ავტორი:

"როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება" - სექსოლოგი ზურაბ მარშანია ლიბიდოს დაქვეითებაზე

"როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება" - სექსოლოგი ზურაბ მარშანია ლიბიდოს დაქვეითებაზე

ლიბიდოს, ანუ სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა ქალებსა და მამაკაცებში საკმაოდ ხშირი და სერიოზული პრობლემაა. პრობლემა ყოველთვის არსებობდა, თუმცა, სექსოლოგები ამბობენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ამ საკითხით ექიმთან მიმართვიანობა გაზრდილია.

სექსოლოგი ზურაბ მარშანია საქართველოში განქორწინების გაზრდილი რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზად სწორედ სქესობრივი ლტოლვის დაკარგვას ასახელებს, თუმცა მისი თქმით, ხშირად წყვილები ამას ერთმანეთთან საუბარშიც კი არ აღიარებენ.

"ლიბიდოს დაქვეითება კლინიკურ სექსოლოგიაში განმარტებულია როგორც სქესობრივი ლტოლვის შემცირება. ეს შეიძლება დაემართოს როგორც ქალს, ისე მამაკაცს. მსოფლიო სტატისტიკით, ქალებში პრობლემა მამაკაცებზე ხშირად გვხვდება. სამწუხაროდ, ქართული სტატისტიკა არ არსებობს.

- ბატონო ზურაბ, ძირითადად რა ასაკის პაციენტები მოგმართავენ?

- როგორც მამაკაცი ასაკში შესვლის შემდეგ უფრო მოწყვლადია სექსუალური დისფუნქციისადმი, ასევეა ქალიც. მაგრამ იცით, როგორი მაქვს სტატისტიკა? - ხანშიშესული ქართველი ქალი ჩემთან არ მოდის... და საერთოდ, 50 წელს გადაცილებული ქართველი ქალი, ხშირად უარს ამბობს სექსზე. ფიქრობენ, შვილიშვილი მყავს და რა დროს ჩემი სექსიაო, რა შუაშია შვილიშვილი სექსთან, გამაგებინეთ, ხალხნო? თუ ქალს შეუძლია, კარგადაა, რატომ არ უნდა ჰქონდეს სექსი?

- რჩევების სახით, რას ეტყოდით პოტენციურ პაციენტებს?

- ჯანსაღ სექსზე ზრუნვისა და ექიმთან მისვლის გარდა, საუბარსაც აქვს მნიშვნელობა, სექსზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ. მე-16 საუკუნეში ფრანგი მოაზროვნე მიშელ დე მონტენი ამბობდა, "ვილაპარაკოთ სექსზე მეტი".

დიახ, უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა სექსზე, სექსუალურ განათლებაზე, რომ ვიყოთ ბედნიერები და ჯანმრთელები და რა თქმა უნდა, ექიმთანაც უნდა მივიდეთ. სირცხვილი არ არის, ხალხნო, სექსოლოგთან მისვლა, სირცხვილია სექსუალური დისფუნქციის დამალვა და ეს ვერ გაიგო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა.

- შეიძლება ერთ-ერთ მიზეზად განვიხილოთ მარიხუანას მოხმარება, ალკოჰოლი, ფსიქოტროპული პრეპარატები?

- დიახ, შესაძლებელია, თუმცა უფრო ხშირად 90-92 პროცენტში ეს ფსიქოგენური ფაქტორიდან მოდის. ძალიან ხშირად მოგვმართავენ ამ პრობლემით პაციენტები, თუმცა ქალების მომართვიანობა ნაკლებია. მამაკაცი უფრო ბედავს.

არადა, ქალში უფრო მძიმედ მიმდინარეობს სექსუალური დისფუნქციები, სამკურნალოდაც უფრო ძნელია. ჩვენს ქვეყანაში ქალებს სექსუალური დისფუნქციის დროს ჯერ კიდევ ეუხერხულებათ ექიმთან მისვლა. როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, მისი ცხოვრების ხარისხი იკლებს, ის არ არის ბედნიერი, ბოროტდება, უკმაყოფილოა ყველაფრით. ეს, რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე პირდაპირ მოქმედებს.

- როგორ ხდება მკურნალობა?

- სექსოლოგი ეძებს ჯერ დარღვევების მიზეზს. ფსიქოგენურია დარღვევა თუ სხვა ტიპის. არის თუ არა ლიბიდოს დაქვეითების მკურნალობა მარტივი? სამწუხაროდ არა და განსაკუთრებულად ქალებში. მამაკაცებში შედარებით მარტივია. განსაკუთრებით თუ ეს ტესტოსტერონის ნაკლებობით არის გამოწვეული. ქალის სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა, განსაკუთრებულად ლიბიდოს დაქვეითების მკურნალობა, უკიდურესად რთული და ხანგრძლივია.

