ავტორი:

"იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი" - ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

"იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი" - ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში, ტაქსის მძღოლის - 65 წლის მიხეილ კაჭარავას მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი ნიჟარაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო. თავად ბრალდებული კი ბრალს არ აღიარებს.

"თავს არ ვცნობ დამნაშავედ... იმ მომენტში რაც მჭირდა, ვერავინ მიხვდებით, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება. იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი და სიტყვა არ ეთქვა... ბოდიში მინდა მოვუხადო, ვინც აქ მხედავს და ჩემ ცრემლს ხედავს" - განაცხადა ბრალდებულმა პროცესზე.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ გიორგი ნიჟარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ბრალდებულის ადვოკატმა თავდაპირველად ნიჟარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა, შემდეგ კი, მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა განაცხადა, რომ გიორგი ნიჟარაძეს ტყუპისცალი ძმის გარდაცვალების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

გიორგი ნიჟარაძის ადვოკატის ავთანდილ ტყებუჩავას განცხადებით, ბრალდებული ტაქსის მძღოლს შეუთანხმდა, რომ გზავრობის საფასურსს, 15 ლარს გადაუხდიდა. ადგილზე მისვლის შემდეგ, გიორგი ნიჟარაძე ნათესავთან ავიდა ფულის გამოსართმევად, ტაქსის მძღოლს კი საბუთები დაუტოვა. ადვოკატის თქმითვე, ნიჟარაძეს ნათესავმა 10 ლარი მისცა, რის გამოც ტაქსის მძღოლსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი მოხდა. ადვოკატი აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლმა ბრალდებულს დედა, შემდეგ კი გარდაცვლილი ტყუპისცალი შეაგინა, რის შემდეგაც ტყებუჩავას განცხადებით, მან თავდაცვის მიზნით დანა ამოიღო.

ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს ტაქსის მძღოლის გარდაცვალების მიზეზი არ აქვს დადგენილი და ის ექიმების უყურადღებობით გარდაიცვალა. პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტიზა ამ ეტაპზე დანიშნული არ არის.

შემთხვევა ვარკეთილში, 27 ოქტომბერს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ე.წ. კანონიერი ქურდის ლავას ოღლის ექსტრადირება მონტენეგროში მოხდა

"კობას რომ დაუნახავს, მამა მოვკალიო, თვითონაც დაურტყამს დანა და თვითმკვლელობა უცდია" - ჩხოროწყუში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა