ავტორი:

"8 კოლონია მოიარა... თანამოსაკნეებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდა" - რას წერს რუსული მედია ტარიელ ონიანზე

"8 კოლონია მოიარა... თანამოსაკნეებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდა" - რას წერს რუსული მედია ტარიელ ონიანზე

ე.წ. კანონიერი ქურდი, ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა. Gazeta.ru ცნობით, სხვადასხვა სახის ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული, ქართული წარმოშობის “კრიმინალური ავტორიტეტის” წინააღმდეგ საქმე ესპანეთში ჯერ კიდევ 14 წლის წინ აღიძრა. ესპანეთის პროკურატურა ტარიელ ონიანის 8 წლითა და 6 თვით დაპატიმრებას ითხოვს და მას 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას აკისრებს.

"67 წლის ქართველმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა ზედმეტსახელით "ტარო", რომელიც "ქუთაისური დანაშაულებრივი დაჯგუფების" ლიდერია, რუსეთი 23 ოქტომბერს ესპანელი სამართალდამცველების თანხლებით, შერემეტევოს აეროპორტიდან დატოვა. წელს ის განსაკუთრებული რეჟიმის N6 კოლონიიდან გათავისუფლდა, რომელიც "შავი დელფინის" სახელით არის ცნობილი. ონიანმა იქ თითქმის 10 წელი გაატარა, შემდეგ კი რუსთის ხელისუფლებამ ესპანეთისთვის მისი გადაცემა გადაწყვიტა", - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ირინა ვოლკმა დაადასტურა.

"ესპანელი სამართალდამცველები მას ესპანეთის ტერიტორიაზე, საკუთარ კლანთან ერთად ჩადენილი დანაშაულებებისთვის ეძებდნენ, ადამიანების გატაცების ბრალდებით, ტარიელ ონიანს ინტერპოლიც ეძებდა. მას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, თუმცა ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა, კომპეტენტურ ორგანიზაციებთან ერთად იმსჯელეს და მას მოქალაქეობა შეუწყვიტეს", - აცხადებს ვოლკი.

რუსული მედიის ინფორმაციით, "ტაროზე" ძებნა ჯერ კიდევ 2005 წლიდან მიმდინარეობდა, რადგან ის რუსეთსა და ესპანეთში უამრავ კრიმინალურ ქმედებაშია მხილებული, მათ შორის უკანონო ბიზნესებსა და "ფულის გათეთრებაში". ესპანური მედია წერდა, რომ ის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიასა და ევროპის ქვეყნებში გამოძალვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებულ თანხებს სამშენებლო და სარესტორნო ბიზნესში აბანდებდა.

მისი დაკავება ესპანელმა ძალოვნებმა 2005 წელს სცადეს, მაშინ რუსული მაფიის ათეულობით წევრი აიყვანეს. ტარიელ ონიანი ერთადერთი იყო, ვინც გაქცევა მოახერხა და რუსეთში გადავიდა. 2006 წლის აპრილში მან უკანონოდ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და მოსკოვში ცხოვრობდა.

როგორც რუსული მედია წერს, "2009 წელს ონიანი, თანამზრახველებთან ერთად საქართველოდან ბიზნესმენების გატაცებას გეგმავდა და ახორციელებდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას, მათ ორი დღე-ღამე ტყვედ ჰყავდათ მამაკაცი, რომელსაც 250 ათასი დოლარის გადახდას თხოვდნენ. თანხის გადახდის შემდეგ, ის გაათავისუფლეს".

2009 წლის 11 ივნისს ონიანი და მისი დაცვა რუსმა ძალოვნებმა, მოსკოვის გარეუბანში, საკუთარ სახლში დააკავეს და 10-წლიანი მკაცრი რეჟიმის კოლონია მიუსაჯეს.

ზედამხედველების დახასიათებით, "ის თანამოსაკნეების მიმართ სასტიკი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. კოლონიაში მუდმივად ამბოხის ატეხვას ცდილობდა და არასდროს მონაწილეობდა კულტურულ ღონისძიებებში. ასევე უარს აცხადებდა თვითგანვითარებაზე. ამასთან ადმინისტრაციას უხეშად, არაკორექტულად და უპატივცემულოდ მიმართავდა", - ჰყვება “РИА Новости-სთან” საუბარში კოლონიის წარმომადგენელი.

თუმცა, უარყოფითი დახასიათების მიუხედავად, ადვოკატებმა მისთვის სასჯელის შემცირება შეძლეს. 2019 წლის 9 აპრილს მან საპატიმრო დატოვა. გათავისუფლების დღესვე ის ისევ დააკავეს და 40 დღით დააპატიმრეს. სასამართლოზე გაირკვა, რომ ესპანეთში მის წინააღმდეგ დაწყებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, მისი ექსტრადაციის საკითხი უნდა დამდგარიყო, თუმცა ამ თემის გარშემო სპეკულაციები გრძელდებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთი მის ექსტრადაციას მხოლოდ იმიტომ ახორციელებს, რომ ონიანი ინტერპოლით იძებნებოდა.

"ესპანეთის პროკურატურას ონიანის გადაცემის საკითხში ოპტიმიზმის საფუძველს მხოლოდ ის აძლევდა, რომ ონიანის დაკავების საერთაშორისო ორდერი ინტერპოლის მიერაა გაცემული. ცნობისთვის, რუსეთი ესპანეთს ეჭვმიტანილებს, პრაქტიკულად, არასდროს გადასცემს", - წერს რუსული მედია.

მათივე ცნობით, ონიანს არც საქართველოს მოქალაქობა აქვს და კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ თურქეთში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა, რატომ ვერ შეძლო ეს, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

"ტარიელ ონიანი ტყიბულში დაიბადა. მამამისი მეშახტე იყო და შახტის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ონიანმა პირველი სასჯელი 17 წლის ასაკში მოიხადა. მას შემდეგ 8 კოლონიაში მოუწია პატიმრობამ. "მის მიერ ჩამოყალიბებულ დაჯგუფებაში 500 შეიარაღებული პირი და 50 ე.წ. კანონიერი ქურდია გაწევრიანებული", - წერს რუსული მედია.

ფოტოები: Прайм Крайм

ოზურგეთში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში საბაგიროს თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

"იქნება აქციები, არ გავჩერდებით" - ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული 13 პირის ოჯახის ახლობლებმა მაგისტრალი გადაკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა