ავტორი:

Bocuse d’Or Georgia-ს ჟიურის წევრები და კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები

Bocuse d’Or Georgia-ს ჟიურის წევრები და კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები

Bocuse d’Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე მონაწილეებს ქართველი თუ უცხოელი შეფ–მზარეულები, რესტორატორები და ამ სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამინები შეაფასებენ. მათ შორის არიან: გიორგი იოსავა, მანუელ ფაუნდეზ ბარანდა, გურამ ბაღდოშვილი, ლევან კობიაშვილი, გიორგი სარაჯიშვილი, მერიკო გუბელაძე, მიშა ავსაჯანიშვილი და ვლადისლავ ჯაცუკი.

ისინი 2 და 3 ნოემბერს „Expo Georgia”-ს მე–11 პავილიონში შერჩეული 8 კანდიდატიდან საუკეთესო გუნდს გამოავლენენ, რომელიც ევროპის კონტინენტურ ნახევარფინალზე საქართველოს სახელით წარსდგება. ვრცლად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “გასტრონავტი“ ჟიურის რამდენიმე წევრს გაესაუბრა.

„ქართული გასტრონომიის სფერო წლების განმავლობაში ჩაკეტილი იყო და ეროვნულ საზღვრებს არ სცდებოდა, Bocuse d’Or–ის მეშვეობით კი სწორედ ამ საზღვრების გახსნა გახდა შესაძლებელი. ჩვენი ახალგაზრდა თაობის შეფ–მზარეულებისთვის განუზომლად დიდი სტიმულია ამ ჩემპიონატში მონაწილეობა. აქვე აღვნიშნავ, რომ კონკურსის ფინალში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი გვაქვს, თუმცა ეს ჩემპიონატი ჩვენთვის ერთგვარი ტრამპლინი გახდება, რომელიც წლების შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო დონის კუნკურსში გამარჯვებას მოგვიტანს“– აღნიშნა შეფ–მზარეულმა და რესტორატორმა– გიორგი იოსავამ.

მოგეხსენებათ, 30 წელია რაც Bocuse d’Or ტარდება, სადაც მსოფლიოს წამყვანი გასტრო ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შესაბამისად, მათ აქვთ ამ სფეროში მოღვაწეობის ძალიან დიდი გამოცდილება და პრაქტიკა. სწორედ ამიტომ, აღმასრულებელი ბრენდ შეფი – გურამ ბაღდოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ამ კონკურსში მონაწილეობა ძალიან დიდ გამოწვევასთან და ბევრი დაბრკოლების გადალახვასთან ასოცირდება: "ძალიან რთული დაბრკოლებების წინაშეა Bocuse d’Or Georgia-ს თითოეული მონაწილე. უნარები, ტექნიკა, ტექნოლოგიები, ფაქტურა, თანამედროვე იარაღების გამოყენების შესაძლებლობა– ეს იმ სიის მცირე ნაწილია, რომელთა პირისპირ შეჯახებაც მოუწევს თითოეულ ქართველ კონკურსანტს. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ გაგვიჭირდება თანამედროვე იარაღების მოპოვება, რომლითაც კერძის სხვადასხვა კომპონენტი მზადდება, ეს კი სწავლა–სწავლების პროცესს ერთგვარად ართულებს“. მისივე თქმით, 2 და 3 ნოემბერს კონკურსანტების შეფასებისას Bocuse d’Or-ის სტანდარტული კრიტერიუმების გარდა, პირადი შეფასების სქემითაც იხელმძღვანელებს და ყურადღებას შემდეგ კომპონენტებზე გაამახვილებს: სირთულე, თანამედროვე ტენდენცია და ტექნოლოგია, გემოვნური თვისება, ვიზუალი, ინოვაცია...

როგორც ბრენდ შეფი– გიორგი სარაჯიშვილი ამბობს, არც იმდენად დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ცეზარისა და მექსიკურის გარდა კიდევ სხვა უამრავი საინტერესო კერძი არსებობს. მისივე თქმით, ჩვენთან სულ რაღაც 10 წელია, რაც გასტრონომიის სფეროში პოზიტიური ძვრები შეინიშნება და დაახლოებით ამდენივე წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ აღნიშნული სფერო სათანადო დონეზე განვითარდეს.

„Bocuse d’Or მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქართული გასტრონომიის სფეროს განვითარებისკენ სწრაფვაში დაგვეხმარება. ჩვენ გვჭირდება შემდეგი კომპონენტების დასწავლა: პროდუქტის დამუშავების ტექნიკა, ვიზუალი, პრეზენტაცია. მნიშვნელოვანია ამ ყოველივეს ათვისება, რათა,ზოგადად ჩვენთან გასტრონომიის სფერო განვითარდეს“ – განმარტა გიორგი სარაჯიშვილმა.

პროდუქტის დამუშავების ტექნიკა, სეზონური პროდუქტები, და კერძის პრეზენტაცია – ეს ძირითადი მახასიათებლებია, რომლის მიხედვითაც სარაჯიშვილი კონკურსანტებს შეაფასებს.

„Bocuse d’Or Georgia“-ს პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი, რომელიც ჟიურის ერთერთი წევრიც გახლავთ, მიიჩნევს, რომ Bocuse d’Or არის ის წარმატებული გასტრონომიული ჩემპიონატი მთელ მსოფლიოში, რომელიც ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს: “Bocuse d’Or მზარეულებისთვის მასშტაბური პლატფორმაა, სადაც ტექნიკის დახვეწაზე მუშაობენ, დიდ პრაქტიკას გადიან და დარგში დახელოვნებას ახერხებენ. აღნიშნული კონკურსი ქართული გასტრონომიული სფეროსა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ტიპის მასშტაბური პროექტი ამ დრომდე საქართველოში არ ჩატარებულა“.

Bocuse d’Or Georgia–ს პროექტის ორგანიზატორი კვების დაწესებულების ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო –„გასტრონავტი“ გახლავთ. ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულები გაემგზავრებიან ტალინში, ევროპის კონტინენტურ ნახევარფინალზე. აღნიშნულ კონკურსში წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში კი 2021 წელს, საქართველო საფრანგეთში Bocuse d’Or -ის საერთაშორისო ფინალზე წარსდგება. ქალაქ ლიონში 24 ქვეყნის ფინალისტი უმაღლესი ჯილდოს - „ოქროს ბოკუზის“ მოსაპოვებლად იბრძოლებს.

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

გლდანში, კაზინოში გაზით 5 ადამიანი მოიწამლა

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში