ავტორი:

ქართველი მხატვარი, რომლის ნახატების ფოტო, ან ვიდეო გადაღება შეუძლებელია

ქართველი მხატვარი, რომლის ნახატების ფოტო, ან ვიდეო გადაღება შეუძლებელია

მხატვარი ვახო ბარდაველიძე 90-იანი წლებიდან მიუნხენში ცხოვრობდა და ცნობილია დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში. მისი ნამუშევრები შეძენილი აქვთ ცნობილ კოლექციონერებს, მათ შორის ზაქსების, ოპელების ოჯახს... ცოტა ხნის წინ საქართველოში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ვახო ბარდაველიძე 2018 წელს, 46 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა... ის ფიქრობდა, რომ ნახატი არ უნდა იყოს მხოლოდ ორგანზომილებიან სიბრტყეში, ფერი და ფორმა. ამბობდა, რომ ნახატი უნდა ქმნიდეს სივრცეს, სამგანზომილებიან, მოძრავ პროცესს. ამიტომ, ის არ ხატავდა ჩვეულებრივ, გადაჭიმულ ტილოზე. ხატავდა სამედიცინო დოლბანდზე და ქმნიდა ფერის, სივრცისა და ფორმის განუმეორებელ ნამუშევრებს.

ამ ტექნიკის გამო ვახო ბარდაველიძის ნახატების ფოტო, ან ვიდეო გადაღება შეუძლებელია, რადგან ფოტოც და ვიდეოც ორგანზომილებიანია და ვერ გადმოსცემენ ნახატის არსს. ამიტომ, მხატვარმა უარი თქვა კატალოგებსა და ვებგვერდებზე, ხატვის ტექნიკა კი 2002 წელს დააპატენტა კიდეც.

AMBEBI.GE მხატვრის ოჯახს ეწვია.

დავით ბარდაველიძე, მხატვრის ძმა:

"ძნელია ძმაზე საუბარი, მაგრამ თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ის მხოლოდ ძმა არ იყო, სულიერი მეგობარიც გახლდათ... მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებითი ძიებით ისწრაფოდა თავისფლებისკენ, შეუცნობელის გაცნობიერებისკენ და ამის გამოხატვა ხელოვნებასა და ყოველდღიურობაში მისი მიზანი იყო. დაიბადა თბილისში, 1971 წელს.

დაამთავრა 1-ელი ექსპერიმენტული სკოლა. ეროვნულ მოძრაობაში სრულიად ახალგაზრდა ჩაერთო და ბედნიერი იყო, რომ შეხება ჰქონდა მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან. მისთვის თავისუფლების სურვილი არ იყო მხოლოდ სურვილი, ის იმის ძიება იყო, თუ რა არის თავისუფლება... ეს კითხვები ძალიან ახალგაზრდამ დაუსვა საკუთარ თავს“.

როგორც ბატონი დავითი გვიყვება, თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურა-რესტავრაციის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1993 წელს გერმანიაში გამგზავრებულა, თუმცა მანამდე ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს, სტუდენტობისას მონაწილეობდა ისეთ ექსპედიციებში, როგორიც იყო სვანეთში ლამარიას ფრესკების რესტავრაცია, ადრე ქრისტიანული იკონოგრაფიული ნიმუშების აღმოჩენა-აღდგენა, რასაც მისთვის, როგორც შემოქმედისთვის, დიდი იმპულსი მიუცია...

„ბავშვობიდან ხატავდა. სამხატვრო აკადემიაში 80-იანი წლების ბოლოს ჩაირიცხა, გერმანიაში კი ერთ-ერთ უნივერსიტეტში ხელოვნების თერაპიის განხრით სწავლობდა. იმ პერიოდში ხელოვნებას კიდევ უფრო სხვა კუთხით დაუკავშირდა. მას როგორც გამაჯანსაღებელ, გადამრჩენ დარგს ისე გაეცნო. ამასთან, ნახა ხელოვნების მუზეუმები, დიდი მხატვრების ნამუშევრები, რამაც კიდევ მეტად გაზარდა იმ გადაწყვეტილებაში, რომ ძიება გაეგრძელებინა და შემდგარიყო როგორც მხატვარი. ასევე არტთერაპიის პრაქტიკას მიჰყო ხელი, თავის სტუდია ჰქონდა, ახალგაზრდებთან მუშაობდა.

თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია იყო ფერი. მის პირველ პერსონალურ გამოფენას „სივრცედ ქმნილი ფერი“ ამიტომ დავარქვით. ფერი, როგორც ობიექტურად არსებული, როგორც არსება. ჩემი აზრით, ვახო თავისი ტექნიკით და მიგნებით, რითაც ის განუმეორებელია, შეძლო და შედგა როგორც მხატვარი.

ასევე მნიშვნელოვანია მის შემოქმედებაში მეტამორფოზა, რომ ცხოვრება არასოდეს მთავრდება, გრძელდება - ეს მუდმივი პროცესია“.

რესპონდენტი გვიყვება, რომ მხატვარი წლების წინ ავად გამხდარა, პნევმოტორაქსი დამართნია. სავადმყოფოდან გამოსულს კი უთქვამს, - თითქოს ვგრძნობდი, შიგნით სხეული როგორ დამეგლიჯა და დოლბანდზე დახატვა მომინდაო... ასე დაიწყო ექსპერიმენტები იმ ტექნიკაში, რითაც, როგორც მხატვარი, ევროპაში კარგად გაიცნეს, თუმცა ბევრი რამ არ დასცალდა და ნამუშევრებიც დასამთავრებელი დარჩა... ზოგადად კი მის ნახატებში უამრავი თემაა...

როდესაც მის ტილოსთან დგახარ, ფერს უყურებ და მოძრაობ, ფერს იცვლის. მნიშვნელოვანია ის, რომ ერთდროულად ორი ტილოა შექმნილი და ტილოებს შორის სივრცეა, სადაც მხატვარი სხვადასხვა მასალას ხმარობს. უამრავი ნახატი ჰქონდა, მაგრამ იქიდან მხოლოდ მცირედი შემორჩა, რადგანაც მოთხოვნადი იყო...

კრისტიანე ბარდაველიძე-ლოიხტენბერგერი ვახო ბარდაველკიძის გერმანელი მეუღლეა, ქართულად მშვენივრად ლაპარაკობს. პროფესიით ისიც მხატვარია, მეუღლეზე საუბრისას კი გული უჩუყდება და ცრემლებს ვერ იკავებს:

„ერთმანეთი უნივერსიტეტში 1994 წელს გავიცანით, არტთერაპიაზე ერთად ვსწავლობდით, ოღონდ, ვახო ერთი კურსით ზემოთ იყო. როდესაც ვხვდებოდით, მუდმივად რაღაცებზე ვკამათობდით, თემას კი რა გამოლევდა (ართთერაპია, ფერები...) - ასე დავიწყეთ ურთიერთობა, მეგობრობა. მერე გაჩნდა იდეა, - გაგვეგო, ჩვენ შორის ვინ უფრო მამაცი იყო. ამისთვის კი ერთმანეთს ქალაქგარეთ, ერთ-ერთ გერმანულ სასაფლაოზე ღამის 12 საათზე შევხვდით.

ვეცადეთ, შიში დაგვეთრგუნა. ვცდილობდი, მამაცი გამოვჩენილიყავი და შიშს არ ვიმჩნევდი. ვახო რომ მოვიდა, ჯიბეები სანთლებით ჰქონდა სავსე. სასაფლაოს ჭიშკარი დაკეტილი იყო და ღობიდან გადავძვერით. ის სანთლებს ანთებდა, ბილიკზე აწყობდა და ეკლესიამდე გზას ასე ანათებდა. საბოლოოდ, ყველაზე მამაცი ის აღმოჩნდა...

