ავტორი:

80 წლის ასაკში მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა - რას იხსენებდა რეჟისორი შვილის დახვრეტაზე

80 წლის ასაკში მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა - რას იხსენებდა რეჟისორი შვილის დახვრეტაზე

"ქოლგა", "ქორწილი", "მუსიკოსები" - იშვიათად მოიძებნება საქართველოში ვინმე, მიხეილ კობახიძის ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები რომ არ ჰქონდეს ნანახი. "მეამბოხე" რეჟისორმა, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი გახდა, 30 წელზე მეტი გაატარა პარიზში და საქართველოში დროდადრო ჩამოდიოდა.

მიხეილ კობახიძე 13 ოქტომბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა...

ის 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორია, ხშირად თავადაც თამაშობდა თავის ფილმებში. რეჟისორმა დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს.

ფილმების გადაღება 1961 წლიდან, სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო. გადაიღო მოლკემეტრაჟიანი ფილმები: "ახალგაზრდა სიყვარული" (1961) და "კარუსელი" (1962). 1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა "ქორწილი" ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, "საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი").

1967 წელს გადაიღო ფილმი "ქოლგა", ფილმმა 1967 წელს მთავარი პრიზი და "ფიპრესის" პრიზი აიღო კრაკოვის (პოლონეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე. 1969 წელს რეჟისორმა გადაიღო 14 წუთიანი ფილმი "მუსიკოსები". "მუსიკოსების" გადაღების შემდეგ რეჟისორს პრობლემები დაეწყო. საბჭოთა იდეოლოგიისთვის საშიში გახდა ის ფასეულობები, რომელსაც კობახიძე ქადაგებდა - ნონკონფორმიზმი, ამბოხების უნარი, დაუმორჩილებლობა, ინდივიდუალიზმი. მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა.

ფილმების გადაღებების აკრძალვის შემდეგ რეჟისორმა სცენარები დაწერა მულტფილმებისათვის: "ჩიბუხი" (1976), "ზღვაზე" (1980). ქართველი რეჟისორი 1996 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 1996 წელს ვენეციის კონოფესტივალზე მოეწყო რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა.

33-წლიანი პაუზის შემდეგ, კინო სფეროში მოღვაწეობა მიხეილ კობახიძემ საფრანგეთში განაახლა. 2001 წელს საფრანგეთში მიხეილ კობახიძემ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "გზაზე".

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, რეჟისორი ცხოვრების უმძიმეს პერიოდს - მისი ვაჟის, გეგა კობახიძის დახვრეტას იხსენებს:

"გეგას, ჩემს შვილს, ისეთი რამ შეემთხვა, რომ არაფრის თქმა არ შემიძლია, წუხილისა და განცდის გარდა. გეგა ძალიან ნიჭიერი და საყვარელი ბიჭი იყო. კატასტროფა, რომელმაც ამ ახალგაზრდებს თავზე გადაუარა, ბედისწერას ჰგავდა. მეც ყოველთვის მინდოდა საბჭოთა კავშირიდან გაქცევა და სრულიად გასაგებია, ახალგაზრდებს რომ მოუნდათ აქედან წასვლა. საბჭოთა კავშირი ჯოჯოხეთი იყო. ბევრი მისტირის - მაშინ კარაქი იაფი ღირდა და პური თითქმის უფასო იყოო, მაგრამ ციხეში რანაირი პურიც უნდა მოგიტანონ და როგორც უნდა გაათბონ, მაინც ციხეა.

როცა ციხიდან გაქცევას გადაწყვეტ, რადაც უნდა დაგიჯდეს, უნდა გაიქცე. არც ჩემს შვილს და არც იმ ახალგაზრდებს, ვინც მასთან ერთად იყვნენ, არ ეგონათ, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა. იარაღი მფრინავების შესაშინებლად ჰქონდათ, რათა საზღვარს იქით გადასულიყვნენ. საუბედუროდ, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. მათ არავინ მოუკლავთ, არავისთვის ზიანი არ მიუყენებიათ. თვითმფრინავის გატაცება დანაშაულია, მაგრამ გაქცევისას ფორმაზე აღარ ფიქრობ...

ბიჭების დახვრეტა გასაიდუმლოებული იყო. ჩვენ ისინი ცოცხლები გვეგონა. როცა გავიგეთ, განაჩენი აღსრულდაო, მაინც არ გვჯეროდა. ამ ახალგაზრდებმა ზედმიწევნით ადამიანურად, დიდი სიყვარულით წარმართეს სასამართლო, არავინ უკან არ დაიხია, არავინ არავის არაფერი გადააბრალა. ბაბუის, გერმანე კობახიძისაგან განსხვავებით, რომელიც თავის დროზე ბერიას მოედანზე დასჯას გადაურჩა, ოცდაათი წლის შემდეგ სწორედ მის შვილიშვილს, გეგას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი..." - იხსენებდა ინტერვიუში მიხეილ კობახიძე წაიკითხეთ ვრცლად ინტერვიუ

წყარო: საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

მთავარი ფოტო: კადრი ლაშა ოთხმეზურის და ვახო ვარაზის დოკუმენტური ფილმიდან "დაკარგული რვანახევარი"

2 ნოემბერს Summer Set-ის მასშტაბური ჰელოუნი გაიმართება

"ვარ ტიპაჟი, რომელსაც დემნა გვასალია ხედავს" - რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ქართველები პარიზიდან, Balenciaga-ს ჩვენებიდან

"რეზო" "ოსკარზე" - გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაცია სიაში მოხვდა