ავტორი:

"ბავშვობაში მინდოდა, ბაზარში მწვანილის გამყიდველი ვყოფილიყავი" - "მასტერშეფის" მონაწილე, რომლის მძიმე ცხოვრებამ "ფეისბუქი" მოიცვა

"ბავშვობაში მინდოდა, ბაზარში მწვანილის გამყიდველი ვყოფილიყავი" - "მასტერშეფის" მონაწილე, რომლის მძიმე ცხოვრებამ "ფეისბუქი" მოიცვა

ცოტა ხნის წინ, 29 წლის მარტა ბარამიძე "მასტერშეფის" შოუში გასული სიუჟეტით მთელმა ქვეყანამ გაიცნო. მისი ბავშვობის მძიმე ისტორიამ სრულიად ინტერნეტი მოიცვა.

მარტამ მაყურებელს უამბო თავისი რთული ბავშვობის, გაჭირვების, ძალადობისა და იმ მძიმე წლების შესახებ, რომელსაც თავისი მტკიცე, მებრძოლი ხასიათისა და დაუღალავი შრომის წყალობით გადაურჩა. ეკრანზე ვიხილეთ ახალგაზრდა ულამაზესი გოგონა რთული წარსულით, რომელიც ძალიან ნიჭიერი ყოფილა.

სანამ მისი ნიჭი კვირას, 22:00 საათზე "მასტერშეფში" კიდევ ერთხელ გამოჩნდება, გადავწყვიტეთ, მარტას შესახებ უფრო მეტი გიამბოთ. როგორც თავად გვითხრა, პროფესიით ის არის-ხოლმე, რითიც დაინტერესდება და რასაც შეისწავლის. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბათუმში ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, თბილისში საზოგადოებასთან ურთიერთობა შეისწავლა. აღმოვაჩინეთ, რომ მარტა არაჩვეულებრივად კერავს და ეს ყველაფერი არ არის. დანარჩენზე თავად გვიამბობს:

- მარტა, როგორია შენი სხვადასხვა პროფესიისადმი ინტერესი? ეს უბრალო გატაცებებია თუ პროფესიებს იცვლი-ხოლმე?

- ბავშვობიდან სხვადასხვა ადგილზე ვმუშაობდი. ბოლო დროს, ძალიან გამიტაცა მოდის სფერომ. დავიწყე კერვის შესწავლა და ამ მიმართულებით მუშაობა. ეს სფერო შემოსავლის წყარო ცოტა ნაკლებად იყო, უფრო ჰობივით სამსახური გახდა. ერთი წლის განმავლობაში ვკერავდი ჩანთებს და სურვილი მქონდა, ისინი ძალიან მოხერხებული და სატარებლად პრაქტიკული, ამავდროულად მოდური ყოფილიყო.

ოღონდ ეს ჩანთები განკუთვნილი იყო მაღაზიისთვის. მაგალითად, როდესაც ბაზარში ან მარკეტში წავიდოდით, არ გამოგვეყენებინა ბევრი სხვა პარკი და არ დაგვებინძურებინა გარემო. ამისთვის კარგი ვარიანტი იყო ეს ჩანთები. ასევე, ტანსაცმლის მიმართულებითაც მაინტერესებს მუშაობა. მივდივარ მეორად ბაზრობაზე, ვყიდულობ ახალ ნაჭრებს, რომელიც საკმაოდ ბევრია და ისიც მიხარია, რომ ეს მეორადი ნაჭერია და არა პირველი, რადგან ქსოვილის დამზადებასაც ძალიან ბევრი წყალი სჭირდება. შემიძლია, ნაჭრით, რომელიც ვიღაცას არ დასჭირდა, რაღაც ახალი შევქმნა. ასევე, წლების განმავლობაში, ტელევიზიებში ჟურნალისტად ვმუშაობდი, როგორც სამეცნიერო თემატიკასთან დაკავშირებულ გადაცემებში, ისე ვიდეობლოგის მიმართულებითაც.

- როგორც მივხვდი, საკმაოდ ეკომეგობრული ხარ, ცდილობ, გარემოზე იზრუნო. როგორია შენი ყოველდღიურობა ამ კუთხით?

- სახლში ვიჯექი და ვხედავდი, რამდენი პლასტმასის ნივთი მედო ან რამდენი მქონდა უკვე გამოყენებული და გადაგდებული. ამის შემდეგ დავიწყე მაგალითად, კვერცხის ყუთების, წყლის ბოთლების შეგროვება. 1 თვის შემდეგ, დავიწყე დაგროვებული პლასტმასის ნივთების განაწილება. მაგალითად, დავდივარ "დეზერტირების ბაზარში" და უკვე გამოყენებული კვერცხის ყუთები მიმაქვს მათთვის, ვინც სოფლის კვერცხს ყიდის, რათა მყიდველს ჩაუწყონ და ისე გაატანონ. ასევე, სოფლიდან ჩამოტანილ ღვინოს, ჭაჭას და არაყს ვინც ყიდის, პლასტმასის ბოთლები მათთვის მიმაქვს. ასე ვცდილობ, ჩემი გამოყენებული პლასტმასის ნივთები მრავალჯერადი გახდეს. თითქოს, ამით სინდისი ნაკლებად გაწუხებს.

- ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდი?

- პროფესიაზე არ მიოცნებია. უბრალოდ, სურვილი მქონდა, რომ ბაზარში მწვანილის გამყიდველი ვყოფილიყავი. არ ვიცი, რატომ. ბავშვებთან ერთად ეზოში რომ ვთამაშობდი, ბალახს ვკრეფდი, კონებად ვკრავდი და ვყიდდი. ადრე, ლიმონათს რკინის თავები ჰქონდა და ეს იყო ფული, რომლითაც ჩემს მიერ დაკრეფილი მწვანილის ყიდვა შეიძლებოდა.

- კულინარიაც მორიგი გატაცებაა სხვა პროფესიების მსგავსად?

- კულინარიით დაინტერესებული სულ ვიყავი. ბავშვობაში თამაშის დროს ლითონის კონსერვის ქილებში ვამზადებდი კერძებს. ნიორს და ხახვს ვჭრიდი და ვითომ საჭმელს ვაკეთებდი. ერთი მეგობარი მყავდა, ვისთან ერთადაც ექსპერტიმენტებს ვატარებდი. კერძის მომზადება ყოველთვის ძალიან მიყვარდა და მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ქვაბში მეკეთებინა. როცა გავიზარდე, საკუთარი თავისთვის კერძის მომზადება მე თვითონ მიწევდა. ჩემთან იმდენად ახლოს იყო ეს ყველაფერი, რომ შორიდან არასდროს არ შემიხედავს. მიუხედავად ამისა, ვერასდროს ვერ გავყევი ამ ხაზს იმის გამო, რომ სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი, კულინარია კი ძალიან საფეხურეობრივი პროფესიაა და ხანგრძლივი სწავლის პროცესს მოითხოვს.

- ოდესმე თუ ყოფილხარ მზარეულის ამპლუაში და რა გამოცდილება მიიღე ამ პერიოდისგან?

- 22 წლის ვიყავი, როცა სასტუმრო "რედისონში" მზარეულის დამხმარედ დავიწყე მუშაობა, შემდეგ უკვე მზარეულად გადავედი. ამ პერიოდში გამიჩნდა სურვილი, ჩემი კაფე გამეხსნა. კაფეს როცა აკეთებ, გარდა მზარეულობისა, სხვა პროფესიების შესწავლაც გიწევს. სწორედ ამიტომ, ვიმუშავე სამზარეულოშიც, ბარმენადაც, მიმტანადაც.

საბოლოო ჯამში, ჩემი იდეის განხორციელების პროცესი წლობით გაიწელა, თუმცა გასულ წელს, პარტნიორთან ერთად გავხსენი კაფე, რომელიც სეზონის გამო ერთი თვეა, დაიკეტა. იმდენად მიყვარს ეს საქმე და იმდენად მომწონს ამის კეთება, რომ რა თქმა უნდა, აღდგენას ვაპირებ.

- "მასტერშეფი" კულინარიის თემატიკის გადაცემებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საინტერესო შოუა. როგორ მიიღე გადაწყვეტილება, რომ შენს მიერ მომზადებული კერძი ყველაზე კომპეტენტურ ჟიურის ათასობით მაყურებლის თვალწინ შეეფასებინა?

- "მასტერშეფის" პირველ სეზონზეც ვფიქრობდი მისვლას, თუმცა ძალიან შევშინდი და დავიძაბე. ასეთი მასშტაბური პროექტი საქართველოში პირველად ტარდებოდა. მსგავს არაქართულ პროექტებში იმდენად დიდი დაძაბულობაა, შეფ-მზარეულები იმდენად გამოცდილი ადამიანები არიან, რომ ვიფიქრე, იქ მისვლისთვის მზად არ ვიყავი. წელსაც ვფიქრობდი, მოდი, ნახევარი წლის განმავლობაში მოვემზადები, სანამ პროექტი მიმდინარეობს და შემდეგ მივალ-მეთქი. სრულიად უეცრად დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ "ცხოვრებამ მოგცა ეს შანსი და მიდი, არ გადადო, რა იცი, რა მოხდება-მეთქი". მივედი, მართლაც ვცადე, ჟიურის გავუკეთე კერძი, მომცეს გარკვეული შენიშვნები და რჩევები, გადავედი შემდეგ ტურში და მივხვდი, რომ ნამდვილად უნდა მეცადა.

- "მასტერშეფის" შეფებმა თქვეს, რომ გასულ წელთან შედარებით, უფრო მკაცრები იქნებოდნენ. რამდენად გამოსცადე ეს საკუთარ თავზე?

- მართლაც ძალიან მკაცრები არიან, თუმცა ობიექტურად. ეს შოუსთვის შექმნილი განწყობა სულაც არ არის. რეალურად, ისინი ისეთივე მკაცრები არიან, როგორებიც არიან შეფები სამზარეულოში. ისინი მუშაობის დროს, სამზარეულოში არცერთ შეცდომას და გპატიობენ. მათი სიმკაცრეც ამოწმებს, რამდენად მტკიცე ხარ და რამდენად გაქვს უნარები, რომელიც სამზარეულოში მუშაობას სჭირდება.

- ხარ იმდენად მტკიცე და გაქვს ისეთი უნარები, რომ სამზარეულოში მუშაობა და "მასტერშეფში" გამარჯვება შეძლო?

ძალიან ვნერვიულობდი, ვღელავდი, საოცარ განცდებში ვიყავი, რადგან მრავლფეროვან სამზარულოსთან ბევრი წელია, შეხება არ მქონია. მე კონკრეტულად, მექსიკური სამზარეულოს მიმართულებით ვმუშაობდი.

მქონდა კითხვის ნიშნები - "შევძლებ თუ ვერა?", "სხვები უფრო შეძლებენ?"... ეს დაძაბულობა განელდა იმის შემდეგ, რაც კერძზე დავიწყე ორიენტირება და სიმტკიცე გაცილებით უფრო მომემატა. რაც უფრო მეტ შენიშვნას გეტყვიან ან რაც უფრო დიდ სიმკაცრეს გამოიჩენენ შენ მიმართ, ამ ყველაფერს იღებ, იაზრებ და ითვალისწინებ. მაქვს ერთი ძალიან კარგი თვისება: როდესაც მე მაძლევენ შენიშვნას ხომ ვუსმენ, მაგრამ როდესაც სხვას აძლევენ ხოლმე შენიშვნას, მასაც ძალიან დიდი გულდასმით ვუსმენ და ვითვალისწინებ. შესაბამისად, მგონია ეს უნარი და მებრძოლი ხასიათი მომცემს იმის საშუალებას, რეალურად, დავამტკიცო, რომ მე სამზარეულოში ყოფნას ვიმსახურებ.

"ერთ დღეში  მეტრომ 512 000 მგზავრი გადაიყვანა, მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა" - მერი

ართროსკოპია - სახსრის ქირურგიული მკურნალობის ეფექტური მეთოდი

რამდენ ხანს უნდა დარჩეთ სახლში გრიპის გადატანის შემდეგ? - ექიმების რეკომენდაცია