გერმანიაში ერთ ულამაზეს ადგილას წყაროა, რომელსაც მუდმივად 9 გრადუსი აქვს. მთელ ქვეყანაში ცნობილი ადგილია. წყარო გამოქვაბულშია და მასზე ლეგენდაც არსებობს: რომ იქ ცხოვრობდა წყლის ფერია, მაგრამ სოფელი ტიროდა, რადგანაც შავი ზღვიდან მოსულმა პრინცმა ის მოიტაცა. ვინაიდან ვახო შავი ზღვის ქვეყნიდან იყო, მე კი მასთან ვმეგობრობდი, უნივერსიტეტში ხშირად ხუმრობდნენ და ამ ლეგენდას გვახსენებდნენ - ქართველმა ბიჭმა ჩვენი გოგო მიიტაცაო... მოკლედ, ასე ნელ-ნელა მივდიოდით ერთმანეთისკენ...

1997 წელს დავქორწინდით. ვახომ მაშინვე მითხრა, რომ „შენ არ ხარ ჩემი ცოლი და მეც არ ვარ ქმარი, შენ ჩემი მეუღლე ხარ“, - „მეუღლის“ მნიშვნელობა არ ვიცოდი და როცა გავიგე, გაგვგიჟდი, ისე მომეწონა. რა სიმბოლურია, ორი ადამიანი ერთ უღელს ინაწილებს...

- რა დარჩა მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ?

- არ არის ადვილი ამ კითხვაზე პასუხი... ვახო ჩემთანაა, არსად წასულა და ბოლომდე ჩემთან იქნება. მგონი, ასეთი სიყვარული იშვიათია. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. ბედნიერი ვარ, რომ საერთოდ შევხვდით ერთმანეთს და ეს სიყვარული შედგა.

სამი შვილი გვყავს - 2 გოგო და ერთი ბიჭი. სამივე ხატავს. უფროსი 23 წლისა, ფლორენციაში ცხოვრობს. მამამისივით ხატავს, მეორე 21 წლისა, სამსახიობოზე სწავლობს, წარმატებულია, ბიჭი მიუნხენში სკოლას ამთავრებს.

დავით ბარდაველიძე:

- დოლბანდზე მინდა გითხრათ, რომ მის შესაძენად აფთიაქში დადიოდა და დიდი რაოდენობით ყიდულობდა. შემდეგ ის აფთიაქი გერმანიაში მომწოდებელ ქარხანას დაუკავშირდა, აცნობეს, მხატვრის ინტერესის შესახებ და უძველესი სტერილური დოლბანდის კომპანიამ უსასყიდლოდ დაიწყო მისთვის ამ მასალის მოქსოვა და დიდი თოფებით მოწოდება, რომელსაც უკვე ვახო სახატავად იყენებდა.

- რატომ ვერ შეძლო ვერც ერთმა გალერისტმა ფოტოგრაფმა მისი ნამუშევრების ფოტოზე ან ვიდეოზე აღბეჭდვა?

- ხომ ვამბობ, ეს ორი დამოუკიდებელი ტილოა. ტილოს ვამბობთ, მაგრამ მის ნაცვლად დოლბანდია გამოყენებული, რომელიც შეერთებულია მეორე მხარესთან, რაც შიდა სივრცეს წარმოქმნის (ორივეზე ერთდროულად მუშაობდა). ამიტომ ვერ ხერხდება ზუსტი ანარეკლის გაკეთება. ხომ ვამბობ, ეს არის პროცესი და ვახოს ნამუშევრები ითხოვს არა ერთი მომენტის დაფიქსირებას, რადგანაც სულ მოძრაობს.

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"

ირინა შეიკი პუტინის წიგნით ხელში - ფოტო, რომლის გამოც რუს მოდელს ქართველებმა ონლაინ-თავდასხმა მოუწყვეს

რიჩარდ გირს 70 წლის ასაკში შვილი შეეძინა - ჰოლივუდის ვარსკვლავისა და მისი 37 წლის ცოლის ოჯახური პორტრეტი (ფოტოები)