ავტორი:

ალჟირის ქართველი მმართველები, რომელთა შესახებ ბევრს არ სმენია - "ჰასანი ყველგან საკუთარ ლომთან ერთად დადიოდა..."

ალჟირის ქართველი მმართველები, რომელთა შესახებ ბევრს არ სმენია - "ჰასანი ყველგან საკუთარ ლომთან ერთად დადიოდა..."

საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ ალჟირის ყოფილი მმართველები ჰასან კაპუდან ფაშა და ბაბა ჰასან დეი წარმოშობით ქართველები იყვნენ.

ისტორიკოსი კოკი ფერაძე მათი მეტად საინტერესო მოღვაწეობის და ცხოვრების შესახებ AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს:

- ქართულ ისტორიოგრაფიაში მაღრიბის ოსმალურ საფაშოებში ქართული წარმოშობის მოხელეთა მოღვაწეობა სიახლეს წარმოადგენს. ის, რომ ქართველი ტყვეები სტამბოლისა თუ ოსმალეთის იმპერიის სხვა მონათა ბაზრებზე საკმაოდ სარფიანად და დიდი რაოდენობით იყიდებოდნენ, ჩვენთვის აღმოჩენა არაა, თუმცა მათი შემდგომი ბედი უმეტესწილად ბუნდოვანი იყო ქართველი, და არა მარტო ქართველი მკვლევრებისთვის.

სამეცნიერო ლიტერატურის, საარქივო მასალების, დიპლომატიური და სამოგზაურო მემუარების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ქართველ ტყვეებს შორეულ ალჟირშიც ყიდულობდნენ. XVIII-XIX საუკუნეებში მამლუქთა არსებობა ალჟირის მეზობელ თუნისისა და ტრიპოლის საფაშოებშიც დასტურდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მონებს, მათ შორის კავკასიიდან მოტაცებულ მოზარდებს, სტამბოლელი მოხელეები და ოსმალურ საფაშოთა გამგებლები ერთმანეთს საჩუქრად უგზავნიდნენ. რამდენად მასშტაბური და რეგულარული იყო აქ კავკასიელ მონათა, მათ შორის ქართველთა შემოყვანა, ჯერ კიდევ შესასწავლი და გასარკვევია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მამლუქთა ის სამხედრო-პოლიტიკური სისტემა, რომელიც შეიქმნა ეგვიპტესა და ერაყში, ალჟირში არ შეინიშნება.

ალჟირი ხმელთაშუა ზღვის მეკობრეობის ცენტრი იყო, ალჟირელები სხვა ქვეყნების ხომალდებს იტაცებდნენ, თავს ესხმოდნენ ზღვისპირა სოფლებს და დატყვევებულ ადამიანებში უზარმაზარ გამოსასყიდს ითხოვდნენ. ამ საფაშოში 1575 წლიდან მოყოლებული, ხუთი წელი ტყვეობაში მიგელ დე სერვანტესმაც გაატარა და ეს პერიოდი თავის რამდენიმე ნაწარმოებში აღწერა.

ამ შორეულ საფაშოში მოღვაწეობდა რამდენიმე ქართველი, რომლებმაც თავიანთი ნიჭი და ენერგია ალჟირის და ზოგადად, ოსმალეთის იმპერიის კეთილდღეობას მოახმარეს.

ოსმალეთის განთქმული ამირბარი (ადმირალი) ჯაზაირლი (ალჟირელი) კაპუდან ფაშა ჰასანი 1714 წელს დაიბადა საქართველოში და წარმოშობით ფშავიდან იყო.

იგი სიბერეშიც კი თავისუფლად ფლობდა ქართულ ენას. ფიქრობენ, რომ ჰასანი თავიდანვე ალჟირში იქნა გაყიდული, თუმცა არის მოსაზრება, რომ იგი სტამბოლის თექირდაღის უბანში მცხოვრებმა ვაჭარმა შეიძინა, მონობიდან განთავისუფლების შემდეგ კი იანიჩართა რიგებში ჩაეწერა და 1737-1739 წლებში ავსტრიელთა წინააღმდეგ იბრძოდა, სადაც თავი ქალაქ ბელგრადის ალყის დროს გამოიჩინა.

ალჟირში იგი ტლემსენის ოლქის მმართველად დაინიშნა. მოგვიანებით, ალჟირის დეისთან ურთიერთობის გართულების გამო ალჟირიდან ესპანეთში გაიქცა. 1760 წელს ჰასანი სტამბოლში დაბრუნდა და აქედან მოყოლებული, 30 წლის განმავლობაში, რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ იბრძოდა. 1770 წლის 5-7 ივლისის რუსეთთან გამართულ ჩესმას საზღვაო ბრძოლაში ჰასანმა თავი გამოიჩინა, რის შედეგადაც სულთანმა იგი კაპუდან ფაშას, ანუ მთავარი ადმირალის თანამდებობაზე დააწინაურა. შემდგომ წლებში იგი წესრიგის დასამყარებლად სხვადასხვა ოსმალურ პროვინციებში მიავლინეს, მათ შორის სირიაში, ეგვიპტეში და მორეაში.

იმავდროულად ჰასანი შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ საზღვაო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. იგი ოსმალური ფლოტის მოდერნიზაციის მთავარი ინიციატორი იყო, მის სახელს უკავშირდება თურქული საზღვაო აკადემიის შექმნაც. ჰასანი, რომელიც ყველგან თავის ლომთან ერთად დადიოდა, 1790 წელს სტამბოლში გარდაიცვალა.

ჰასან კაპუდან ფაშა ხშირად ასოცირდება ალჟირის საფაშოსთან. რუსეთთან ომის დროს მან მაღრიბის ქვეყნებიდან არაერთი საზღვაო სპეციალისტი, მათ შორის ქართველი, გამოიწვია.

- რას გვეტყვით ბაბა ჰასან დეის შესახებ, რომელსაც წერილებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი წერდა?

- ქართული წარმოშობის ოსმალო მოხელეებმა ალჟირში დაწყებული აღმასვლა ოსმალეთის იმპერიის სხვა ნაწილებშიც გააგრძელეს. ზოგიერთმა მათგანმა თავად ალჟირის უმაღლეს თანამდებობას - დეის ან ფაშა-დეის წოდებას მიაღწია. ესენია ქვემოთ დასახელებული ორი მმართველი - ჰასან დეი და ალი ხოჯა, რომელთა ბიოგრაფიები საქართველოში პირველად ქვეყნდება.

ბაბა ჰასან დეის (1791-1798) ალჟირის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მას აქებენ როგორც ევროპელები და ამერიკელები, ისე არაბები. ამერიკელი ჰენრი ბარნბი კი თავის წიგნში "ალჟირის ტყვეები" ჰასანის მოღვაწეობას რამდენიმე თავს უთმობს და მასზე საუბარს იწყებს იმით, რომ სიდი ჰასანი ქართველი იყო.

ეს ბრიტანელი დიპლომატის საიმონ ლუკასის მიერ ბრიტანეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელთან ჰენრი დუნდასთან გაგზავნილი წერილიდანაც ირკვევა. თურქული წყაროების თანახმად, მისი სახელია ჰასან ბინ იუსუფ აჰისკალი, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ჰასანი ახალციხელი გამაჰმადიანებული მესხი იყო.

1730-იანი წლებისათვის, ახალციხის საფაშოს დიდგვაროვანთა უმეტესობა მაჰმადიანი იყო, გლეხობის დიდი ნაწილი კი ისევ ინარჩუნებდა ქრისტიანობას. თუ ჰასანი მუსლიმი იყო, მაშინ იგი ალჟირში მამლუქის ან მონის სახით ვერ მოხვდებოდა. ბრიტანულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ჰასანი ალჟირში ძალზე ახალგაზრდა ჩამოვიდა და ჯარისკაცად ან იანიჩრად, ალბათ, ნებაყოფლობით ჩაეწერა.

ლუკასის თანახმად, ჰასანი სხარტი გონების პატრონი, განათლებული და მამაცი პიროვნება იყო, მან საზღვაო საქმე საკმაოდ სწრაფად შეისწავლა. მალე ჰასანს ხომალდის კაპიტნის წოდება მიანიჭეს და 1770 წელს შავ ზღვაში რუსეთ-თურქეთის საზღვაო ბრძოლებში ალჟირის გემების მეთაურად მიავლინეს.

1775 წელს ესპანეთი ალჟირზე თავდასხმისათვის გამალებით ემზადებოდა. იმჟამინდელმა მმართველმა მუჰამად დეიმაც დაიწყო ომისათვის მზადება და ამასთან, სტამბოლში სულთანთან შუამდგომლობისა და დახმარების სათხოვნელად ჰასანი გაგზავნა. უკან გამობრუნებული ჰასანი უკვე სასტიკად დამარცხებულმა ესპანელებმა გზაში დაატყვევეს და ესპანეთში წაიყვანეს.

