ავტორი:

პატრონისგან მიტოვებული ძაღლი, რომლის ვიდეომ "ფეისბუქი" შეძრა, მანჩო გიორგობიანმა შეიფარა - "ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა ცხოველები..."

პატრონისგან მიტოვებული ძაღლი, რომლის ვიდეომ "ფეისბუქი" შეძრა, მანჩო გიორგობიანმა შეიფარა - "ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა ცხოველები..."

რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" უმძიმესი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელმაც ინტერნეტსაზოგადოების აღშფოთება გამოიწვია - თბილისში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მისდევს მიტოვებული ძაღლი მანქანას, რომელშიც სავარაუდოდ, მისი პატრონი იყო, ან ძაღლს საკუთარი პატრონი ეგონა.

დღეს ლაბრადორის მეტისი მანჩო გიორგობიანთან ცხოვრობს. აქტივისტს ერთი თვის წინ 11 წლის ლაბრადორი დაეღუპა, სხვა ძაღლის მოყვანაზე აღარ უფიქრია, თუმცა ვერ გაუძლო იმ კადრებს, რომელიც ნახა.

მანჩო გიორგობიანი AMBEBI.GE-ს ძაღლის ისტორიას უყვება:

"ცხოველები ძალიან მიყვარს, ადრე კოკერსპანიელი მყავდა, შემდეგ ლაბრადორი, ერთი თვიდან გავზარდე ორივე. ერთი 13 წელი მყავდა, მეორე 11 წელი. ახლახან მომიკვდა ლაბრადორი, კიბო ჰქონდა და დამაძინებინეს... ძალიან განვიცადე და ნამდვილად აღარ ვაპირებდი სახლში ძაღლის მოყვანას, არადა მეგობრები მთავაზობდნენ, ახალ ძაღლს გიყიდითო, უარს ვეუბნებოდი ყველას...

- ვიდეო როდესაც ნახეთ, გადაწყვეტილება მაშინ მიიღეთ?

- ვიდეო ვნახე სოციალურ ქსელში და ძალიან განვიცადე, თუმცა ის კაცი, მანქანის მძღოლი, რომელსაც ძაღლი მისდევს, ამბობს, მე არ ვარ პატრონიო. ძაღლი ნამდვილად პატრონიანია. ადექი, დაწექი, ყველაფერი იცის, სულ მოფერებას გთხოვს, არ არის ქუჩის ძაღლი.

ჩემ მეგობარს გოგა გველესიანს ვუთხარი, რომ თუ არავინ წაიყვანა, მე წავიყვან-მეთქი. შემდეგ ვნახე, სოციალურ ქსელში ხათუნა აზარაშვილს ჰქონდა გამოქვეყნებული ფოტოები, წერდა - "მეგობრებო, ეს საყვარელი ძაღლი მანქანას რომ მისდევდა, ეძებს პატრონს ან შემფარებელსო"... რომ შევხედე, ძალიან ტრაგიკული სახე ჰქონდა. თავიდან სუფთა ჯიშის ლაბრადორი მეგონა, მაგრამ რომ ვნახე, ნარევია, მეტისია, სავარაუდოდ, რომ გაიზარდა და აღმოაჩინეს სუფთა ჯიში არაა, გამოუშვეს. ძაღლს ეშინია ლიფტის, კორპუსში არ არის გაზრდილი, თუმცა სახლი არ ეუცხოვა.

- სახელი როგორ შეურჩიეთ?

- ცოტა ბოთეა და ამის გამო, ბობო დავარქვი. დაახლოებით რვა თვის იქნება. ძალიან თბილად შეხვდა დედაჩემს, ჩემ სიძეს, ჩემ დისშვილებს ძალიან გაუხარდათ, ახლა კახეთში არიან და ჩამოვლენ - ოჯახის ახალი წევრი გვყავს. არ ვფიქრობ, რომ მისი სახლში მოყვანით რაიმე გმირობა ჩავიდინე. უამრავ ადამიანს აჰყავს ქუჩიდან ძაღლი. მე რადგან გამოცდილი მეძაღლე ვარ, ვიცოდი რომ კომუნიკაცია არ გამიჭირდებოდა, რადგან უკვე დიდია და ცოტა რთულია მისი გაზრდა გამოუცდელისთვის.

როდესაც მომყავდა, ძლივს ჩავსვი მანქანაში, ბევრი ვეფერე, სანამ მიხვდა რომ არ ვერჩოდი, ძალიან შეშინებული იყო. დღესაც ეზოში მყავდა, გავასეირნე და ეზოს ბოლოში ძაღლის ყეფა რომ გაიგო, სახლისკენ გამოიქცა, შეეშინდა. ძაღლების ფსიქოლოგი, ძია ნოდარი შემეხმიანა, აქ ვარ, ნუ გეშინიაო. სანამ მოვუხსნი ამ შიშებს, სავარაუდოდ დამჭირდება ძაღლის ფსიქოლოგი.

- ახსენეთ რომ, ორი ძაღლი დაგეღუპათ, ცოტა ხნის წინ დიდი ტრაგედია შეგემთხვათ...

- პირველი ძაღლი თემურ უგულავამ ჩამოუყვანა ჩემ დას მოსკოვიდან, ინგლისური კოკერსპანიელი იყო და 13 წელი გვყავდა. შემდეგ იყო ლაბრადორი, 11 წელი ცხოვრობდა ჩვენთან. ზუსტად ამიტომ არ მინდოდა კიდევ ერთი ძაღლი მომეყვანა. თან აქამდე ჯიშიანი ძაღლები მყავდა, იციან მეგობრებმა, რომ „მარიაჟი“ ვარ და მეუბნებოდნენ, რა ჯიშსაც დაადებ ხელს იმას გიყიდითო, მაგრამ ამ ძაღლის ფოტოს რომ შევხედე, მივხვდი, ძალიან ვჭირდებოდი, რთულად გამოუჩნდებოდა პატრონი...

- თქვენ რას საქმიანობთ ახლა?

- სამოქალაქო აქტივობებში ვარ ჩართული. ქალაქის საკითხებში, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვაში, სოციალური დახმარება თუ სჭირდება ვინმეს, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვმუშაობ და მიხარია როცა ვინმეს ვეხმარები. ბობოს გამოჩენით ჩემს ცხოვრებაში საქმე მომემატა.

ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა ცხოველები და ჩემი დისშვილებიც გიჟდებიან. სამწუხაროდ, ხალხს ძაღლი სახლში სათამაშოდ მოყავს, მოიყვანენ ლეკვს და რომ იზრდება, მერე ჰბეზრდებათ.

6 თვიდან 1 წლამდე ძაღლი ძალიან რთული მოსავლელია, როგორც ბავშვი, ყირაზე გადადის. თუ ამის ნერვები არ გაქვს, არ უნდა მოიყვანო სახლში.

ხელისუფლებამ უნდა მიიღოს კანონი, როგორც ევროპაშია. საზღვარგარეთ ძაღლებს ამრავლებენ მხოლოდ ლიცენზიის მქონე პირები, დანარჩენი ყველა ძაღლი კასტრირებულია და იქ ძაღლის გადაგდებაზე 10 ათასი ევროა ჯარიმა. სანამ იგივე სანქციებს არ მივიღებთ ჩვენთან, ვიქნებით ამ გაუგებარ მდგომარეობაში. თბილისში თუ არის სტერილიზაციის სამსახურები, არ არის რეგიონებში. ეს თუ სისტემატიურად არ მოხდა, ვერ მივიღებთ შედეგს, რაც ევროპაშია.

"უწმინდესმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო... სინოდის სხდომას მეუფე იაკობიც დაესწრება" - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

"პროსერვისი“ მასშტაბურ კიბერშეტევაზე - "ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია"

ზოგან ძლიერი წვიმა, მაღალ მთაში თოვლი - 31 ოქტომბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვანად დაიკლებს