ავტორი:

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე გარდაცვლილი იპოვეს

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე გარდაცვლილი იპოვეს

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე, თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია. სასულიერო პირი საბერძნეთის ეკლესიაში მსახურობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

გარდაცვლილის მამა, ქრისტეფორე წამალაიძე ქართული ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირია. მას სინოდთან დაპირისპირების გამო, 1995 წელს მღვდელმსახურების უფლება აეკრძალა და წმინდა სინოდიდან გარიცხეს.

ქრისტეფორე წამალაიძის გვარმა, ბოლოს, მეუფე ზოსიმეს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით გაიჟღერა. ყოფილი სასულიერო პირი, მამა ზოსიმეს წინააღმდეგ აგორებულ სკანდალში დაადანაშაულეს. ქრისტეფორე წამალაიძე წერილის ადრესატია, რომელშიც 1988 წელს სემინარიის სტუდენტმა სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.

5 იანვარს ქრისტეფორე წამალაიძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საჭიროა მოიწვიონ საერთო საეკლესიო კრება (არა სინოდის კრება), სადაც განიხილავენ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაგროვებულ სხვადასხვა პრობლემას.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას აზრით, სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ხასიათის შესაძლო დანაშაულების შესახებ ინფორმაციით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში აღნიშნული კუთხით გავრცელებული ინფორმაციები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს შეიცავს.

„შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძიება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის ორგანოებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა შესაბისი რეაგირების თხოვნით, წერილობით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

„მსურს, საჯაროდ მოვუწოდო როგორც განცხადების ავტორებს, ასევე, ყველა ინფორმაციის მფლობელს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევძლოთ მისი გადამოწმება. შესწავლის პროცესში მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა

ლაგოდეხში სატვირთო ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

სპეცოპერაცია წერეთელზე - არაოფიციალური ინფორმაცით, მიკროსაფინანსოში შეიარაღებული პირი შეიჭრა