ავტორი:

2020 წლის ბოლოს დენის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს - რა პროგნოზებს აკეთებს დავით ნარმანია

2020 წლის ბოლოს დენის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს - რა პროგნოზებს აკეთებს დავით ნარმანია

ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, არა ყოველ წელს, არამედ სამი წლის ვადით განისაზღვროს. აღნიშნულის შესაძლებლობას სემეკის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში არ გამორიცხავს.

„ბუნებრივი აირის სექტორშიც გვინდა, რომ გადავიდეთ სამწლიან ტარიფებზე. ამან გაამართლა ელექტროენერგიისა და წლის ტარიფებთან დაკავშირებით, რადგან საშუალოვადიან პერიოდში ვხედავთ სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. გაზის სექტორშიც ვხედავთ, რომ შესაძლებელია და კანონმდებლობაც გვაძლევს საშუალებას, სამწლიანი ტარიფები დავადგინოთ“, - აცხადებს ნარმანია.

რაც შეეხება შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფების ზრდა, სემეკის ახალი თავმჯდომარე აღნიშნულის შესაძლებლობას 2020 წლისთვის არ გამორიცხავს.

„ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის 2020 წლის ბოლოს ამის საჭიროება დადგეს.

რაც შეეხება წყლის ტარიფს, ევროპის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნაა და ხდება დაახლოება ევროპულ სისტემასთან. დღეს ჩვენთან სამომხმარებლო ტარიფი უფრო დაბალია, კომერციული მაღალია. ამ საკითხზე ცალკე მუშაობა მოგვიწევს და ეს მოდელი დიდხანს ალბათ, ვერ შენარჩუნდება", - განაცხადა ნარმანიამ.

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, მოსახლეობის პროტესტის გამო, უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე, - აცხადებს დავით ნარმანია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარმანიას თქმით, უნდა ვიცოდეთ, რომ „მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე“.

„ჩვენთან ძალიან მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და თუ ადეკვატურად არ განვავითარეთ ადგილობრივი გენერაცია, არ ავაშენეთ ჰესები, ქარის სადგურები და ასე შემდეგ, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით იმპორტზე. იმპორტირებული ელექტროენერგია ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ძვირია, ამიტომაც აუცილებელია, რომ იგივე გაჩერებული ჰესები, რაზეც გარკვეული წინააღმდეგობებია, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით, ამ ყველაფრის მათთვის შესაბამისი ახსნით გავაგრძელოთ და თუ რომელიმე ჰესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს გარემოზე, მხოლოდ მასზე ვთქვათ უარი, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ გარკვეული უხერხულობების ან ასე ვთქვათ, მოსახლეობის პროტესტის გამო უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე. ასე რომ, თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები“, - აცხადებს ნარმანია.

მისივე თქმით, არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც საკითხში გაურკვეველი პირები ვიღაცების მართული პროცესების გამო აჩერებენ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტს.

„თითოეული მეგავატი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იგივე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, სჭირდება ენერგია და ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა იძახის, რომ სჭირდება იაფი ენერგია. ეს მოთხოვნა სწორია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ძალიან იაფი ენერგია ვერ გვექნება და თუ მუდმივი პროტესტი და წინააღმდეგობა გვექნება ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ელექტროენერგია კიდევ უფრო გაგვიძვირდება მომავალში. აქედან გამომდინარე, კარგად უნდა დარწმუნდეს მოსახლეობა, კონკრეტული ჰესი რა გავლენის იქნება. მეორე მხრივ, თუ რამე ჰესის მშენებელ კომპანიასა და მთავრობას შორის გაფორმებულ დოკუმენტში შესაცვლელი და დასახვეწია, შეიძლება შესწორდეს. რაღაც დათმობაზე ინვესტორი უნდა წამოვიდეს, რაღაც დათმობაზე მთავრობა და მოსახლეობა. ყველამ თითო ნაბიჯი უკან თუ არ გადადგა, ისე ეს პროცესი წინ ვერ წავა. უნდა მოვისმინოთ მოსახლეობის მოთხოვნა მკაფიოდ და არგუმენტირებულად და არა ისე, რომ ეს ხეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. ეს სპეციალისტებმა უნდა ნახონ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც იგივე პანკისის ჰესს აქვს და მე კარგად წავიკითხე ეს დოკუმენტი, მის მიხედვით არ დგინდება, რომ ჰესს შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ხეობაზე. ყოველთვის მოიძებნება კონსენსუსი. ამის გარეშე ინვესტორი ცოდოა, მან ფული უკვე დახარჯა, კვლევებია გაკეთებული, ტექნიკა მობილიზებული იყო, ტრაქტორი დაიწვა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხი ვიღაცებს უნდა მოეთხოვოთ, ვინც ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ მოდით, ეს იყოს ერთი უკან დახევა ინვესტორის მხრიდან, კეთილი ნაბიჯი, რომ არ უჩივლოს მას, ვინც ცეცხლი მოუკიდა მის ტრაქტორს. ასე ტრაქტორების დაწვით და ა.შ. საქმე არ გაკეთდება. მოლაპარაკებებით, თბილი საუბრით რაღაც კონსენსუსამდე აუცილებლად მივალთ. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის სწორად უყურებს პროცესებს, უბრალოდ რაღაც კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა, შეიძლება მეტი კომუნიკაცია იყოს საჭირო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა. არიან რადიკალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი უნდა აშენდეს ამ ქვეყანაში და რომ კითხოთ, რომ აბა, საიდან უნდა მოვიტანოთ ელექტროენერგია, ამბობენ, რომ თქვენ ხართ მთავრობა და საიდანაც გინდათ მოიტანეთ. ერთად უნდა დავსხდეთ, შეიძლება ბევრი ვიკამათოთ და ვიდაოთ, მაგრამ ჰესი უნდა ავაშენოთ“, - აცხადებს ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

ნახეთ ინტერვიუს სრული ვერსია

რა ღირს საწვავი საქართველოში მაშინ, როცა ნავთობის ფასი მსოფლიოში 42%-ით დაეცა

კორონავირუსის გამო, "თურქიშ ეარლაინსმა" იტალიაში ფრენები შეწყვიტა

კორონავირუსის ტესტირებისა და მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს