ავტორი:

ხვალიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მომხსნიან თუ არა, აღარ ვაპირებ თავის შეზღუდვას - რას გეგმავს ნიკა მელია

ხვალიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მომხსნიან თუ არა, აღარ ვაპირებ თავის შეზღუდვას - რას გეგმავს ნიკა მელია

ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მომხსნიან თუ არ მომხსნიან, აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ის აღარ აპირებს სახლში ჯდომას და „აპირებს ისევე ბრძოლას, როგორც იბრძოდა აქამდე იმ ჭირის წინააღმდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი განასახიერებს.“

ამასთან, ნიკა მელიას განმარტებით, ხვალიდან თუ საჭიროდ ჩათვლის დაესწრება ნებისმიერ ღონისძიებას, მათ შორის შეხვდება ამომრჩეველს, ივლის საპარლამენტო სხდომებზე და საკომიტეტო მოსმენებზე.

„ჩვენ დღეს დავაყენებთ შუამდგომლობას სამაჯურის მოხსნასთან დაკავშირებით, მაგრამ ისევე, როგორც ახლა გიყურებთ, დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ეს შუამდგომლობა საერთოდ არც გაითვალისწინოს, ანუ როგორც შევალ სამაჯურით, ასევე გამოვალ. თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მომხსნიან თუ არ მომხსნიან, აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას. ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, მათ შორის როგორც პარლამენტარის საქმიანობას, განვახორციელებ ისევე, როგორც ვახორციელებდი, სანამ არაერთ შეზღუდვას დამიწესებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური, იმიტომ, რომ ეს არის ერთი ადამიანის ხუშტურებზე დაფუძნებული. მაინც ვუწევდი ანგარიშს ძალიან ბევრ რამეს დღემდე და ამ უკანონო აკვიატებებსაც თვალი გავუსწორე განგებ, პრაგმატულად. არ მივეცი შესაძლებლობა ეთქვათ აი, ამ ადამიანებს, ვინც ივანიშვილის სამსახურშია, რომ მელია არ ემორჩილება არანაირ შეზღუდვას, თუმცა ხვალინდელი დღიდან ვაპირებ შევასრულო ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომლის შესრულებაც არათუ უბრალოდ შემიძლია, არამედ ვალდებულიც ვარ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ იგი ფინალს უახლოვდება, ხოლო „ფინალი რამდენად მწვავე და მტკივნეული იქნება, ამას თავად ივანიშვილი განსაზღვრავს“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა იმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა დავით ნეფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეები სასამართლოს წარუდგენენ იმ მასალებს, რაც გამოძიების ეტაპზე მოიპოვეს და რის წარდგენას და გამოკვლევას, შემდგომ უკვე არსებითი განხილვის სხდომაზე აპირებენ.

მისი თქმით, ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებათა ოქმები, ვიდეოჩანაწერები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები.

„საქმეშია პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, სადაც არის მისი მოწოდებები, ასევე მისი მოქმედებები და მისი მოქმედებებით და მოწოდებებით გამოწვეული სხვა პირების ქმედებებიც", - განაცხადა ნეფარიძემ.

პროკურორის განმარტებით, საქმეში პოლიციელების ჩვენების გარდა სხვა ჩვენებებიც დევს. მისი თქმით, რას ყვებიან ეს ადამიანები ჩვენებებში, შინაარსის თაობაზე ვერ ისაუბრებს. პროკურორის თქმით, დღეს სასამართლო იმსჯელებს იმაზე რამდენად კანონიერადაა მოპოვებული ეს მტკიცებულებები, ასევე იმსჯელებს არსებით სხდომაზე მათ გადაცემის საკითხზე.

„ისინი ადასტურებენ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს, რაც ასახულია, როგორც სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში, ასევე მათ ჩვენებებში", - განაცხადა ნეფარიძემ.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი