ავტორი:

"როდესაც ფიზიკურად ვშრომობ, რუსთაველი სულ მეხმარება" - გაიცანით 75 წლის ქალი, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცის

"როდესაც ფიზიკურად ვშრომობ, რუსთაველი სულ მეხმარება" - გაიცანით 75 წლის ქალი, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცის

ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ორპირში მცხოვრები 75 წლის ანრო ცირეკიძე ცოცხალი ლეგენდაა, რომელსაც "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მოყოლა შეუძლია. მას ამისთვის 6 საათი, 5 წუთი და 12 წამი სჭირდება.

გერმანული ენის ფილოლოგი "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნეთა კონკურსის 6-გზის გამარჯვებულია. როდის და რატომ გადაწყვიტა პოემის დაზეპირება, ამის გასარკვევად AMBEBI.GE ქალბატონ ანროს დაუკავშირდა:

- ამ ყველაფრის საფუძველი პოეზიის სიყვარულია, მაგრამ კონკრეტულად მოგიყვებით, რა, როგორ მოხდა. 1966 წელს საკავშირო მასშტაბით ჩატარდა რუსთაველის 800 წლის იუბილე და ამ საიუბილეო სამზადისთან დაკავშირებით, საქალაქო კომიტეტის ბიუროს სხდომაზე, იუბილემდე ერთი წლით ადრე, ტყიბულის საქალაქო კომიტეტის პირველმა პირმა, ბატონმა კარლო ლომაძემ შემოიტანა წინადადება, რომ სხვა ღონისძიებებთან ერთად ჩატარებულიყო "ვეფხისტყაოსნის" ზეპირათმცოდნეთა კონკურსი.

რა თქმა უნდა, ამ ინციტიავას სკეპტიკოსები გამოუჩდნენ, მაგრამ ბატონმა კარლომ თავისი მაინც გაიტანა და მაშინვე დაავალა ტყიბულის გაზეთის რედაქტორს, დაეწყო პოემის ნაწილ-ნაწილ ბეჭდვა და თან კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოექვეყნებინა. ეს ყველაფერი გახდა მოტივაცია ჩემთვის, რომ პოემა მესწავლა. კონკურსი რომ ჩატარდა გავიმარჯვე, მაშინ 22 წლის ვიყავი, მე-4 კურსის სტუდენტი.

- რამდენ ხანში მოახერხეთ პოემის ზეპირად სწავლა, ყოველ დღე კითხულობთ?

- 6 თვეში ვისწავლე. დღის განმვალობაში 8-9 სტროფს ვსწავლობდი. ზოგადად, კითხვა არის ჩემი ჰობი და დაძინებამდე სულ ვკითხულობ. ყველანაირ ლიტერატურას ვკითხულობ, მაგრამ უფრო რუსთველოლოგიას ვანიჭებ უპირატესობას. როდესაც ფიზიკურად ვმუშაობ, რუსთაველი სულ მეხმარება. ამას წინათ მკითხეს, არ გავიწყდებაო, თუ იმეორებო? - ვუპასუხე: ჭამა და სმა გავიწყდებათ მეთქი?!

რასაც არ უნდა ვაკეთებდე ფიზიკურად, ბარვა იქნება, თოხნა, თუ სხვა რამ, რუსთაველი ყოველთვის ჩემთანაა და მეხმარება, რომ დაღლა არ ვიგრძნო. ყოველ საღამოს ვკითხულობ...

- "ვეფხისტყაოსნიდან" თქვენი გამორჩეული პერსონაჟი რომელია?

- ვერ ვიტყვი მაგას, მაგრამ (იცინის) ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, ნესტანი ხარო, ოღონდ ამაში სილამაზეს არ გულისხმობდა, ფიცხი ხარ მასავითო, იძახდა. სილამაზით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი.

- როგორც ვიცით, გერმანული ენის ფილოლოგი ხართ, გერმანელი ავტორები ხომ არ გადაძალა შოთა რუსთაველის პოემის განსაკუთრებულმა სიყვარულმა?

- დიახ, ფილოლოგი ვარ, გერმანული ენის მიმართულებით. ძალიან დიდი ხნის მანძილზე სოფელ ორპირის სკოლაში ვასწავლიდი. გავხდი თუ არა საპენსიო ასაკის, სკოლას თავი დავანებე. ქუთაისში ვსწავლობდი ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ინსტიტუტში, ახლა წერეთლის უნივერსიტეტს ეძახიან. რაც შეეხება გერმანელი მწერლების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას, გოეთემდე ბავშვები სწორედ, რომ შოთა რუსთაველის გზით მიმყავდა.

- რას ეტყვით მოსწავლეებს და მასწავლებლებს, რომელთაც პოემის სწავლა ერთულებათ...

- როდესაც ტყიბულში რუსთაველის საღამო მოვაწყეთ, სწორედ ეგ იყო იდეა, რომ ბავშვები წიგნთან მიგვეყვანა. "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად დასწავლა, არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია იცოდე, რატომ არის ის ეროვნული საგანძური, დაძალებით ამ პოემის სწავლა არ შეიძლება, მისი შესწავლის სურვილი შიგნიდან უნდა წამოვიდეს... თუ პოემას გააზრებულად წაიკითხავენ, ყოველი წაკითხვის შემდეგ, მასში ახალ-ახალ მარგალიტს იპოვიან.

ვერ დავეთანხმები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს იმაში, რომ "ვეფხისტყაოსანი" რთულია და ბავშვები ვერ იგებენ. მე დავაფუძნე "ვეფხისტყაოსნის" კლუბი სოფელ ორპირის საჯარო სკოლაში. სკოლიდან წამოსვლის შემდეგ, კლუბი ჩემმა მოსწავლემ გადაიბარა.

- ახლა როგორ ცხოვრობთ, რას საქმიანობთ, რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?

- მარტოხელა ცხოვრებას ვეწევი. ვცხოვრობ ყოფილ მასწავლებელთა სახლში. ჩემი საკუთარი სახლი არ მაქვს. მაქვს პატარა მიწის ნაკვეთი და ცოტა მოსავალი მომყავს. არ ვაღიარებ დაბერებას. ერთი კვირის წინ ცუდი ამბავი შემემთხვა, წისქვილიდან მოვდიოდი, ტრაილერმა წამაქცია, 25 ტონიანი მანქანა რომ დამჯახებოდა, ვერ გადავრჩებოდი. სავადმყოფოში არც წავსულვარ, ასე ადვილად ტრაილერი ვერ მომერევა, ფეხი დამიზიანა მხოლოდ... არავინ ელოდა გადარჩენას, 100 ასეთი შემთხვევიდან ერთი ვერ გადარჩებოდა.

თურმე ბორბლებს გარეთ გადავბრუნებულვარ, ბორბლების შიდა მხარისკენ რომ წავქცეულიყავი, გამსრესდა. რა ვქნა, არ ვისვენებ, ჩემს საქმეს ვინ გამიკეთებს, შვილი მე არ მყავს, და მე არ მყავს, ძმა მე არ მყავს. მეზობლები მივლიდნენ, და მაკითხავდნენ.... მაგრამ ხომ იცით, კაცი მაინც თავისთავთან მარტოა. ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსია და ჩემი შრომით მოწეული მოსავალია. ჩემს მეუღლეს კურსებში ჰქონდა სახლი, მე მისი მეორე მეუღლე ვარ. მის სახლში შვილები ცხოვრობენ.

როგორც AMBEBI.GE-ს ორპირის სკოლის დირექტორმა ირინე ბერეკაშვილმა უამბო, ქალბატონი ანრო ღირსების ორდენზე წარადგინეს, თუმცა სამწუხაროდ, ამ ჯილდოს მფლობელი ვერ გახდა.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის