ავტორი:

რას ყვება უმძიმეს განსაცდელზე მსახიობი, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა - "ამ ისტორიით ბევრს მივცემ ძალას, სანამ ცოცხალი ხართ არ გაბედოთ სიკვდილი!"

რას ყვება უმძიმეს განსაცდელზე მსახიობი, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა - "ამ ისტორიით ბევრს მივცემ ძალას, სანამ ცოცხალი ხართ არ გაბედოთ სიკვდილი!"

მსახიობი ვეკო ბუჩუკური საზოგადოებამ წლების წინ რეალითი შოუდან "ჯეობარი" გაიცნო. შოუს დამთავრების შემდეგ, მსახიობი აკეთებდა საყვარელ საქმეს, დაოჯახდა, შეეძინა შვილი და მაშინ, როდესაც მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო, მოულოდნელად ტკივილმა შეაწუხა...

დიაგნოზი მძიმე აღმოჩნდა - ლეიკემია, რომელიც საქართველოში ბოლომდე ვერ დაამარცხა და საშინელ სენთან საბრძოლველად საფრანგეთში მოუწია სამუდამოდ გადასვლა.

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ვეკო ბეჩუკური იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, რომლის გადატანაც დაავადების გამო მოუხდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბრით, სურს სხვებისთვის კარგ მაგალითად იქცეს:

"ყოველ ჯერზე ვფიქრობ, ამ თემაზე ლაპარაკი ბოლოა-თქო, მაგრამ ვხვდები, რომ ამ ისტორიით ბევრს მივცემ ძალას, რომ სანამ ცოცხალი ხართ, არ გაბედოთ სიკვდილი! ჩემი ისტორია, ალბათ, ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავს, ვიდრე უბრალოდ ამბავს.

2014 წლის მარტში ძვლების ტკივილმა შემაწუხა, ამას თან ერთვოდა სიცხე, სისუსტე და ყელის ტკივილი, სიმპტომი იყო თითქოს გაციებული ხარ. მაშინ მსახიობობის გარდა, დამატებით ცეკვის ტრენერად ვმუშაობდი. სისუსტის გამო ვიფიქრე, დროებით შევწყვეტ ვარჯიშს და დავისვენებმეთქი, რა ვიცოდი ჩემი დასვენება დიდხნიანი აღმოჩნდებოდა...

ბევრი ანალიზებისა და ექიმებთან ვიზიტის შემდგომ, მივედი ჰემატოლოგთან, არაჩვეულებრივ ექიმთან თამარ მაკალათიასთან, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ. საბოლოო დიაგნოზი ოქტომბერში დაისვა. მახსოვს კადრი, ფურცელი - ეკატერინე ბუჩუკური 29 წლის, დიაგნოზი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია B2...

იმ წუთას მთელმა ჩემმა ცხოვრებამ კადრებად ჩაიარა, გაქცევა მინდოდა სხვა სამყაროში, სადაც ჩემი ისტორიის ეს ნაწილი სხვანაირად დაიწერებოდა. ჩემი მეგობრების, ახლობლების, მეზობლების თვალებში შიშს ვხედავდი, აი, რომ გიყურებენ და ეცოდები იმიტომ, რომ განწირული გონიხარ ყველას, ჩუმად გამიგია კიდეც ლაპარაკი - "აუ, რა ცოდოა, ჯერ ახალგაზრდაა"...

- ძალიან მძიმე იქნებოდა ამის გადატანა ფსიქოლოგიურად...

- იმ მომენტში ყველაფერმა ფასი დაკარგა მხოლოდ სიცოცხლის წყურვილი მახრჩობდა და ჩემს შვილზე ფიქრი. რა მოხდება მე რომ მოვკვდე? ვფიქრობდი ჩემს განვლილ გზაზე, არ მინდოდა ვინმეს შევცოდებოდი, არ მინდოდა ვინმეს ვეგლოვე, თავი ფილმის გმირი მეგონა, სადაც ბრძოლაში გამარჯვებული აუცილებლად მე უნდა ვყოფილიყავი.

ამ ფიქრებში პირველი ქიმიის კურსიც მოახლოვდა, რომელიც ზურგის ტვინში გაკეთდა. "ეს დაცვითია"- მითხრა ექიმმა, რომ ძვლის ტვინიდან სიმსივნე უკან არ გადასულიყო. ტირილში ვათენებდი, მინდოდა დიდხანს მეყურებინა ჩემი შვილისთვის, რომელიც მაშინ 1,7 წლის იყო.