თან მამაკაცს უფრო ყოფნის მოთმინება, ქალებს - არა. ქალი ელის შედეგს პირველივე ვიზიტიდან. აი, მოვედი ბატონო ზურაბ და მომარჩინეთ, მეტი აღარ მოვალ, მრცხვენია. ვერ მოვარჩენ ერთი ვიზიტით ადამიანს და ეს უნდა გააცნობიერონ.

- დაზღვევა თუ მოქმედებს სექსოლოგთან ვიზიტისას?

- არა, არასოდეს არ მოსვლიათ თავში აზრად სექსუალური დისფუნქციის დაზღვევა. ალბათ, უნდა გქონდეს ბრილიანტის პაკეტი, რომ სექსოლოგის მკურნალობა შედიოდეს. რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევას, მოქმედი კანონმდებლობით გენიტალური ინფექცია, სექსუალური დისფუნქცია და უშვილობის მკურნალობა, არ ფინანსდება.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ლიბიდოს დაქვეითების მიზეზი ძირითადად ფსიქოგენურია, პირიქით, ფსიქიკურმა დარღვევებმა თუ შეიძლება გამოიწვიოს ლიბიდოს დაქვეითება?

- ნებისმიერი სექსუალური დისფუნქცია ქალსა და მამაკაცში, რომელიც არღვევს სექსუალური ცხოვრების ჰარმონიულობას, 100 პროცენტით იწვევს საკმაოდ მძიმე ფსიქიკურ პრობლემებს.

- საქართველოში ძალიან გაზრდილია განქორწინების რიცხვი...

- განქორწინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია დისჰარმონიული ქორწინება. ხშირად წყვილები ერთმანეთს ვერ უტყდებიან ამის შესახებ, მაგრამ ერთ რამეს მაინც აღვნიშნავ, რომ ბოლო დროს წყვილებს შორის ღიაობა იზრდება საქართველოში.

სექსოლოგიაში არსებობს ტერმინი რა არის სქესობრივ ცხოვრებაში მისაღები დიაპაზონი - ანუ რა მოსულა სექსში. რაც უფრო მეტი მოსულა, რაც უფრო ღიაა ცოლი და ქმარი ერთმანეთთან, მით უფრო ჰარმონიული და ჯანსაღია წყვილი. მიხარია, რომ ამ კუთხით უმჯობესდება მდგომარეობა საქართველოში, ეს ხდება ჩემ გარეშე და ჩემი დახმარებითაც.

- ბატონო ზურაბ, ძალიან ცოტა სექსოლოგია საქართველოში და სექსოლოგია, როგორც საექიმო სერტიფიცირებული პროფესია გაუქმებულია...

- დიახ, სამწუხაროდ, უკვე 4 წელია საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს გადაწყვეტილებით კლინიკური სექსოლოგია, როგორც საექიმო სერტიფიცირებადი სპეციალობა, გაუქმებულია. ვინც მოვასწარით სერტიფიცირება დაგვრჩება სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ ჩვენ ვეღარ გავზრდით ახალგაზრდა სექსოლოგებს. დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ. მიუხედავად ჩვენი დიდი ბრძოლისა, აღდგენა არ ხდება.

სულ 12 ადამიანი ვართ სერთიფიცირებული სექსოლოგი დარჩენილი საქართველოში და აქციები რომ გავმართოთ, წარმოიდგინეთ, 12 სექსოლოგი მოდის და სიცილით მოკვდებიან პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. პოლიცია გადაირევა ბედნიერებისგან, 12 კაცის გამკლავებაზე ადვილი რა არის. არ აწუხებთ ეს არც ქართველ ექიმთა საზოგადოებას, არც ჯანდაცვას და არც მთავრობას.

ჩვენი ხალხი მაინც შეწუხდეს, მედია მაინც შეწუხდეს. ეს თქვენი შვილებისა და შვილიშვილების ჯანმრთელობის და ბედნიერებისთვისაა გასაღებია. ნუთუ ამის გააზრება ასე ძნელია?

- მიზეზს რას ასახელებენ, რატომ გააუქმეს, რომელიმე ქვეყანაში თუ არის მსგავსი პრეცენტენდი?

- დიახ და ამას გვიფრიალებენ, გერმანიაში და ჰოლანდიაში სულ არ არის ეს სპეციალობაო. ამ დროს იქ ისეთი მაღალ დონეზეა სექსუალური განათლება, რომ დისფუქციების სიხშირე მინიმუმამდეა დაყვანილი. გერმანია ვართ ჩვენ? ეს არგუმენტია? ყველგანაა, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ამერიკაში, რომელებიც თამანედროვე კლინიკური სექსოლოგიის ფუძემდებლები არიან. ყველაფერში ამერიკას ბაძავენ და რაღა ამაში ბაძავენ გერმანიას?

სხვა არანაირი არგუმენტი არ აქვთ, გერმანიაში ასეა და მორჩა. ჩვენ გერმანელებივით არც მუშაობა ვიცით, არც ყაიარათიანობა, ჩვენ ვიცით მარტო ტაშ-ფანდური, ვიცეკვოთ, ვიმღეროთ და პურ-მარილი გავაწყოთ კარგად, სხვა არაფერი.