ავტორი:

"ნიუსსაც აღარ ვუყურებ..." - რატომ დატოვა საქართველო მარიამ გაფრინდაშვილმა, "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ და როგორ ცხოვრობს ამერიკაში

"ნიუსსაც აღარ ვუყურებ..." - რატომ დატოვა საქართველო მარიამ გაფრინდაშვილმა, "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ და როგორ ცხოვრობს ამერიკაში

მარიამ გაფრინდაშვილს ქართველი ტელემაყურებელი „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებებიდან იცნობს, ის უმეტესად ცხელ თემებზე მომზადებული რეპორტაჟებითაა ცნობილი. გასულ ზაფხულს აღნიშნული ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული ამბების შემდეგ, ჟურნალისტური საქმიანობა შეწყვიტა, ტაიმ-აუტი აიღო და ამერიკაში გაემგზავრა.

ცხადია, ჩნდება კითხვები, რომელზეც პასუხებიც ისეთი აქტიური, ოპერატიული და ვიტყვოდი, შეუპოვარი ჟურნალისტისგან, როგორიც მარიამია, ბევრს აინტერესებს.

სწორედ ამიტომ AMBEBI.GE მას ამერიკაში დაუკავშირდა.

„აღარ ვარ აქტიური ჟურნალისტი, თუ დამიჯერებთ, ამ ეტაპზე ნიუსსაც აღარ ვუყურებ... ჩემთვის ძალიან მოულოდნელი ამბავი იყო, როდესაც გადავწყვიტე, პროფესიისგან, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება იყო, ტაიმ-აუტი ამეღო, რაც „რუსთავი 2“-დან ჩემს წამოსვლას უკავშირდება... რამდენჯერმე უკვე ვთქვი კიდეც, როდესაც 21 ივნისს განცხადება დავწერე, სამსახურიდან წამოვედი, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო... ემოციურად უკიდურესად ცუდად ვიყავი, იმიტომ, რომ მართლა ძალიან განვიცადე...

ჟურნალისტობა ის პროფესიაა, რომელიც უზომოდ მიყვარს, მაგრამ მივხვდი, რომ ამის კეთება, რაღაც ეტაპზე, აღარ შემეძლო არც ფიზიკურად და არც ემოციურად. ამიტომ ტაიმ-აუტი ავიღე, ჯერ არ ვიცი, ეს პაუზა რამდენ ხანს გაგრძედება, თუმცა მიმაჩნია, რომ ურიგო გადაწყვეტილება არ არის! მოკლედ, ვამჯობინე, რომ ცოტა ხანს ამ პროფესიიდან დისტანცირებული ვიყო.

- იმედგაცრუებული ხარ?

- ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც „რუსთავი 2“-დან წამოვედი. ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჩემთვის უზომოდ მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ არ ვნანობ, რომ ამ პროცესებისგან ახლა დისტანცირებული ვარ. ისე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამას შევძლებდი.

- საყვარელი საქმისგან ტაიმ-აუტი კონკრეტულად რას ემსახურება?

- ამ ეტაპზე იმას, რომ მეტად განვვითარდე და ეს პერიოდი უფრო მარტივი გადასატანი იყოს ჩემთვის... სიტუაციას ოჯახის წევრებისა და ჩემი მეგობრების გარეშე ყოფნაც ართულებს, თუმცა ეს ეტაპი დიდხანს არ გაგრძელდება. მე საქართველოში დავბრუნდები - აქ სამუდამოდ არ წამოვსულვარ...

- ამერიკაში რამდენ ხანს დარჩები?

- აქ ყოფნას რამდენიმე თვე ვგეგმავ. ამ ეტაპზე მაქვს იმის საშუალება, რომ დავისვენო და თან, ჩემს თავს ახალი რაღაცები დავუმტკიცო. ეს პროცესი ძალიან მომწონს. რაც შეეხება აქაურ გეგმებს, მაპატიეთ, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა ამაზე ღიად ლაპარაკი, მარტო არ წამოვსულვარ, მეგობრებთან ერთად ვარ, ისინიც ჟურნალისტები არიან. თუმცა როგორც ვთქვი, ჩემი აქ ყოფნა არ არის მუდმივი, ვცდილობთ, ამერიკაში ყოფნისას ახალი რაღაცები ვისწავლოთ, მით უფრო, რომ ეს ქვეყანა ამის საშუალებას გვაძლევს.

- მოკლედ, ახალი ეტაპია შენს ცხოვრებაში...

- კი, რაც მაინტერესებს. ეს გარკვეულწილად ცხოვრების თავგადსავალიც იქნება, აქ გატარებული ყოველი დღე არის ახალი გამოცდილება.

- სხვა რეჟიმზე გადართვა არ გიჭირს? შენი საყვარელი საქმე, რეპორტაჟების კეთება არ გენატრება?

