"ყურებამდე შეყვარებული ვარ"

"ყურებამდე შეყვარებული ვარ"

მარინა სალუქვაძე ქალების იმ უმცირესობას მიეკუთვნება, რომლებიც ასაკის მატებას დიდად არ ნაღვლობენ, სიბერეშიც შეუძლიათ გაიპრანჭონ და შვილიშვილებით კალთაში ტუჩზე პომადაც წაისვან. თუმცა მანამდე ჯერ ძალიან შორია...

ჩემი რესპონდენტი ამბობს, რომ სიყვარული ბედნიერებაა და სწორედ ეს ბედნიერება აძლევს საფუძველს, დღესაც ფორმაში იყოს და სარკეში საკუთარ თავს გაეპრანჭოს. მარინა სალუქვაძეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ძალიან თბილი იყო გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი. მშობლებისგან სიყვარული, ურთიერთობები, ტრადიციები ვისწავლე.

- დიდხანს იყავით მშობლების კმაყოფაზე?

- სანამ საშუალო სკოლა არ დავამთავრე. შემიძლია ვიამაყო იმით, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში სახელობით სტიპენდიას ვიღებდი, 100 მანეთს, და იმდენი აღარ მჭირდებოდა მშობლებისგან, რამდენსაც მანამდე ვითხოვდი.

- რაში ხარჯავდით სტიპენდიას?

- ტრანსპორტში, კაფეში, ყავაში, ინსტიტუტის ბუფეტში. თეატრალურ ინსტიტუტს ორი ბუფეტი ჰქონდა, ვალიას და კაკოს ბუფეტი (იცინის). კაკოს ბუფეტი უფრო პრესტიჟული იყო, პროფესორ-მასწავლებლებიც დადიოდნენ, კარგ ქაბაბსა და სალათებს აკეთებდა კაკო. დახლქვეშიდან უცხოურ სიგარეტებსაც ყიდდა, რაც მაშინ დეფიციტი იყო და ამიტომ ხშირად ვსტუმრობდით მის ბუფეტს.

- ეწეოდით მაშინ?

- ჩუმ-ჩუმად ყველა ვეწეოდით.

- პირველი სამსახური გახსოვთ?

- როგორ არ მახსოვს, ეს იყო საქართველო-სამხრეთ აფრიკის ერთობლივი საწარმო "ოლაგი", სადაც კინო-მენეჯერი გახლდით. 500 მანეთი მქონდა ხელფასი. ეს ძალიან დიდი ფული იყო. მიუხედავად ამისა, არ მახსოვს, რაში დავხარჯე პირველი ხელფასი. ძალიან სასიამოვნო განცდა იყო, 21 წლის ასაკში ჩემი გამომუშავებული ფული რომ მედო ჯიბეში.

- ოჯახსაც ეხმარებოდით?

- არ იყო ამის აუცილებლობა. შემდგომ წლებში მეც ვეხმარებოდი ოჯახს და ისინიც მე, თუმცა თავიდან ჩემს ფულს თავად განვაგებდი.

- ზოგადად მხარჯველი ხართ?

- ნორმალური, ზოგჯერ მაქვს გადანახული თანხა, ზოგჯერ - არა. ამ ბოლო დროს უფრო მაქვს.

- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას მეტყვით? ამ წლების განმავლობაში როგორ ახსენით სიყვარულის ფენომენი?

- ეს უდიდესი ბედნიერებაა. სიყვარული მაბედნიერებს.

- ბევრჯერ ყოფილხართ შეყვარებული?

- არა.

- ახლა ბედნიერი ხართ?

- ძალიან ბედნიერი და ყურებამდე შეყვარებული ვარ.

- კულინარიულ გამოცდილებაზეც მინდა გკითხოთ...

- ამ თემაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო. შემიძლია ვიამაყო, რომ კარგი კულინარი ვარ. ტრაბახში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს საქმე. ბებიაც, დედაც და დაც კარგი კულინარები არიან. ძალიან პატარა ვიყავი, ბებიას რომ ვესწრებოდი კერძის მომზადების პროცესში. მერე მეც ვიმეორებდი მის ნახელავს და ასე ვისწავლე ეს საქმე. სტუმრის მიღების ტრადიცია ყოველთვის უმაღლეს დონეზე გვქონდა აყვანილი. ბავშვობაში ყველაზე მეტად ბიძაჩემის მოსვლა მახარებდა, ჯიბეში ყოველთვის ჰქონდა შოკოლადი, შოკოლადის სიყვარული დღემდე გამომყვა.

- დღეს ვის მოაქვს თქვენთვის შოკოლადები?

- თვითონ ვყიდულობ.

- თქვენ გყავთ ქალიშვილი, რა გამოცდილება გაუზიარეთ მას, თქვენს შეცდომებზე ასწავლეთ?

- რა თქმა უნდა, პირველი რჩევა რომელიც უკვე გაითვალისწინა, ის იყო, რომ ადრე არ გათხოვილიყო. უკვე ექვსი წლით მაჯობა. თათა მალე 23-ის გახდება.

- რა პროფესიის არის თათა?

- რეჟისორია... მე და თათას უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, რომ გითხრათ, ვზივარ და ვმოძღვრავ-მეთქი, მოგატყუებთ. თავად ხედავს, რა არის კარგი და რა ცუდი. ცუდს არაფერს აკეთებს.

- თვითონ თუ გაძლევთ რჩევებს?

- არა, თუმცა თუ მირჩევს, აუცილებლად გავითვალისწინებ.

- შეცდომებზეც მინდა გკითხოთ, თავიდან რომ იწყებდეთ ცხოვრებას, რა შეცდომას გამოასწორებდით?

- ბევრ რამეს შევცვლიდი, მაგრამ ახლა, რატომღაც, არ მინდა ამაზე საუბარი, ძალიან პირადულია.

- სხვა პროფესიაზე არასდროს გიფიქრიათ?

- ადრე არ მიფიქრია პროფესიის შეცვლაზე, მაგრამ ახლა ცოტა დავფიქრდი, თუმცა ამასაც საიდუმლოდ დავიტოვებ.

- სიბერეზე გიფიქრიათ?

- მიფიქრია, ალბათ პრანჭია მოხუცი ვიქნები, საყვარელი მოხუცი მამაკაცის გვერდით, კალთაში შვილიშვილებით და ტუჩზე პომადით. საერთოდ, ასაკის მატებას არ განვიცდი. პირიქით, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მომწონს ჩემი ასაკი.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები