ავტორი:

"გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნაწილს, რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა უჭირს" - ექსპერტები ავარიების მიზეზებსა და გამოსავალზე

"გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნაწილს, რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა უჭირს" - ექსპერტები ავარიების მიზეზებსა და გამოსავალზე

2019 წლის 8 თვეში საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 314 ადამიანი დაიღუპა, 5 ათასზე მეტი კი დაშავდა.

სტატისტიკური მონაცემებით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

ამ სტატისტიკურ მონაცემებს საგანგაშოს უწოდებენ ექსპერტები. გახშირებული საგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზებისა და პრობლემის გადაჭრის გზებზე AMBEBI.GE საგზაო უსაფრთხოების ექსპერტებს ესაუბრა.

ეკა ლალიაშვილი, "ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელი:

- რაზე მიუთითებს ეს სტატისტიკა?

- ვერცერთმა იმ რეფორმამ, რომელიც გატარებულა ან ახლა ტარდება სატრანსპორტო სფეროში, ვერ მიაღწია იმას, რომ სამივე მაჩვენებელი შეგვემცირებინა. როგორც დაღუპვა, დაშავებულობა - ისე თვითონ შემთხვევების ოდენობა. გამონაკლისი იყო 2017 წელი, როდესაც სამივე პარამეტრი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასეთი დადებითი შედეგი მაშინ გამოიწვია ქულათა სისტემის შემოღებამ. შესაბამისად, გაცილებით ნაკლები იყო მსხვერპლიც. მძღოლები იყვნენ მობილიზებულები, რადგან ჰქონდათ მოლოდინი, რომ ჩამოერთმეოდათ მართვის მოწმობა და ქულები გაუნულდებოდათ. ასევე, მიმდინარეობდა სერიოზული საგანმანათლებლო კამპანიებიც. მაგრამ ეს ნაბიჯები იყო ფრაგმენტული და, შესაბამისად, შედეგებიც მხოლოდ ფრაგმენტულად მივიღეთ. ახლა არავინ იცის, რა კეთდება იმისთვის, რომ შემცირდეს გზებზე მსხვერპლი. ფაქტია, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი არ არის საგზაო უსაფრთხოება. რადგან რეფორმები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, თუნდაც ტექნკური ინსპექტირება, რომლის მთავარი მიზანია, შემცირდეს გზებზე ავტომანქანების გაუმართაობით გამოწვეული ავტოავარიები, არავინ იცის, რა შედეგს იძლევა. არ არსებობს სტატისტიკა, ანალიზი, რა შედეგები მოიტანა ამა თუ იმ რეფორმამ, იქონია თუ არა ზეგავლენა მსხვერპლის შემცირებაზე.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ მთავარი გამომწევი მიზეზები არასწორი მანევრირება, საპირისპირო ზოლში გადასვლა, სიჩქარის გადაჭარბება და არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა იყო. როდესაც ეს სტატისტიკა დევს ხელისგულზე, მას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ევროპული ქვეყნები ასეთი სტატისტიკაზე დაყრდნობით, წერტილოვანი დარტყმებით ცდილობენ აღმოფხვრან კონკრეტული მიზეზები. პრევენციული ღონისძიებები ძალიან სუსტია ჩვენს ქვეყანაში. უნდა არსებობდეს საკოორდინაციო რგოლი, რომელიც ავტოავარიების შემცირებაზე იზრუნებდა და იგი უნდა იყოს აუცილებლად პრემიერის დაქვემდებარებაში. როგორიც, მაგალითად, იყო ეკო ონბუდსმენის სტრუქტურა, დაახლოებით ისეთი ცალკე სტრუქტურის შექმნა იქნებოდა კარგი. ახლაც მოქმედებს ეკონომიკის სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების საკოორდინაციო უწყება, მაგრამ იგი სამინისტროს შემადგენლობაშია, და ეკონომიკის სამინისტრო შინაგან სამინისტროს, ჰორიზონტალურად მყოფ კოლეგებს, ცხადია, ვერაფერს მოსთხოვს, აქ უნდა იყოს უფლებამოსილების მოთხოვნის შესაძლებლობა.

