ავტორი:

"საქართველოში მხოლოდ ორი დოქსოპულოა დარჩენილი..." - ბერძნული გვარის რეალური ისტორია, რომელიც საქართველოში მოღალატის მეტაფორად იქცა

"საქართველოში მხოლოდ ორი დოქსოპულოა დარჩენილი..." - ბერძნული გვარის რეალური ისტორია, რომელიც საქართველოში მოღალატის მეტაფორად იქცა

ბევრმა შესაძლოა არც იცის, რომ თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმის - "მონანიების" ოდიოზური გმირის გვარი რეალურად არსებობს და დღეს საქართველოში ამ გვარის ორად ორი წარმომადგენელი ცხოვრობს.

ერთ-ერთი გახლავთ ინგლისური ენის პროფესორი მაია დოქსოპულო, რომელსაც AMBEBI.GE ინტერვიუსთვის დაუკავშირდა და იშვიათი გვარის წარმომავლობაზე გვიამბო:

"მე კინო ძალიან კარგად ვიცი, უამრავი კინორეჟისორი მეგობარი მყოლია... კინოენაც ვიცი და რეალობაც. იმ შემთხვევაში თენგიზ აბულაძემ ფილმში უცხო ეფექტი გამოიყენა, აი, რომ ეთქვა, ჯაფარიძე შენ დედა გყავს, არ ექნებოდა ის ეფექტი და გამოიყენა ეს გვარი და არა იმიტომ, რომ ამის შემდეგ ვისაც არ დაეზარება ნაძირალები ჩემი გვარით მოიხსენიოს!

საქართველოში, ჩემდა სამწუხაროდ, იმდენი უღირსი ბუდობს, აიღე და იმის გვარი უწოდე ან თუ ძალიან მამაცი ხარ, თავისი გვარით მიმართე. ჩემი გვარით დატვირთვა ამ სიუჟეტების, ძალიან გაუგებარია.

- გვარის ისტორიის შესახებ მოგვიყევით, აღნიშნავთ რომ, სულ ორი ადამიანი ხართ დარჩენილი...

- გვარი საბერძნეთიდან მოდის, ბაბუა იქ იყო დაბადებული, თავისი სპეციალობით ჩამოვიდა ჭიათურაში, შემდეგ მოხდა არეულობების სერია და დარჩა საქართველოში. არაჩვეულებრივი მამიდები და ბიძები მყავდა, ყველა ბერძნულად საუბრობდა. მე სამწუხაროდ, მხოლოდ ძველი ბერძნული ვისწავლე. ნამყოფი ვარ ორჯერ საბერძნეთში და ბედნიერი ვარ ამით! დედა ქართველი მყავს.

პირველად ნოდარ გრიგალაშვილმა ახსენა ჩემი გვარი თავის გაზეთში დიდი ხნის წინ. მე მას მივწერე წერილი და ავუხსენი, რომ ეს გვარი არაფერში არ გამოგადგებათ, არასწორია-მეთქი. ის ფილოლოგი კაცი იყო, გამიგო და ბოდიში მომიხადა. თავისივე გაზეთში დაწერა, რომ არასოდეს გამოიყენებდა ამ გვარს. სად ჩარჩათ მაინცდამაინც? ხომ ჰყავთ კვაჭი კვაჭანტირაძე, ის ახსენონ, მოეშვან.

- საბერძნეთში თქვენი გვარი ცნობილი გვარია?

- არა. არის გვარი დიმიტრიადი, ისინიც ცოტანი იყვნენ. ბერძნები ძირითადად ცხოვრობენ ბათუმში, არის არაჩვეულებრივი სოფელი ბაკურიანთან - ციხისჯვარი, იქაც. მერე წავიდნენ, მაგრამ სახლები არ გაუყიდიათ და ახლა ბრუნდებიან.

- თენგიზ აბულაძემ ეს გვარი საიდან გამოიყენა, იცნობდა თქვენს ოჯახს?

- არ ვიცი, კინოში ყველაფერი შეიძლება, მხატვრულ ლიტერატურაშიც, რადგან ეს არის ერთგვარი ხერხი, მიზნის და ეფექტის მისაღწევად, მაგრამ მე მესმის კინო, 50 წელი შევალიე უნივერსიტეტს, მერე აღარ დავრჩი, არ იყო ის განათლებული თაობა, რომელსაც მე შეჩვეული ვიყავი.

თუ გინდა რომ ამით თქვა, „მონანიება“ გაქვს ნანახი, მოინანიე სხვანაირად, რა შუაშია ჩემი გვარი? თუ გვარს იყენებ, უნდა იკითხო რამეს ხომ არ ნიშნავს. გვარი იშიფრება როგორც - მშვიდობის ჩიტი და რაში სჭირდებათ სალანძღავად გამოყენება, გაუგებარია.

ქალბატონი მაიას შვილი ნინჩო ჯიბლაძე, ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორია. ის დედის პოზიციას იზიარებს და "ფეისბუქზე" წერს:

"ალბათ ბევრმა ადამიანმა არ იცით და ვალდებული ვარ აგიხსნათ ერთი გარემოება. დედაჩემს არაჩეულებრივი ბერძნული გვარი აქვს, დოქსოპულო. ბაბუა სალონიკიდან ჩამოვიდა და ბებიაჩემისგან სამი გოგონა შეეძინა - ორი ქიმიკოსი და ერთი დასავლეთ ევროპის სპეციალისტი, უნივერსიტეტის პროფესორები.

ბაბუა და ბებია უაღრესად პატიოსანი ადამიანები იყვნენ, ბებია თავადი იყო - მისი ნათესავები 1937 წლის პერიოდში ბევრი დახვრიტეს, ამიტომ ჩვენს სახლში კომუნისტებს ვერ ახსენებდი, არასოდეს არავის ჩვენი ოჯახიდან სისტემასთან შეხება არ ჰქონია.

დოქსოპულო - ეს გვარი თენგიზ აბულაძემ მხატვრული თვალსაზრისით გამოიყენა! „მონანიება“ გამოვიდა თუ არა, დედამ მაშინვე გამოაქვეყნა წერილი - სადაც თენგიზ აბულაძეს განუმარტა, რატომ არ ჰქონდა მას მისი გვარის ამგვარად გამოყენების უფლება. "საქართველოში მხოლოდ ერთი ოჯახია, მამაჩემის ოჯახი და მე, ჩემი ორი და..." - გრძელი წერილი იყო, რის შემდეგაც თენგიზ აბულაძემ დარწმუნებული ვარ, ინანა კიდეც გვარი დოქსოპულო მოღალატის მეტაფორად რომ იქცა.

ხშირად დედაჩემის გვარის გაგონებაზე გასცინებიათ, გავბრაზებულვარ, საშინელი სიტუაციები გამომივლია და არ გამომიხატავს, ახლა უნდა გამოვხატო! ერი, რომელშიც უხვად გვყავდა ბერიები, ორჯონიკიძეები, ბერბიჭაშვილები, ჯუღაშვილები, ყორღანაშვილები - მოღალატის ალეგორიად ბერძნულ გვარს იყენებს, რომლის მხოლოდ 4 წარმომადგენელი ცხოვრობდა საქართველოში - ჩემი საამაყო ბაბუა, დედა და დეიდები.

მგონი მოვიდა დრო დოქსოპულოს ნაცვლად რეალური მოღალატეების გვარები გამოვიყენოთ ქართველებმა!" - წერს ნინჩო ჯიბლაძე.

"ცხოვრებამ ეს სიმძიმე არ აკმარა..." - 15 წლის ნინი დიაკონიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მარინას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თანაც შეძლებული, მაგრამ მისი გული მაინც მე მოვიგე" - ზვიად ციკოლია პირად და შემოქმედებით ცხოვრებაზე

შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად მოიხსნება 25 თებერვალს, პირველ და 8 მარტს საქართველოში - სრული სია