ავტორი:

ვინ იყო ქალი, რომლის სილამაზემ რეზო გაბრიაძეს ცნობილი სიტყვები "ეჰ, თამუნია, თამუნია..." დააწერინა - "მასზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული"

ვინ იყო ქალი, რომლის სილამაზემ რეზო გაბრიაძეს ცნობილი სიტყვები "ეჰ, თამუნია, თამუნია..." დააწერინა - "მასზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული"

"ეჰ, თამუნია, თამუნია... ჩაგესმით ყანჩელისეული სევდიანი ჟღერადობა? იცით, ვინ თამუნიას მისტირის რეზო გაბრიაძე და ვის გამო შექმნეს ეს უმაგრესი მუსიკა?

ძირძველ ქუთაისელებს კარგად ემახსოვრებათ თამუნია გენძეხაძე... ღმერთო რა ლამაზი იყო ქალბატონი თამუნია! მე რომ მას ქუჩაში ავედევნებოდი, უკვე 70 წელს იყო მიღწეული, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, ისეთი არისტოკრატული, ისეთი ნაზი, ისეთი სათნო... ან რა ხმა ქონდა? რომ დაიწყებდა საუბარს, ეგრევე გაჯადოებდა. ან როგორ უხდებოდა სიგარეტი, ან როგორ სვამდა ჩაის 90-იანი წლების "ბისტროში" ზაირასთან ერთად.

- ქალბატონო თამუნია, წარმომიდგენია, მაშინ რა ლამაზი იქნებოდით, როცა რეზო გაბრიაძემ მისი გენიალური ფილმის სცენარისთვის დაწერა თქვენზე, ან რა შთაგონება ექნებოდა გია ყანჩელს?

- დათო დედიკო, არ გაიმეორო ეგ, არ არის მართალი... უხერხულია ბატონ რეზოსთან...

- მართალია, მართალი (დამიდასტურა ზაირამ).

ულამაზეს თამუნიაზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული. ვერც რეზო გაბრიაძე დარჩა გულგრილი... მერე ქალბატონი თამუნია გარდაიცვალა. ბოლომდე ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. ღმერთო, მისი მომაჯადოებელი ხმა ახლაც ჩამესმის ყურში. ზაირიკოც მოკვდა... ყანჩელის, ამ უდიდესი მაესტროს სიკვდილმა გამახსენა თამუნია გენძეხაძე... ეჰ, თამუნია, თამუნია" - ეს ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის მოგონებაა, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა, რითაც ბევრისთვის უცნობ ისტორიას ნათელი მოჰფინა...

გენიალური ფილმის "შერეკილების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის ბიძია-ბაბუას სატრფოს, ულამაზეს თამუნიას პროტოტიპი ჰყოლია და სწორედ მას მიუძღვნა გენიალურმა რეზო გაბრიაძემ ის სტრიქონები...

დათო ლიკლიკაძის დახმარებით AMBEBI.GE-მ თამუნა გენძეხაძის ქალიშვილი, თიკო ინოზემცევა იპოვა და ვეცადეთ, ამ ულამაზესი ქალბატონის ისტორია მოგვეთხრო მკითხველისთვის...

თამუნა გენძეხაძის ქალიშვილი, თიკო ინოზემცევა

ქალბატონი თიკო თამუნა გენძეხაძის ერთადერთი ქალიშვილია ისევე, როგორც თავად თამუნა იყო მშობლების ერთადერთი შვილი:

"ქუთაისში ძალიან ცნობილი ბებია და ბაბუა მყავდა - ილია გენძეხაძე წლების განმავლობაში ქუთაისის განათლების განყოფილების გამგე იყო, ბოლო 23 წელი კი პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი გახლდათ და ულამაზესი მეუღლე (ბებიაჩემი) კუჩხა ლორთქიფანიძე ჰყავდა.

ბებოსთან, კუჩხასთან დაკავშირებით ასეთ ამბავს იხსენებენ ქუთაისელები: ვერიკო ანჯაფარიძის 80 წლის იუბილე ქუთაისშიც აღნიშნეს. მაშინ ქუთაისის კულტურის განყოფილების გამგე გიული ლორთქიფანიძე იყო და მისი ინიციატივით გადაწყდა, რომ მსახიობისთვის პატარა თეატრალური წარმოდგენა გაემართათ - ვერიკოს ქალაქის შემოსასვლელთან ეტლი დაახვედრეს, სადაც ორი ძირძველი ქუთაისელი იჯდა. ესენი იყვნენ: ჩემი ბებია კუჩხა ლორთქიფანიძე და საშურა კვიტაშვილი.

