ავტორი:

ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დააკავეს

ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დააკავეს

რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველია.

ერთი პირი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული (1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა.), ხოლო სამართალმდაცველები ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით მიეცნენ პასუხისგებაში. კიდევ ერთ დაკავებულს, 1989 წელს დაბადებულ გიორგი გეთიაშვილს კი, რომელიც მოკლული მამაკაცის მეგობარია, ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა ედება.

გეთიაშვილის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.

უფლებადმცველმა AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი დაკავებული სამართალდამცველის ვინაობა დაასახელა:

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად ედება სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილი, რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო რაც შეეხება სამართალდაცველებს, მათ სსკ-ის 143-ე მუხლით ედავებიან, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ერთ-ერთი დაკავებული სამართალდამცველი რუსთაველია, ჩემი ახლობელია. 1992 წელს დაბადებული მიხეილ ღუბიანური. კიდევ ერთი დაკავებული მოქმედი სამართალდამცველიც მისი თანამშრომელია რუსთავიდან" - განაცხადა კობაიძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

AMBEBI.GE-ს წყარომ დანარჩენი ორი სამართალდამცველის ვინაობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული ყოფილი პოლიციელი 1989 წელს დაბადებული დიტო დუღაშვილია. ხოლო კიდევ ერთი დაკავებული მოქმედი სამართალდამცველია - შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელი 1981 წელს დაბადებული დავით მიროტაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის სქემა ასეთია:

გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს.

მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გიორგი გეთიაშვილს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს (მიხეილ ღუბიანურს, დავით მიროტაძე და დიტო დუღაშვილს).

"მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ-მ (გიორგი გეთიაშვილი) გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი - დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.-ს.

აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს.

დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.

მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