ავტორი:

ქართველი მოსწავლეების პროექტი "Stem შაბათის სკოლა დევნილებისთვის" AEIF კონკურსის გამარჯვებული გახდა

ქართველი მოსწავლეების პროექტი "Stem შაბათის სკოლა დევნილებისთვის" AEIF კონკურსის გამარჯვებული გახდა

საქართველოს გუნდი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული AEIF (Alumni Engagement Innovation Fund)-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა პროექტით - "STEM“ საშაბათო სკოლა დევნილი ბავშვებისთვის". AEIF ყოველწლიური კონკურსია, რომელიც მთელ მსოფლიოში ამერიკული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს უფინანსებს გლობალური გამოწვევების საპასუხო პროექტებს. წელს მსოფლიოს 150 ქვეყნის 1400 პროექტიდან 64 გამარჯვებული შეირჩა. საქართველოს გუნდში სამი მონაწილეა - სოფიო ჩიხლაძე, თინა გიორგაძე და თეკლა ხმიადაშვილი. სოფო და თეკლა ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლეები არიან, თინა კი ამერიკის „Bard College“ კომპიუტერული მეცნიერებების პირველი კურსის სტუდენტია. პროექტის შესახებ მათ AMBEBI.GE-ს უამბეს:

თქვენი გუნდი გახდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული AEIF (Alumni Engagement Innovation Fund)-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. რას წარმოადგენს თქვენი პროექტი?

ჩვენი პროექტი გულისხმობს 12-დან 17 წლამდე დევნილი ბავშვებისთვის STEM საშაბათო სკოლის ორგანიზებას, სადაც ბავშვებს ჩაუტარდებათ გაკვეთილები რობოტიკაში, პროგრამირებაში და სხვა STEM მიმართულების საგნებში. პროექტი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ჩართულობით ხორციელდება. ამერიკული აკადემიის შენობაში მოხალისეები (ამავე სკოლის უფროსკლასელები) სამ ნაკადად ჩაატარებენ გაკვეთილებს.

ჩვენი პროექტის მიზანი არის დავაინტერესოთ ბავშვები სამეცნიერო საგნებით და ტექნოლოგიებით, ვაჩვენოთ რამდენად პერსპექტიული მიმართულებებია, გავუჩინოთ სურვილი, რომ განვითარდნენ ამ მიმართულებით. არსებობს უამრავი უფასო სასწავლო რესურსი, კლუბები, კურსები. გვინდა დავანახოთ ბავშვებს, რომ მეცნიერება არ არის რთული და მიუწვდომელი, პირიქით, სახალისო და საინტერესოა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვაჩვენოთ ბავშვებს სწავლების ის უნიკალური სისტემა, რომელიც ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაშია დანერგილი. ეს არის ოვალურ, „ჰარკნესის“ მაგიდასთან მეცადინეობა. ამ მაგიდასთან ყველა თანასწორია - ბავშვები და მასწავლებელი მსჯელობენ, დებატებით სწავლობენ. აქ არ არის საჭირო არაფრის დაზეპირება. ყალიბდება კრიტიკული აზროვნების, საკუთარი აზრის ჩამოყალიბების და გადმოცემის უნარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ტექნიკურ საგნებთან ერთად დამატებული გვაქვს რამდენიმე ჰუმანიტარული საგანიც, რაც უფრო მრავალფეროვანს და სახალისოს გახდის სწავლების პროცესს.

როგორი იყო საგრანტო კონკურსის პირობები? როგორ ჩაერთეთ მასში?

ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ, ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული გაცვლითი პროგრამის მონაწილეს შეეძლო. ერთადერთი პირობა იყო, რომ სამი ნებისმიერი პროგრამის კურსდამთავრებული ერთ გუნდად უნდა გაერთიანებულიყო და ერთი პროექტი წარედგინა. შემოთავაზებული იყო რამოდენიმე თემა - მეცნიერების, ტექნოლოგიის, ჯანმრთელობისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა, ქალების როლის გაძლიერება, საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარება და სხვა. ჩვენ სწორედ ბოლო თემა შევარჩიეთ. გუნდში სამნი ვართ - მე, თინა გიორგაძე და თეკლა ხმიადაშვილი. სამივე ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტექნოლოგიური ბანაკის WiSCI მონაწილეები ვიყავით, ხოლო თინა ასევე FLEX კურსდამთავრებულია.

როგორ გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეა?

ჯერ კიდევ სანამ კონკურსი გამოცხადდებოდა, ხშირად გვიოცნებია, რომ გვქონოდა შესაძლებლობა დაგვეინტერესებინა ტექნოლოგიებით და სამეცნიერო საგნებით ის ბავშვები, ვისთვისაც ეს მიმართულებები ხელმისაწვდომი არ არის. ზალდასტანიშვიის ამერიკულ აკადემიაში საშაბათო სკოლა დევნილებისთვის მანამდეც ფუნქციონირებდა, მაგრამ არ გვქონდა საჭირო ხელსაწყოები, რომ გვესწავლებინა ბავშვებისთვის რობოტიკა და პროგრამირება. ახლა, როდესაც გრანტი მოვიპოვეთ, შევძელით დევნილი ბავშვების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა, ვუზრუნველყავით მათი ტრანსპორტირება, კვება და საჭირო ტექნიკის შეძენა.

როგორ ფიქრობთ, რა გახდა თქვენი კონკურსში გამარჯვების მთავარი მიზეზი?

ჩვენს პროექტს ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რომ ის რამდენიმე მხარის ჩართულობით ხორციელდება. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ უზრუნველყო სივრცე, სადაც ჩატარდება მეცადინეობები. ასევე გვაქვს შეთანხმება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, სამივე ნაკადის ბავშვებს ჩაუტარდებათ შემეცნებითი ექსკურსია ტექნოპარკში. დევნილებთან კომუნიკაციაში და სამიზნე ჯგუფის შერჩევაში გვეხმარება დევნილების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. გარდა ამისა, ამ პროექტში ჩართულია ბევრი მოხალისე. გაკვეთილებს ჩვენივე სკოლის უფროსკლასელები ვატარებთ მასწავლებლის მენტორობით და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, მოხალისეებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ თანატოლების მიერ სწავლება (peer education) განსაკუთრებით ეფექტურია.

მას შემდეგ რაც კონკურსში გავიმარჯვეთ, ჩვენი პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა. მივმართეთ მშვიდობის კორპუსს (Peace corp) და ისინი დაგვთანხმდნენ პროექტში ჩართვაზე. რამდენიმე ამერიკელი მოხალისე სპეციალურად ჩამოვა რეგიონებიდან, რომ გაკვეთილები ჩაუტაროს დევნილებს. ასევე ვიწყებთ თანამშრომლობას ამერიკულ კუთხესთან, სადაც ძალიან ბევრ აქტივობას სთავაზობენ ბავშვებს.

როგორ უნდა ჩაერთონ დევნილები თქვენს პროგრამაში?

დევნილების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაგვეხმარა დევნილების ინფორმირებაში. სამიზნე ჯგუფს გაეგზავნა შეტყობინებები. სააგენტოშივე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა დევნილებთან. საკმაოდ დიდი გამოხმაურება იყო და პირველი ნაკადი უკვე შევსებულია. პირველი მეცადინეობა 16 ნოემბერს ჩატარდება. მეორე ნაკადს 1 თებერვლიდან დავიწყებთ. მეორე ნაკადისთვისაც მოხდება დევნილების ინფორმირება.

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს

პოლიციას ალეკო ელისაშვილის დაკავების მცდელობა ჰქონდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს

პარლამენტთან გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ზურა ჯაფარიძე დააკავეს