ავტორი:

"ცდილობენ 18 წლამდე გაათხოვონ, რომ შინაბერას სტატუსი არ მიენიჭოს" - რას ამბობს საქართველოში მუსლიმთა შეიხი გოგონების ნაადრევ ქორწინებაზე

"ცდილობენ 18 წლამდე გაათხოვონ, რომ შინაბერას სტატუსი არ მიენიჭოს" - რას ამბობს საქართველოში მუსლიმთა შეიხი გოგონების ნაადრევ ქორწინებაზე

ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება გოგოების ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევები. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის მონაცემთან შედარებით (835 არასრულწლოვანი მშობელი), მსგავსი ფაქტები შემცირებულია, თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვან მშობელთა რაოდენობა. კერძოდ, 2018 წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა.

ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა. სისხლის სამართლის კოდექსის 150’1 მუხლით, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება მოჰყვა 16 შემთხვევას, ხოლო 5 შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ავალდებულებს თუ არა ისლამი მუსლიმებს ადრეულ ასაკში ქორწინებას, რატომ ათხოვებენ მშობლები სკოლის პერიოდიდან ქალიშვილებს, მოხდება თუ არა ისლამური თემის გაყოფა ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო და რაშია გამოსავალი, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი ესაუბრა.

- მუსლიმთა თემში, ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით სხვადასხვა არგუმენტი მუსირებს. მათ შორის ისიც, რომ ამას მშობლებს ისლამი ავალდებულებს. თქვენ, როგორც სასულიერო პირმა, რომ განგვიმარტოთ, რას ითვალისწინებს ისლამი ადრეულ ქორწინებასთან დაკავშრებით და ადათის მიხედვით, არის თუ არა ვალდებულება, რომ გოგო ადრეულ ასაკში უნდა გათხოვდეს?

- სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მოსახლეობას ისლამი, როგორც რელიგია, კარგად არ აქვს გათავისებული, კარგად არ ესმით განმარტება და ხშირ შემთხვევაში, არასწორ ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით იციან რელიგია. ეს კი მათ პრაქტიკულ ცხოვრებასა და არასწორი ადათების ჩამოყალიბებაზე აისახება. მეორე მხრივ, ხშირად კონკრეტული თემი, არა მხოლოდ მუსლიმები, სხვა რელიგიის მიმდევრებიც გარკევულ ადათ-წესებს, მავნე ჩვევებს, რელიგიის სახელით ამართლებენ ხოლმე, რაც არის არასწორი. თვითონ ისლამში, ქორწინებასთან დაკავშირებით, არ არის რაიმე ვალდებულება, ან კონკრეტული ასაკი არ არის გამოყოფილი, მაგრამ ყველამ იცის, რომ ისლამში მოზარდებს, გარკვეულ ასაკში მიღწევისას ევალებათ სავალდებულო ღვთისმსახურების შესრულებები, მაგრამ ქორწინებაზე არანაირი ასაკი და ვალდებულება არ არსებობს.

ქორწინება ისლამში მოსაწონი გადაწყვეტილებაა, მაგრამ არა სავალდებულო. მუსლიმი არ არის ვალდებული გინდა თუ არა ოჯახი შექმნას, მაგრამ თუ დაქორწინდები, სავალდებულოა ოჯახის რჩენაზე ვალდებულების აღება. ამ შემთხვევაში, თუ წყვილი გადაწყვეტს დაქორწინებას, მამაკაცი ვალდებულია არჩინოს ოჯახი. ამას რელიგია ავალდებულებს. მართალია კონკრეტული ასაკი არ არის მითითებული, მაგრამ გარკვეული კრიტერიუმები არსებობს რელიგიაში, რითაც მიხვდებით რა ასაკში შეიძლება ქორწინება. პირველ რიგში, აუცილებელია ადამიანის სოციალური მდგომარეობა. თუ ადამიანს სოციალური პირობები არ გააჩნია, ამ შემთხვევაში ისლამი მიზანშეწონილად არ თვლის ქორწინებას. მეორე არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ფსიქოლოგიურად ორივე, გოგოც და ბიჭიც მზად უნდა იყვნენ და ბავშის აღზრდა -განათლების შესაძლებლობა ჰქონდეთ, მესამე არის ბიოლოგიური მზადყოფნა, თუნდაც ორსულობისთვის და ცოლ-ქმრული თანაცხოვრებისთვის მომზადება. მეოთხე - ფიზიოლოგიური მზადყოფნაა. ამ ოთხივე კრიტერიუმს წყვილი თუ აკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში ისლამი ქორწინებას დასაშვებად თვლის, მაგრამ კონკრეტულად ასაკს არ უთითებს.

- თქვენ ახსენეთ ინტერპრეტაციები ისლამის გაგებასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, მშობლები განგებ ხომ არ იყენებენ ისლამს თავის გასასამართლებლად? ამ შემთხვევაში მათი ცნობიერების ამაღლება ხომ არაა საჭირო?

- სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები არასწორი, მავნე ადათ-წესებიდან მომდინარეობს, რომელიც ჩვენს თემშია ჩამოყალიბებული. ხშირ შემთვევაში, ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ 18 წელს გადაცდა და არ გათხოვდა, მას უკვე შინაბერად მიიღებენ. ყველა ცდილობს, რომ გოგო 18 წლამდე გაათხოვოს, რათა შინაბერას სტატუსი არ მიენიჭოს, რაც რა თქმა უნდა, არასწორი და მავნე ტრადიციაა. ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. ასევე, მშობლები გოგოს ყოლის ვალდებულებას იხსნიან. თქვენ იცით, რომ ქალიშვილს ბევრი ვალდებულება აქვს. დავუშვათ, ოჯახს უჭირს და მათი გოგო მდიდარ ბიჭს მოწონს... ფიქრობენ, რომ თუ მდიდარ, შეძლებულ ადამიანს გაჰყვება, რაც მალე გაათხოვებენ და თავის ადგილს იპოვის, უკეთესია.

ხშირ შემთვევაში, ოჯახები ფიქრობენ, რომ ძირითდად მამაკაცმა უნდა იმუშაოს და არა - გოგომ. აქედან გამომდინარე, სწავლაში დახარჯული ფული ტყუილი ჰგონიათ. ამიტომაც, არ ასწავლიან. თუ უფრო მორწმუნე და ტრადიციული ოჯახებია, იქ გოგოს დასაქმება არ არის მიზანშეწონილი და იქ ძირითადად ბიჭზე არიან ორიენტირებული, რომ ასწავლონ და განათლება მიაღებინონ, ვიდრე გოგოს.

- თქვენ გყავთ გოგონა? უწყობთ ხელს სწავლაში?

- სამწუხაროდ, მე ქალიშვილი არ მყავს, ბიჭები მყავს შვილები, მაგრამ ჩემს ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ვისაც ქალიშვილები ჰყავთ, ყოველთვის ვურჩევ რომ გოგოზე იზრუნონ, რათა ისლამის მიხედვით, გოგონა მშობლებისათვის არის დიდი წყალობა ღმერთისგან, რადგან ისლამში ასეთი აზრი არსებობს : "სამოთხე დედის ფეხებ ქვეშ არის გაგებული" და შესაბამისად, ქალიშვილის დაბადება, ყველა ოჯახისთვის არის დიდი წყალობა

- თქვენ რა ასაკში მოიყვანეთ ცოლი და მას თუ აძლევდით განათლების მიღების საშულებას?

- მე, როდესაც დავოჯახდი, ჩემი მეუღლე 22 წლის იყო. მას მხოლოდ საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, შემდეგ როცა ოჯახი შევქმენით, უმაღლესში არ ჩაუბარებია, მაგრამ გარკვეულ კურსებზე დადიოდა, რაც მას აინტერესებდა. დღესაც ენის კურზე დადის. პრობლემა არ მაქვს. თუ მას სურვილი ექნება, ყველანაირად შევუწყობ ხელს, რომ ისწავლოს.

- მინდა, გარდაბნის სოფელ თაზაქენდში მომხდარი შემთხვევა გავიხსენო, როცა გეოგრაფიის მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს, სოფლის ცენტრში ისლამის თემის უხუცესებმა ბოდიში მოახდევინეს და საჯაროდ შეურაცჰყოფა მიაყენეს... როგორ აფასებთ ამ მიდგომას უხუცესების მხრიდან? რელიგიურად ასეთი ქმედება რამდენად გამართლებულია?

- მივესალმები იმ ფაქტს, რომ როგორც ახალგაზრდა მასწავლებელმა და ახალგაზრდა პიროვნებამ თავისი აზრი დააფქსირა. მისი სრული უფლება იყო და მე ვფიქრობ, ვალდებულიც იყო, რომ მსგავს საკითხთან დაკავშირებით, ეს პოზიცია დაეფიქსირებინა. მე მას მხარს ვუჭერ, მაგრამ მის დაწერილ სტატუსში არსებობს კრიტიკა, ასევე იყო შეურაცხყოფაც. ჩემი აზრით, ის, რამაც დიდი გაღიზიანება გამოიწვია მოსახლეობაში, მის სტატუსში არსებული შეურაცხმყოფელი სიტყვები იყო. ისლამის რელიგიაში ასეთი გამონათქვამია: ყოველთვის აკრიტიკეთ, მაგრამ ნუ შეურაცმყოფთ. აქამდე მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ბევრი სტატუსი დაწერილა, მაგრამ არასდროს მსგავსი რეაქცია არ მოჰყოლია, რადგან მან უხუცესები შეურაცხყო, ამან დიდი გაღიზიანება გამოიწვია.

- როგორ ფიქრობთ, ადრეულ ქორწინებაზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა მუსლიმებთა თემის გახლეაჩას ხომ არ გამოიწვევს?

- ჩვენ გვქონდა მსგავსი შეხვედრები, სადაც მოსახლეობას მოვუწოდებდით, რომ შეეკავებინათ თავი ადრეულ ასაკში შვილების დაქორწინებისგან, სკოლიდან მოწყვეტისგან და ოჯახურ საქმიანობაში ჩართვისგან. ვფიქრობ, არ მოხდება თაობებს შორის დაპირისპირება, რადგან თითქმის უკვე ყველამ იცის, რომ ეს არ არის სწორი საქციელი და ეს ქმედება კანონმდებლობით დასჯადიცაა. ჩვენც ჩვენის მხრივ, როგორც მუსლიმთა სამმართველო, რეგიონებში საგანმანათლებლო შეხვედრებს ხშირად გავმართავთ.

- ადრე უფრო ხშირად ხდებოდა მსგავსი შემთხვევები და მუსლიმთა ახალგაზრდობა ხმას არ იღებდა თუნდაც მოტაცების, ან გათხოვების ფაქტებზე. ახლა რა შეიცვალა თქვენი აზრით, რატომ აპროტესტებენ საჯაროდ?

- 21-ე საუკუნეში საშუალო განათლების მიღება და შემდეგ უმაღლესში სწავლა საჭიროა, რომ რაღაც პროფესიას დაეუფლო. ეს ასაკი დაახლოებით 20-22 წლის შუალედებში თამაშობს, ხოლო ტროპიკულ ქვეყნებში, სადაც ადამიანები ბიოლოოგიურად და ფიზიოლოგიურად ადრე მწიფდებიან, იქ შეიძლება ეს ასაკი უფრო დაბალიც იყოს. ანუ დროისა და ადგილიდან გამომდინარე, ამ კრიტერიუმებს, შეიძლება თავისი ასაკი ჰქონდეს. ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანელი გოგონების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის რაოდენობის გაზრდამ სტიმული მისცა სხვა მოზარდებსაც, რომ მათაც ისწავლონ. მიხვდნენ, რომ წარმატების მისაღწევად ქორწინება და საოჯახო ცხოვრებაში ჩართვა ხელსაყრელი არ არის. სწორედ ეს იყო წარმატების ძირითადი შემაფერხებელი ქმედება, ამიტომაც ამან გამოიწვია პროტესტი ადამიანებში და აზრის შეცვლა, რაც მათ განცხადებებშიც აისახა.

გორში ათობით ბავშვის მოწამვლასთან დაკავშირებით სამედიცინო ცენტრი "იავნანა" განცხადებას ავრცელებს

საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

"მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში" - გამყრელიძე ბოლო დღეების ეპიდვითარებას აჯამებს