"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარე, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი გელა კვაშილავა AMBEBI.GE-ს პრობლემის გადაჭრის გზებზე ესაუბრება. ექსპერტის შეფასებით, საჭიროა მოქმედი კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების აღმოფხვრა, სანქცირების მექანიზმების დახვეწა და რაც მთავარია, ხელისუფლების ნება.

"სისტემის ყველზე დიდი უსამართლობა საქართველოს გზებზე მოძრაობისას ჩანს, რადგან სიჩქარის გადაჭარბებასა და ნასვამობაზე დანაშაული შეგიძლია ჯარიმით გამოისყიდო და მანქანის ტარება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელო. წელიწადში 200 ათასი სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი ფიქსირდება. მძღოლების ნაწილი ამ დარღვევას რამდენჯერმე იმეორებს და საფრთხეს უქმნის, როგორც თავის სიცოცხლეს, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა ადამიანებს. ჩვენი ახალბედა მძღოლები მართვის მოწმობას, ფაქტობრივად, თეორიაში იღებენ. მათი პრაქტიკული ცოდნის დონეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ რუსთავში გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნახევარს თბილისში დამოუკიდებლად ჩამოსვლა უჭირს.

ასევე, აუცილებელია ქულათა სისტემის რეალურად ამოქმედება და გზებზე კონტროლი. ხილავდობის პრობლემაც არის, რაზეც მუშაობაა საჭირო. მოგეხსენებათ, არსებობს ქვეყანაში „საგზაო უსფრთხოების სამოქმედეო გეგმა“, რომელიც სრულყოფილად არ ხორციელდება. ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული ხელისუფლების ყველა შტო ამ სტარტეგიის სრულყოფილად ამოქმედებაში. თუ კი ხელისუფლების ნება იქნება, შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება და მსხვერპლის შემცირება", - აცხადებს გელა კვაშილავა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ გადაჭარბებულია წარმატებულ ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი მაშინ, როდესაც ტრანსპორტით გადაადგილება, ქალაქის შიგნით ერთი უბნიდან მეორეში ან უბრალოდ ფეხით სიარული, სიცოცხლისთვის რისკის შემცველია.

„ადრე თუ საფრთხე მანქანით გადაადგილება იყო, დღეს უკვე ტროტუარზე ფეხით გადაადგილებაც რისკის შემცველია. ქვეყანაში არ არსებობს პასუხი მარტივ შეკითხვაზე, რამდენი იხარჯება საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე? კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოს გზებზე არსებულ განუკითხაობაზე? რატომ უარესდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხი ქალაქებში? რატომ გაორმაგდა თბილისში ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტომობილების რაოდენობა?

წარმატებული ეკონომიკური, დემოკრატიული რეფორმების რეგიონალური ლიდერის პოზიციის მოლოდინი გადამეტებულია, როცა ტრანსპორტით გადაადგილება, ქალაქის შიგნით ერთი უბნიდან მეორეში უბრალოდ ფეხით სიარული, სიცოცხლისთვის დიდი რისკის შემცველია. ქვეყნის განვითარების გრანდიოზული გეგმები არარეალურია, თუ მისი ხელისუფლება, ბიზნესი და საზოგადოება არ შეთანხმდება, რომ გორში, ქუთაისში, ფოთში, თელავში სკოლების წინ უსაფრთხო ქუჩის გადასასვლელების მოწყობასა და სუფთა, უსაფრთხო ტრანსპორტზე ზრუნვა უფრო მეტადაა საჭირო, ვიდრე ხმამაღალი განცხადებები ქვეყნის სივრცით მოწყობასა და მაგისტრალის გზის მონაკვეთის რეკონსტრუქციაზე. ვიდრე ეს მიდგომა არ შეიცვლება და საგზაო უსაფრთხოების სფეროში ახალი ველოსიპედების შექმნის პროცესი არ დასრულდება, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დარჩება", - ამბობს კვაშილავა.

თბილისის მერიასთან ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა

"33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია, არც შვილი..." - მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ თბილისში "გლოვოს" კურიერი იმსხვერპლა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა