და ლაურა რეხვიაშვილი. სამივე ჯგუფელები ვართ. სასიამოვნოა, რომ ახლაც, ამ ასაკში, ერთად დავდექით სცენაზე. სპექტაკლის წარმატებული პრემიერა ჯერ თბილისში გვქონდა, შემდეგ - გორში. შესანიშნავი მიუზიკლი გამოვიდა.

სიახლე ჩემსკენ კიდევ ის არის, რომ ამ წლის მარტიდან, საცხოვრებლად ზუგდიდში გადავედი - ფესვებს დავუბრუნდი. ზუგდიდის თეატრის მსახიობი გავხდი, სპექტაკლებში ჯერ არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი წავიდა თეატრიდან, ვაკანსია გამოცხადდა და კონკურსში ვმონაწილეობ.

ასევე ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში კონსულტანტ-რეჟისორი ვარ, პარალელურად სიღნაღის მუნიციპალურ თეატრშიც ვარ, ახლა გასტროლზე იტალიაში მიდიან და ამ კონკურსის გამო ვერ მივყვები, ვარ ასევე სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მსახიობი...

- ამდენი რეგიონის თეატრს ასე ახლოს იცნობთ, რა სიტუაციაა რეგიონებში თეატრალური მიმართულებით?

- სახელმწიფომ თუ არ მიაქცია თეატრს ყურადღება, სხვანაირად არაფერი გამოვა. თეატრი ერთადერთი ყველაზე კულტურული ცენტრია, რომელსაც შეუძლია თქვას, თუ რა გადაარჩენს ქვეყანას, როგორ შეიძლება მკურნალობა და ქვეყნის სენის მორჩენა.

თეატრი იყო, არის და იქნება ფლაგმანი კულტურული სიმაღლეების, მაგრამ თუ მას არ მიეცა საშუალება, თუ ბიუჯეტი არ გაუზარდეს, მაყურებლის მისაზიდად ღონისძიებები არ ჩატარდა, არაფერი გამოვა.

მსახიობი უნდა იყოს ბედნიერი და არა მშიერი, მშიერ მსახიობს მაყურებელი არ უნდა უყურებდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ! იმედი მაქვს, რომ თეატრს ყურადღება მეტად მიექცევა

- რას უსურვებთ "დაქალებს" ახალი სეზონის წინ?

- საინტერესო სიუჟეტებს. რომელ მსახიობებს შეხვდებით, ეს არ ვიცი, ვნახოთ. ყველას წარმატება მინდა ვუსურვო. პროექტი იმდენად წარმატებული და რეიტინგულია, რომ უნდა შეინარჩუნოს ეს ყველაფერი. ამ პროდუქტის დაკარგვა არ შეიძლება და არც არავინ დაკარგავს. მაყურებელიც დიდი ინტერესით ელოდება. ავტორი და შემოქმედებითი ჯგუფი ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალ არხზე საინტერესოდ დაბრუნდეს.