მუჰამად დეიმ საფრანგეთის კონსულს სთხოვა დახმარებოდა ესპანელთა ტყვეობიდან ჰასანის გამოხსნაში. მცირე დაყოვნების შემდეგ, ჰასანი გაათავისუფლეს. როგორც ირკვევა, ესპანეთში ყოფნისას ჰასანმა ფარული მოლაპარაკება გამართა ბურბონებთან და გასამრჯელოდ რამდენიმე მილიონი ესპანური დოლარიც მიიღო. მას ესპანეთსა და ალჟირს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების უზრუნველყოფა დაესპანელი ტყვეების დაბრუნება ევალებოდა.

ამ დროისათვის ორივე სახელმწიფო მზად იყო მშვიდობისათვის. ალჟირში დაბრუნებული ჰასანი სხვადასხვა დასავლელ დიპლომატებთან მართავდა შეხვედრებს. ამავე დროს იგი წერილს უგზავნის საფრანგეთის მეფეს ლუი XVI-ს და მადლობას უხდის იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო ესპანელთა ტყვეობიდან მისი განთავისუფლების საქმეში. ირკვევა, რომ ჰასანი კარგად ფლობდა ესპანურ ენას და ჯერ საზღვაო მინისტრის (ვაქილ ალ-ჰარიჯ), მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრის (ჰაზნაჯი) თანამდებობები ეკავა. მუჰამმად დეის გარდაცვალების შემდეგ, 1791 წლის 13 ივლისს, იანიჩრების მოთხოვნით, ჰასანი ალჟირის დეის თანამდებობაზე აირჩიეს.

ესპანეთმა ჰასანთან დადებული ადრინდელი ხელშეკრულების საფუძველზე ქალაქი ორანი ალჟირს დაუთმო. განახლებული ხელშეკრულება შვედეთთან, პრუსიასთან და სხვა ევროპულ სახელმწიფოებთანაც გაფორმდა. სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო ასევე პორტუგალიასთანაც, რომელთანაც ალჟირი მუდმივად ომის მდგომარეობაში იყო. პორტუგალიელებმა გახსნეს გიბრალტარის სრუტე, სადაც ამ დრომდე მაღრიბელ მეკობრეებს არ ატარებდნენ. ალჟირელებმა ამით ისარგებლეს, ატლანტიკის ოკეანეში ამერიკის სავაჭრო ხომალდებს თავს დაესხნენ და მრავალი ამერიკელი მეზღვაურიც დაატყვევეს. მათ ჯერ კიდევ 1785 წლიდან ჰყავდათ დატყვევებული 21 ამერიკელი მეზღვაური ქალაქ ალჟირში.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი საინტერესო ფაქტი: 1793 წელს ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი ალჟირის დეისთან მორიგ მოლაპარაკებებს იწყებს და ჰასანთან გამოცდილ დიპლომატს დევიდ ჰამფრის აგზავნის, რომელიც ამ პერიოდში ამერიკის ელჩი იყო ესპანეთში. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ შედგა, დეიმ ელჩი არ მიიღო, თუმცა, როგორც ირკვევა, ვაშინგტონის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა და თავის ამერიკელ მდივანს ქასქართს მოგვიანებით პასუხიც უკარნახა. ამ პასუხის ერთი ვერსია ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის არქივებში ინახება.

მე შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი ქასქართის მიერ შედგენილ ამ დაუთარიღებელ წერილს, რომლის ორიგინალი ამჟამად ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში ქასქართის პირად არქივში ინახება. ჰასან დეი ჯორჯ ვაშინგტონს წერდა, რომ იგი მიესალმება მოლაპარაკებებს და საჭიროდ თვლის უახლოეს პერიოდში ამერიკასა და ალჟირს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას.

უცნობია, გაიგზავნა თუ არა ეს წერილი ამერიკაში. როგორც არ უნდა იყოს, ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონისა და ახალციხელი ქართველის, იმჟამად ალჟირელი მმართველის პირველი მიმოწერა ნაკლებად შედეგიანი გამოდგა. მოლაპარაკებები მხოლოდ 1796 წელს განახლდა ალჟირში მივლინებული ამერიკელი კონსულის - დონალდსონის მეშვეობით და დეის ამერიკელი მდივნის ჯეიმს ქასქართის გამჭრიახობა რომ არა, ეს მოლაპარაკებაც ჩაიშლებოდა და მრავალი ამერიკელი ტყვე, მონის სტატუსით, ისევ ალჟირში დარჩებოდა".