ისინი დახვდნენ ეტლით და საპატიო სტუმარი ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრთან მიაცილეს. გიული ლორთქიფანიძე ჰყვება, ქალბატონი ვერიკო ეტლიდან რომ გადმოვიდა, თქვა - ეს რა საოცარი ქალი ჩამისვით ეტლში, დავმუნჯდი, ხმა ვერ ამოვიღე, მთელი გზა მხოლოდ ამ ქალის სილამაზეს ვუცქერდიო" - მოგვითხრობს თიკო ინოზემცევა.

თამუნა გენძეხაძე

მისი თქმით, ამ ადამიანების ერთადერთი შვილი თამუნა ბავშვობიდან ძალიან ლამაზი, ბეჯითი და ნიჭიერი გოგონა იყო... სკოლის ასაკში თავისი თანაკლასელი დათო ინოზემცევი შეუყვარდა და 16 წლის ასაკში გაიპარნენ... დათოს მამა, კოლია ინოზემცევი ქუთაისში ცნობილი კაცი ყოფილა, წლების განმავლობაში წყალტუბოს პროკურორი.

"ქუთაისში ახალგაზრდების გაპარვის ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 1956 წელი იყო და მეცხრეკლასელების დაოჯახება წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა?! დაინგრა ქუთაისი, თან, ბაბუა სიკმაცრით განთქმული პედაგოგი იყო... ჯერ ერთი არავის სჯეროდა, რომ შეიძლებოდა, 16 წლის გოგო გათხოვილიყო და მეორე ის, რომ ბაბუაჩემს გაეპარა ქალიშვილი სახლიდან...

დედა და მამა დიდი სიყვარულით შეუღლდნენ, მაგრამ ადრე დაშორდნენ. დედას ცხოვრებაში ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ერქვა მისი ქმარი, აღარ გათხოვილა. გავჩნდი მე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - დედაჩემის სიცოცხლე მეკუთვნოდა მე! მიწებებული ვიყავი მასზე, ჩემ გარეშე არსად მიდიოდა, ყველგან თან ვახლდი და მასთან ერთად ყოფნა ჩემთვის მუდმივი კომფორტი იყო. მსიამოვნებდა მასთან საუბარი, რადგანაც ის იყო ძალიან ჭკვიანი და გულისხმიერი ადამიანი" - იხსენებს თამუნია გენძეხაძის ქალიშვილი.

დედა-შვილი: თამუნა და თიკო

- ვინ იყო პროფესიით?

- ჯერ ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა, შემდეგ კი კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტი დაამთავრა, პიანისტი გახლდათ. 23 წლის ასაკიდან მუსიკალური წრის გამგე იყო, ბოლოს ხელოვნების სტუდიის დირექტორი. უზომოდ უყვარდა ქუთაისი და ქუთაისიც სიყვარულით პასუხობდა მას. პატარა გოგონებს, მშობლები მის პატივსაცემად თამუნას არქმევდნენ...

მეც კონსერვატორია მაქვს დამთავრებული და მეც პიანისტი ვარ, არ მქონდა ცუდი შედეგები, კონკურსების ლაურეატი ვიყავი... ოჯახმა თბილისში ბინა მიყიდა და დედაქალაქში დავფუძნდი, სოლოლაკში ახლაც იმ სახლში ვცხოვრობ... შემდეგ გავთხოვდი. ჩემმა მეუღლემ, რომელსაც დედაჩემთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, უთხრა - შეუძლებელია ჩვენი ცალ-ცალკე ცხოვრება, თამუ, შენ ჩვენთან ერთად უნდა იყო, თბილისში უნდა გადმოხვიდეო, მაგრამ დედა ვერაფრით შეელია ქუთაისს. იქ ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა თამუნა...

ხიდის თავში კაცი იჯდა ხოლმე და დედა ყოველ გავლაზე კანფეტებს ჩუქნიდა, ისიც ელოდებოდა, როდის გამოივლიდა... ქუთაისის ქუჩებში რომ მივდიოდით, მომიბრუნდებოდა და მეტყოდა: დედა, როგორ დავტოვო ეს ქალაქი? ამ ხალხს როგორ გავექცე? ერთადერთი რაზეც ვეჭვიანობდი, ეს ქუთაისი იყო, დედა სიცოცხლის ბოლომდე იქ იყო, არ დაუტოვებია ეს ქალაქი.

- რა ასაკში გარდაიცვალა?

- 70 წლის გახლდათ. 1939 წელს იყო დაბადებული ახლა 80 წლის იქნებოდა... არ უყვარდა ექიმთან მისვლა, წამლები, კვლევები, რაღაც დაავადება გაურთულდა და 2 თვეში გარდაიცვალა. თუმცა, ძალიან ჯანმრთელი ადამიანი იყო...

- საოცარი სილამაზის, გარეგნობის ქალბატონი ყოფილა, თქვენთვის ეს რას ნიშნავდა, რომ ასეთი ქალის შვილი იყავით?

- მისთვის ეს არაფერს ნიშნავდა, რადგანაც ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები ჰქონდა. მის სილამაზეს მეც შეჩვეული ვიყავი და ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ საკმარისი იყო, სადმე გამოჩენილიყო, უცხო ადამიანები აბსოლუტურად შოკირებულები რჩებოდნენ, განსაკუთრებით მამაკაცები. ვეუბნებოდი: მემუარები უნდა დაწერო შენს თაყვანისმცემელ კაცებზე-მეთქი. მთავარი ის იყო, რომ დედას მიმართ ყველა მამაკაცს მოკრძალებული დამოკიდებულება ჰქონდა, ალბათ დროც იყო ასეთი, მაშინ იცოდნენ კაცებმა ქალების პატივისცემა...

ერთ ზაფხულს ბათუმში, "ინტურისტში" ვისვენებდით. ორი კვირა ვიყავით იქ და ამ ხნის განმავლობაში ვიღაც ახალგაზრდა ბიჭის ხელით ყოველდღე 15 ვარდს უცნობი თაყვანისმცემელი აგზავნიდა. ჩვენი ნომერი გავსებული იყო ვარდებით. იქიდან ისე წამოვედით, ვარდების გამომგზავნის ვინაობა ვერ გავიგეთ...

დედასთვის ბევრს ლექსიც მიუღვნია, სხვათა შორის, პოეტმა ლილი ნუცუბიძემ არაჩვეულებრივი ლექსი დაუწერა... ხომ გეუბნებით, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავადა, მათ შორის, ცნობილი, უცნობიც, მაგრამ მას არასდროს გაუხედავს მათკენ, ჰყავდა ერთი ქმარი და ის იყო მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული, მამაჩემი, რომელსაც ვერ აჯობა ვერავინ და ვერაფერმა...

სხვათაშორის, დედას გარეგნობით ძალიან ჰგავს ჩემი ქალიშვილი - თამუნა ონიანი.

- დედათქვენი, როგორც ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძისგან შევიტყეთ, გენიალური ფილმის "შერეკილების" სცენარისთვისთვის, რეზო გაბრიაძის შთაგონების წყარო ყოფილა...

- რა თქმა უნდა, ეს ამბავი ვიცოდი, მაგრამ სანამ დედა ცოცხალი იყო, ამ ისტორიის გახმაურების უფლებას არავის აძლევდა! არ სურდა, არ სიამოვნებდა, ძალიან ერიდებოდა ბატონი რეზოსი... თუ მას უნდა, თვითონ იტყვის, ვინ არის მისი შთაგონების წყაროო და ამით მთავრდებოდა მისი კომენტარი ამ თემაზე. ამიტომაც, სანამ ცოცხალი იყო, ეს ინფორმაცია არსად გაჟღერებულა...

დათოს მადლობელი ვარ, რომ ამ სტატუსით კიდევ ამოწია ეს თემა, ქუთაისმა ეს ამბავი კარგად იცოდა, მაგრამ ამაზე არავინ არასდროს ლაპარაკობდა. თუმცა, ამ ამბის გახსენებით, დედა თავის ლამაზი ისტორიებით, თითქოს გაცოცხლდა... ფილმში კი იმ ვარდის დავარდნით, გენიალური ეპიზოდი შეიქმნა...

გამოძიებამ 8 თვეა ვერ დაადგინა 28 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზი - "მეგობარს სწერდა, რა გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და არ აქცევდნენ ყურადღებას"

ტემპერატურა დაიკლებს და გაწვიმდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ბიძინას მონებო, ვირთხებო" - აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