ავტორი:

"ეს საგანგაშო სიგნალები, ვერაგ თამაშში ჩართულობაზე მიუთითებს" - დედა, რომლის თქმით, მისი 13 წლის შვილი "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლია, მშობლებს აფრთხილებს

"ეს საგანგაშო სიგნალები, ვერაგ თამაშში ჩართულობაზე მიუთითებს" - დედა, რომლის თქმით, მისი 13 წლის შვილი "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლია, მშობლებს აფრთხილებს

ბოლო პერიოდში საზოგადოებას სულ უფრო ხშირად აშფოთებს ინფორმაცია ინტერნეტში ე.წ. სასიკვდილო თამაშების არსებობის შესახებ.

ერთი თვის წინ თერჯოლის მუნიციპალიტეტში 14 წლის ბიჭის თვითმკვლელობას, ახლობლები სავარაუდოდ, თამაშ „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ. არასრულწლოვნების სუიციდის კიდევ რამდენიმე შემთხვევას აიგივებენ აღნიშნულ თამაშთან, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ დადასტურებულა, კონკრეტულად რამ გამოიწვია ასეთი ტრაგიკული შედეგი...

ნანა ბერძენიშვილი 20017 წელს გარდაცვლილი 13 წლის გოგონას დედაა. ელენე ორი წლის წინ მაღალსართულიანი კორპუსის მე-13 სართულიდან გადმოხტა...

დაღუპული მოზარდის დედა შვილის სიკვდილს ინტერნეტთამაშს უკავშირებს და მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

"სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, რის გამოც შეიძლებოდა ელენეს ეს გაეკეთებინა... გარკვეული ცვლილებები შეინიშნებოდა, თუმცა საგანგაშო რომ რამე შემეტყო, ახლა ამ თემაზე საუბარი არ მომიწევდა...

ჩაკეტილობა, ინტერესის გაქრობა ყველაფრის მიმართ, მეგობრების ჩამოშორება, ინტერნეტსივრცეში დიდი დროის გატარება, მობილურ ტელეფონთან მიჯაჭვულობა - ეს ის სიმპტომებია, რაც შეიძლება მოზარდის გარდატეხის ასაკის თავისებურებებად მივიჩნიოთ, ამიტომ არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ინტერნეტთამაში გამხდარიყო ამ ცვლილებების მიზეზი.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ელენემ უარი თქვა ზღვაზე წასვლაზე, არადა ძალიან უყვარდა ზღვა. გვეუბნებოდა, რომ საცურაო კოსტიუმებს არ ჩაიცმევდა. ახლა რომ ვაანალიზებ, როგორც ჩანს, დაზიანებები ჰქონდა სხეულზე და არ უნდოდა ეს გამოჩენილიყო...

მინდა მშობლებს მოვუწოდო: ძალიან დიდი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინონ! ყველაზე საგანგაშო სიგნალები, რაც ამ ვერაგ თამაშში ჩართულობაზე მიუთითებს, არის ინტერნეტთან დიდი დროის გატარება, განსაკუთრებით ღამის საათებში, ასევე, ჩაცმულობის სტილის შეცვლა - ცდილობენ ისეთი ტანსაცმელები ჩაიცვან, რომ მთელი სხეული დაფარული ჰქონდეთ, რადგან თვითდაზიანება, რომელიც ამ თამაშის ერთ-ერთი მთავარი დავალებაა, არ გამოჩნდეს", - გვეუბნება ნანა ბერძენიშვილი.

გარდაცვლილი მოზარდის დედა მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ საშიშროების მიმართ. "მშობლებმა უნდა დაიჯერონ, რომ "ლურჯი ვეშაპი“ არსებობს და საფრთხე რეალურია" - ამბობს შვილმკვდარი დედა.

ამასთან, იგი სახელმწიფო უწყებების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას:

"უკვე მერამდენე შემთხვევა, რომ მოზარდების თვითმკვლელობების წამყვან ვერსიად განიხილება ეს საზარელი ინტერნეტთამაში. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა სისტემურ დონეზე ებრძვის უკვე ამას. საჭიროა, განათლების სამინისტრომ გამოიჩინოს ინიციატივა, რათა სკოლებში გავრცელდეს ინფორმაცია ასეთი თამაშების შესახებ. უნდა მოქმედებდეს ცხელი ხაზი, სადაც ექნება დარეკვის და კონსულტაციის მიღების საშუალება როგორც მოზარდს, ისე მშობელს თუ პედაგოგს.

ძალიან დიდი პრობლემაა ფსიქოლოგების ხელმისაწვდომობა, რაშიც სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ოჯახებს. საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეიმუშაონ უფრო ეფექტური გამოძიების და პრევენციის მექანიზმები“ - აცხადებს ნანა ბერძენიშვილი.

რაც შეეხება ელენეს გარდაცვალების საქმეს, შსს მას უკვე ორი წელია იძიებს. საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამ საქმის გარდა, ათეულობით საქმეა აღძრული მოზარდთა სუიციდის ფაქტზე, სადაც თვითმკვლელობის ვერსიად ინტერნეტთამაში მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო უწყება თამაშის არსებობას რეალურად მიიჩნევს და მას გამოძიების პროცესში ერთ-ერთ ვერსიადაც განიხილავს, „ლურჯ ვეშაპთან“ სუიციდის კავშირი არცერთ საქმეში ჯერ არ დადასტურებულა.

რამდენიმე თვის წინ აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ ვრცელი განცხადებაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში დაწყებულია გამოძიება ონლაინთამაშ - „ლურჯი ვეშაპის“ შემქმნელების მიერ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის, ასევე, კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე.

„გამოძიების პროცესში პოლიციამ დეტალურად შეისწავლა უკლებლივ ყველა შეტყობინება, რომელიც შეეხებოდა სკოლის მოსწავლეების მიერ „ლურჯი ვეშაპის“ შესაძლო თამაშის ფაქტებს. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურს მიეცა მითითება, თუკი რომელიმე მოსწავლეს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებას - მათ შორის, ნაკაწრის სახით - შეამჩნევდნენ, პოლიციისთვის ეცნობებინათ.

სამართალდამცველებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, რამდენიმე ათეული არასრულწლოვანი გამოკითხეს. გამოძიება, თითოეული შეტყობინების თუ განცხადების საფუძვლიანად და სიღრმისეულად გამოძიების მიზნით, გარდა არასრულწლოვანთა გამოკითხვისა, აქტიურად იყენებდა კვალიფიციური ფსიქოლოგების დახმარებას.

ასევე, განხორციელდა არასრულწლოვნების სოციალური ქსელის პირადი პროფილების, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების დათვალიერება. ამასთან, მიმდინარე გამოძიების პროცესში არაერთი სხვა კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, დღეის მდგომარეობით, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ქართულ ინტერნეტსივრცეში ე.წ. ონლაინთამაშ "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა" - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

ნანა ბერძენიშვილი ყვება, რომ შვილის თვითმკვლელობის შემდეგ, ის საფუძვლიანად გაეცნო თამაშთან დაკავშირებით მომზადებულ უცხოურ მასალას:

"ხშირად ბავშვები შოკირებულები რჩებიან, თუ საიდან იციან თამაშის ე.წ „კურატორებმა“ მათი დედ-მამიშვილების, მშობლების შესახებ ინფორმაციები. ისინი ეუბნებიან მოზარდებს, რომ მათ მუდმივად უთვალთვალებენ და მათ შესახებ ყველაფერი იციან. სინამდვილეში, ეს ინფორმაციები მოზარდებმა თავადვე მიაწოდეს "კურატორებს“ მრავალსაათიანი, „მეგობრული“ მიმოწერების დროს...

უნდა იცოდნენ მოზარდებმა, რომ თუ დროულად გამოეთიშებიან ამ თამაშს, მათ ვერავინ ვერაფერს დაუშავებს! და რაც მთავარია, ონლაინმეგობრის ქმედებით გამოწვეული დისკომფორტის შესახებ, უნდა ისაუბრონ გახსნილად საკუთარ მშობლებთან. მშობლები კი თავის მხრივ მუდმივად ყურადღებით უნდა იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში შეუზღუდონ შვილებს ინტერნეტთან წვდომა, მიმართონ ფსიქოლოგებს და ეცადონ დიდი დრო გაატარონ შვილებთან უშუალო კომუნიკაციაში" - ამბობს 13 წლის ელენეს დედა.

ფსიქოლოგების მოსაზრებით, ტრაგედიების პრევენციისთვის მშობელსა და შვილს შორის გულწრფელი საუბარი საუკეთესო საშუალებაა. მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, მშობელს ესმოდეს მათი გრძნობები, აღიარებდნენ და არ განიკითხავდნენ მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავს მარტოდ, დაუცველად გრძნობენ, რის გამოც შესაძლოა დეპრესიული განწყობაც გაუჩნდეთ, რაც ვითარებას კიდევ უფრო მწვავეს და უმართავს გახდის.

სპეციალისტების რეკომენდაციით, მოზარდთან საუბრისას თავშეკავება და სიმტკიცეა საჭირო. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მშობელს საკითხი ანერვიულებს, მაგრამ იმავდროულად პანიკაში არ ვარდება.

ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ სუიციდურ თამაშში მოზარდთა ჩართვა, უმეტეს შემთხვევაში, გარკვეული პრობლემების დაგროვების გამო ხდება, როგორიცაა: მშობელთა მხრიდან სიყვარულის დეფიციტი; ახლობლების მხრიდან ყურადღების ნაკლებობა ან მოზარდის საზოგადოებაში სოციალიზაციის პრობლემა.

ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, აქტიურად იმუშაონ საკუთარი შვილების ღირებულებათა სწორი სისტემის ჩამოყალიბებაზე ჯერ კიდეც მუცლადყოფნის პერიოდიდან. მთავარია მოზარდებისთვის იმის ჩვენება, რომ ცხოვრება ფასეულია, რომ შეიძლება ყოველდღიური მოვლენებისგან სიამოვნების მიღება და რომ დაუძლეველი სირთულეები არ არსებობს.

თურქეთი ჩინეთიდან საქართველოს 7 მოქალაქის ევაკუაციასაც განახორციელებს

მათემატიკის ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის, რომლის გამარჯვებულიც საბაკალავრო პროგრამის სრულ დაფინანსებას მიიღებს

"ლურჯ ვეშაპზე" გადაღებულ ფილმს საქართველოს სკოლებში აჩვენებენ