ერთ დღეს ჩავიხედე სარკეში და ვთქვი: ვეკო შენ გაიმარჯვებ, შენ ყველაზე ძლიერი ხარ, შენ ყველაზე მაგარი ხარ, პრედლიზოლონი? ქიმია? არაფერია ესეც ხომ უნდა გეცადა... და დაიწყო მკურნალობის გრძელი გზა

თვეში ერთხელ ქიმია, ქიმიის მერე აპლაზია და ისევ საავადმყოფო... გული მეკუმშებოდა იქაურობის სუნზე, საწოლზე. გარეგნულად რამდენიმე თვეში ძალიან შევიცვალე, თმა გამცვივდა, სახე და მუცელი დამისივდა. რომ ვუყურებდი ჩემს თავს, სხვა მეგონა, ამან ახალი დეპრესიის ტალღა წამოიღო, სახლიდან აღარ მინდოდა გასვლა.

- საქართველოდან საფრანგეთში როგორ მოხვდი?

- ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი ვიმკურნალე საქართველოში, 1,5 წელი ალბათ, შედეგი კარგი იყო. იყო სრული რემისია. უარი ვთქვი ქიმიის დანარჩენ კურსზე და შევწყვიტე, უბრალოდ აღარ შემეძლო. ვიფიქრე, მორჩა ეს მე შევძელი, თუმცა ექიმმა გამაფრთხილა, რომ დაავადება შეიძლება დაბრუნებულიყო და შემდეგ აუცილებელი იქნებოდა ძვლის ტვინის გადანერგვა.

ორი წელი "ვიგულავე". ჩავდექი ისევ ფორმაში, დავიკელი წონაში, მივედი ფიტნეს დარბაზში, დავიწყე აქტიურად ვარჯიში. მოკლედ, ამაყი ვიყავი ჩემი თავით, რომ იმან ვერ გაიმარჯვა ჩემზე, მაგრამ გულში სულ რაღაც მიღიტინებდა, ვგრძნობდი რომ რაღაც მქონდა წინ...

2018 წლის მარტში გამიჩნდა სისხლჩაქცევები სხეულზე, უკვე მივხვდი რაც იყო, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება. მივედი ისევ თამარ მაკალათიასთან, გავიკეთე ძვლის ტვინის ბიოფსია და ტელეფონმა დარეკა - ექიმის ხმა: "ვეკო, ლიმფოციტოზია დაწყებული, მოდი დავილაპარაკოთ..."

საქართველოში ძვლის ტვინის გადანერგვა არ კეთდება... გავრცელდა ისევ სტატიები, ფოტოები, დავეხმაროთ ვეკო ბუჩუკურს. გული მეკუმშებოდა ამას რომ ვხედავდი... ეთო გუგავამ, რომელიც ჩემი ნათლიაა, დადო პოსტი თავის გვერდზე. ამის შემდეგ გამოჩნდა ეთოს მეგობარი, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში და ახლა ჩემი მეგობარიცაა. მან მირჩია რომ წავსულიყავი, მირჩია კი არა, დამაძალა - რომ არა გიგას და ნატალიას ლაპარაკი, მე ალბათ აქ არ ჩამოვიდოდი.

საბოლოოდ გადაწყდა და 16.04.2018-ში 14:40 წუთზე თვითმფრინავი დაფრინდა შარლ დე გოლის აეროპორტში. ჩამოვედი სულ მარტო, არავინ არც ოჯახის წევრი, არც მეგობარი, არავინ არ მყავდა აქ. მხოლოდ მამაჩემის მეგობარი მანუჩარ ოშხარელი დამხვდა, ვინც დამეხმარა ყველაფრში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას და მის ოჯახს.

- საფრანგეთში როგორ მიგიღეს?

- მეორე დილით მოვხდი საავადმყოფოში. ანალიზები ძალიან ცუდი იყო ბლასტი (სიმსივნური უჯრედი) 90% იყო სისხლში, საავადმყოფომ აღარ გამომიშვა, იწყება ჩემი ცხოვრების საერთოდ განსხვავებული ეტაპი, მაგრამ მე არ მეგონა, რომ აქ ცხოვრება მომიწევდა, ვამბობდი, გადავინერგავ და წავალ.

10-დღიანი ანალიზების და გამოკვლევის შემდეგ, ექიმმა მითხრა, რომ გადარჩენის 20% არსებობდა, თუმცა მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ გადანერგვა ჩემთვის აუცილებელია, იმიტომ რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა ბლასტომა.

სამ დღეში გადამიყვანეს სტერილურ ოთახში. ავდივარ მესამე სართულზე, ჰემატოლოგიის განყოფილებაში, ყველა შეფუთული მხვდება, კართან დუში იყო, გავიხადე და დავიბანე და მომცეს სტერილური პიჟამოები, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საკონცენტრაციო ბანაკში შევდიოდი. დამეწყო ისტერიკული ტირილი. მივხვდი, რომ თავის გადარჩენა იყო, ჩემი სოციალურ ქსელთან ურთიერთობა და წიგნების კითხვა. შეჭმული მყავდა მეგობრები, ხან ვის ვურეკავდი, ხან ვის.

მერე დავიწყე ლაივების ჩაწერა, აქტიური გავხდი "ფეისბუქზე" რომ დრო გამეყვანა, მაგრამ დღეები უსასრულოდ იწელებოდა. არ შეიძლებოდა დაბანა, მწმენდნენ, ვიცვლიდი ყოველდღე პიჟამოს. იყო ძალიან დიეტური კვება. პირველი ქიმიის კურსი რომ ჩავამთავრე, ექიმმა მითხრა - გილოცავ, რემისიაში ხარო. აღარ იყო სიმსივნური უჯრედი ორგანიზმში, მაგრამ გადასანერგად დონორს ვერ შოულობდნენ.

- რთული პროცედურაა ძვლის ტვინის გადანერგვა

- დიახ, 2018 წლის ივლისის ბოლომდე ქიმიები მიკეთეს და შემდეგ ოთხი დონორი მიპოვეს. ხალხი წლები ელოდება დონორს... ოპერაციისთვის სხვა ქალაქში გადამიყვანეს. იქ დამხვდა ერთი ქართველი გოგო - ლალი თედიაშვილი და ის დღეს ჩემს გვერდით არის როგორც დედა, და, ღმერთმა გამომიგზავნა და მას ყოველთვის მადლობას გადავუხდი!

2018 6 სექტემბერს გადამინერგეს, ჩემი დონორი 30 წლის ამერიკელი ბიჭია. 15-20 წუთი მიმდინარეობდა პროცედურა და რომ დამთავრდა გავითიშე - ერთი კვირა მეძინა. იმ დღეებში მხოლოდ დედაზე ვფიქრობდი, რომელიც რვა წლის წინ დაიღუპა, ასევე ჩემ შვილზე, რომლისთვისაც უნდა მეცოცხლა.

15 ოქტომბრამდე სტერილურ ოთახში ვიყავი, ბავშვი უნდა ჩამომეყვანა, მაგრამ რომ მეგონა ამის მერე კარგად ვიქნებოდი, პირიქით, ყველაზე მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უმოქმედო ვიყავი. გარეგნულად საშინლად ვიყავი შეცვლილი, 13 ნოემბერს ჩემი შვილი ჩამოვიდა და ბავშვი რომ ჩამოვიდა, ვერ მიცნო, წარმოგიდგენიათ ეს რამხელა ტკივილი იყო? მიჭირდა სიარული, დაჯდომა, ადგომა, ვერ ვბანაობდი.

სახლში რომ გამომწერეს, 50 მეტრსაც ვერ გავდიოდი. სულ წოლა მინდოდა. საფრანგეთის მთავრობამ გამომიყო დამლაგებელი, კვირაში ორჯერ მოდიოდა და სახლს მილაგებდა. რომ არა ჩემი შვილი, უფრო გამიჭირდებოდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ცხოვრებაში ვარ მარტო, ღმერთთან ერთად. არავინ მყავს, დედა გარდაიცვალა, მამას თავისი ოჯახი აქვს და ჰყავს ძალიან კარგი ცოლი.

სანდრო მანამდე ბებიასთან იყო, ჩემს ყოფილ დედამთილთან. შვიდი თვის მანძილზე იქ ცხოვრობდა. მე დ ჩემმა ქმარმა ვერ გავუგეთ ერთმანეთს და არ ვართ ახლა ერთად. ჯობია ასე ვიყოთ და შორიდან მოვიკითხოთ ერთმანეთი...

- ვეკო, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მიტოვებულად გრძნობდი თავს საფრანგეთში მკურნალობის პერიოდში.

- მეგობრებისგან ეს არასოდეს მიგრძვნია, დღემდე აქტიურად ჩემს გვერდით არიან, მაგრამ იყო გულისტკივილი და დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, ზოგი ძალიან ახლობელი ადამიანი ამას ვერ ხვდება. რატომღაც ფიქრობს, რომ არაფერიც არ მჭირს, თავს "მონებად" გრძნობენ, როდესაც შენ მათი დახმარება გჭირდება და კარს კეტავენ, ბოქლომს ადებენ და გარბიან შენი ცხოვრებიდან, რომ კიდევ რაიმე დახმარება არ სთხოვო. შენ ისევ მარტო რჩები შენს ფიქრებთან, ეს სამწუხარო რეალობაა...

- ახლა რა სტატუსით ცხოვრობ საფრანგეთში?

- ველოდები სამედიცინო საბუთს, ამის შემდეგ შემიძლია ყველგან წავიდე, მაგრამ საფრანგეთში მკურნალობის საშუალება მაქვს. საქართველოში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, იმდენად ეკლიანი გზა გავიარე, რომ არ მინდა... ვსწვალობ ფრანგულს, გეგმები მაქვს ჩემი პროფესიით და ვნახოთ თუ გამომივა.

ჩემი მიზანია, რომ ჯანმრთელი ვიყო, ჩემს შვილს ჰყავდეს დედა და ქართველებს ჰყავდეთ კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მათგანი დამეხმარა!

შსს: პარლამენტთან აქციაზე დაახლოებით 5 500-მდე მოქალაქე იმყოფებოდა

ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა

პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია - აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარვები გაშალეს