ავტორი:

"ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნებაა, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა" - აპირებს თუ არა თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტობას?

"ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნებაა, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა" - აპირებს თუ არა თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტობას?

ტელეწამყვანმა და ბიზნესლედიმ თინა კანდელაკმა Sputnik Грузия-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებსა და ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"ის რომ 2012 წელს ამბობდნენ, ჩემი ქართულ პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე, სპეკულაცია იყო და ეს ხდება რეგულარულად. აქტიური სამოქალაქო პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაში წასვლას ვაპირებ.

მე ძალიან მკვეთრი პოზიცია მაქვს: ვთვლი, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნება, რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, არის ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან, თუმცა ამას როგორ შევძლებთ არ ვიცი.

ამ კითხვაზე პასუხი რომ მქონდეს, რომ ვიცოდე როგორ ვუხელმძღვანელო, როგორი ნაბიჯები გადავდგა და ვიყო დარწმუნებული შედეგში, ავდგებოდი და ვიტყოდი: იცით, მე მინდა დავბრუნდე საქართველოში და ვუხელმძღვანელო ამ პროცესს, მაგრამ სამწუხაროდ, არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე. ვიმედოვნებ, საქართველოში ვინმე უხელმძღვანელებს საგარეო პოლიტიკის დალაგების პროცესს, რაც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

აი, პრემიერი მამუკა ბახტაძე იყო, ახლა ახალი პრემიერი ჰყავს საქათველოს, ბატონი გახარია. ეს დიდი გამოცდაა. ყოველ ჯერზე პოლიტიკაში ახალ პრემიერს ან პრეზიდენტს ხვდებიან აღფრთოვანებით და აცილებენ სამარისებური მდუმარებით, იმიტომ რომ ნდობის ხარისხი უცებ ეცემა. ქართულ პოლიტიკაში კი ეს ფორმულა - სიყვარულიდან სიძულვილამდე, კარგად მუშაობს" - ამბობს ინტერვიუში კანდელაკი.

ჟურნალისტ ალექსეი სტეფანოვის კითხვაზე, რომ შესთავაზონ საქართველოს პრეზიდენტობა, რამდენ ხანს იფიქრებდა, ტელეწამყვანი პასუხობს:

"მაშინვე ვუპასუხებდი - არა. პირველი, იმიტომ რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. მეორე - როდესაც, სალომე ზურაბიშვილი მოვიდა ამ პოსტზე, ამბობდნენ რომ, ეს არის გამოჩენილი ქალი, ევროპაში მუშაობის გამოცდილებით. მაგრამ, დარწმუნებული ვარ ბევრი ქართველი იზიარებს ჩემს მოსაზრებას - არაფერი აღსანიშნავი მას პრეზიდენტის რანგში ჯერ არ გაუკეთებია. მის მიმართ ბევრი შეკითხვა დაგროვდა და საუბარია იმპიჩმენტზეც.

ყველაზე ხშირად მეკითხებიან: როგორ ასწრებთ ყველაფერს? ვისარგებლებ შემთხვევით და პრეზიდენტობის შესახებ დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ: იცით რატომ ვასწრებ? მხოლოდ იმას ვაკეთებ, რისი გაკეთებაც ყველაზე კარგად შემიძლია.

მე შემოქმედი ადამიანი ვარ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. სანამ იქ ბოლომდე არ გამოვავლენ ჩემს შესაძლებლობებს, იქამდე შეგიძლიათ ჩემზე არ ინერვიულოთ - საქართველოში არც პრეზიდენტად და არც პრემიერად მოსვლას არ ვაპირებ. ხოლო, როცა ისე მდიდარი ვიქნები, როგორც ტრამპი, ამის შესახებ გაიგებთ და მერე ვისაუბროთ", - განმარტა თინა კანდელაკმა sputnik-georgia-სთან საუბრისას.