- სხვა რეჟიმზე გადართვა მიჭირს, ფაქტობრივად, არ მძინავს - განსხვავება ძალიან დიდია, თუმცა ერთ-ერთი, რაც არის, აქ ბევრი ჩემი მეგობარია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება რეპორტაჟებს, არ დავმალავ და აქ სამჯერ იყო ისეთი შემთხვევა, როცა რეპორტაჟზე მუშაობა მომინდა, რომ ისევ ტელევიზიაში ვყოფილიყავი. მშურს ყოველთვის ყველა ჟურნალისტის, რომელიც ცხელ ამბებს აშუქებს, რადგანაც ეს საქმე ძალიან მიყვარს და მომწონს მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა. ზოგჯერ მაქვს ეს ნოსტალგია, თან, არ არის დიდი ხანი, რაც ფლორიდაში ვიმყოფები, კონკრეტულად, კუნძულ Key west-ზე, სადაც სულ მზეა, ფერადია ყველაფერი და კარგი ამინდებია...

- როგორ აფასებ შენი საყვარელი არხის ასე დაშლას?

- გავიმეორებ, რომ „რუსთავი 2“ ნამდვილად იყო ჩემი საყვარელი არხი. 30 წლის ვარ და აქედან 12 წელი იქ გავატარე. პროფესიულად ამ ტელეკომპანიაში გავიზარდე და ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე „რუსთავი 2“-თან ერთად ვიყავი. მანამდე სხვაგან არსად მიმუშავია. პირველი სამსახური იყო - ყველაფერი მართლა იქ ვისწავლე და იმიტომაც ვიმყოფები ახლა სხვა ქვეყანაში და არ ვარ მანდ.

რაც შეეხება იმას, როგორ ვაფასებ ჩემი საყვარელი არხის დაშლას, როგორც ვთქვი, უკიდურესად მძიმე იყო ჩემთვის... მინდა, „რუსთავი 2“ იყოს ძალიან წარმატებული არხი ჩვენს ქვეყანაში. ასევე მინდა, გავლენებისგან იყოს თავისუფალი. არ შემიძლია, ჩემს გამზრდელ არხზე რაიმე ცუდი ვთქვა!

„მთავარ არხზე“ ჩემი უახლოესი მეგობრები მუშაობენ. მართლა ძალიან მაგარია, რომ ამ ადამიანებმა მოახერხეს და 19 დღეში ახალი არხი გახსნეს, რომელსაც ჰყავს მაყურებელი და მგონია, რომ არხს აქვს თემები, რაც აწუხებს ადამიანებს. ცხადია, „მთავარი არხისგან“ შემოთავაზება მქონდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იქ ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები მუშაობენ, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტიკაში ბევრი რამ მასწავლეს, თუმცა, გადავწყვიტე ამ პროფესიისგან ამჯერად დისტანცირებული ვიყო. ეს არის მიზეზი, რის გამოც არც ერთ შემოთავაზებას არ დავთანხმდი...

- თავიდან გარკვეული საყვედურები ისმოდა მათ მიმართ, ვინც „რუსთავი 2“-ზე დარჩა. შენ როგორ აფასებ მათ გადაწყვეტილებას?

- კი, გარკვეული საყვედურები ისმის ჩემი კოლეგების მიმართ, ვინც „რუსთავი 2“-დან არ წამოვიდა, მაგრამ როგორც „მთავარ არხზე“, ჩემი მეგობრები „რუსთავი 2“-ზეც არიან, მათ შორის, ისინი, ვინც დარჩა. არასოდეს არავის გავლანძღავ, ვუსაყვედურებ, რადგანაც ყველა ადამიანი აკეთებს საკუთარ არჩევანს, მჯერა ამ ადამიანების, მჯერა მათი, მიყვარს ისინი დ პატივს ვცემ მათ არჩევანს. დიახ, არც ერთ მათგანს, ოპერატორს, მემონტაჟეს, ჟურნალისტს, პროდიუსერს, მძღოლს არ გავლანძღავ იმიტომ, რომ საკუთარი არჩევანი გააკეთეს. ჩემი მეგობრების გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ჩვენს ურთიერთობაში არაფერი იცვლება. ხომ გეუბნებით, მინდა, არხიც და თვითონაც წარმატებულები იყვნენ.

და ბოლოს, რაც შემეხება მე - ჯერჯერობით ისევ არ ვიცი, მინდა, თუ არა ტელევიზიაში დაბრუნება, იმიტომ, რომ შორიდან რაღაცები კიდევ სხვანაირად ჩანს. ყველა ჩემს მეგობარს გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ, ვისთვისაც უმძიმესი იყო „რუსთავი 2“-დან წამოსვლა. ისინი დღეს სხვადსხვა არხებზე არიან გადნაწილებიულები, რამდენიმე მათგანმა ტელევიზია საერთოდ დატოვა. მე კი ალათ საბოლოოდ ტელევიზიასთან დაკავშირებით საკითხს მაშინ გადავწყვეტ, როცა საქართველოში დავბრუნდები.

პატრიარქი - მიყვარხარ საქართველო

"იციან, რომ სამსახურიდან, ღამის 11 საათზე მოსული იქ უნდა მიპოვონ" - ცნობილი ჟურნალისტის უცნობი საქმე და რჩევები მცენარეების მოყვარულებს

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა