ავტორი:

საქართველოში ყოველწლიურად 20 000 აბორტი კეთდება - "მითია, რომ კონტრაცეფტივები საშიშია, მათი სწორი გამოყენება შობადობას ზრდის"

საქართველოში ყოველწლიურად 20 000 აბორტი კეთდება - "მითია, რომ კონტრაცეფტივები საშიშია, მათი სწორი გამოყენება შობადობას ზრდის"

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, 20 000 აბორტი კეთდება. მართალია, ბოლო წლებში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მაჩვენებელმა იკლო, თუმცა, იგი ორჯერ აღემატება ევროპის ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საგანგაშოდ მაღალია.

სპეციალისტები აბორტის ასეთ მაღალ მაჩვენებელს პირდაპირ უკავშირებენ ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალ დონეს, არასწორ ინფორმირებულობასა და სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემას.

რა არის ოჯახის დაგეგმვა?

კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ოჯახის დაგეგმვის შესახებ ცნობადობა განსაკუთრებით დაბალია. რეპროდუქტოლოგი გოგი ცერცვაძე AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ოჯახის დაგეგმვის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია აღმოაჩნდათ თავად სამედიცინო უნივერისტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც კი.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის განსაზღვრებით, ოჯახის დაგეგმვის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ორსულობა და ყველა ბავშვი იყოს სასურველი. ამასთან, ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლებაა - იყოლიოს იმდენი შვილი, რამდენიც სურს და როდესაც სურს. მსოფლიოში არსებობს პრეცედენტები, როდესაც სახელმწიფო ხელშეწყობის მაგივრად, ართმევს ადამიანებს ამ უფლებას და თავად უგეგმავს რამდენი შვილი გააჩინონ (მაგალითად, ჩინეთის ერთი შვილის პოლიტიკა. ბოლო პერიოდში ეგვიპტის მთავარობამაც მიიღო ასეთი შინაარსის სამართლებრივი აქტი). თანამედროვე, დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებული ქვეყნები კი საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და, პირველ ყოვლისა, მათ სათანადო ინფორმირებულობას უზრუნველყოფენ, რათა თოთოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობა.

ოჯახის დაგეგმვის მთავარი კომპონენტი თანამედროვე და ხარისხიან კონტრაცეფციულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობას და მათ შესახებ მართებული ინფორმაციის ქონას მოიაზრებს. დღეისთვის არსებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და მეთოდები რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

  • საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფცია, ე.წ. სპირალი
  • ჰორმონალური (მირენა), რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელში ლორწოს შესქელებას და საშვილოსნოს ლორწოვანი შრის გათხელებას, რაც ამცირებს ჩასახვის შესაძლებლობას
  • ჰორმონალური კონტრაცეფცია: ჰორმონალური კონტრაცეფციის მიზნით გამოიყენება ქალის სასქესო ჰორმონის, პროგესტერონისა და ესტროგენების სინთეზური ანალოგები: აბები, საინექციო კონტრაცეფცია, იმპლანტი და ა.შ.
  • მექანიკური (ბარიერული) კონტრაცეფცია: კონდომი (პრეზერვატივი), საშვილოსნოს დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩები და ქალის კონდომი.

AMBEBI.GE რეპროდუქტოლოგ გოგი ცერცვაძეს ესაუბრა. ექიმის განამარტებით, ოჯახის დაგეგმვის სფეროში ნომერ პირველი გამოწვევა საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონეა. მისი განმარტებით, გავრცელებულია არაერთი მითი, რომლებიც ადამიანებს ამ საკითხზე ცრუ წარმოდგენას უქმნიან.

"კვლევების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტად საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციაა გავრცელებული, ე.წ. სპირალი. მაგრამ ბოლო პერიოდში ბარიეულმა მეთოდმა, ე.წ. პრეზერვატივმა გადააჭარბა მას. რადგან იმატა ინფორმაციამ იმაზე, რომ შესაძლოა ბარიერული კონტრაცეფცია უფრო უკეთესი იყოს. საქართველოში ოჯახის დაგეგმვის სფეროში "დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება" 30%-ს აჭარბებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქორწინებაში მყოფი ყოველი მესამე ქალი საქართველოში არ ხმარობს კონტრაცეფტივებს, ან მიმართავს არასაიმედო მეთოდებს, რაც დაკავშრებულია თანამედროვე კონტრაცეფტივების შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ მითებთან. მაგალითად ასეთი - კონტრაცეფცია საშიშია! პირიქით, კონტრაცეფცია სასარგებლოა, რადგან იგი ამცირებს დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის, აბორტების მაჩვენებელს. როდესაც ოჯახი მომზადებულია ორსულობისთვის და ნაყოფი სასურველია, ეს დადებითად აისახება როგორც კონკრეტული ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობაზე, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რადგან ქალებს ეძლევათ საშუალება თავად განსაზღვრონ ორსულობებს შორის ინტერვალები, ისე რომ კარიერას არ მოწყდნენ და იყვნენ შრომისუნარიანები. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში პარტნიორებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობას უზრუნველყოფს და განქორწინების რიცხვსაც ამცირებს. რაც ყველაზე მთავარია, ამცირებს დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს, რისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზიც დაუგეგმავი ოჯახური ცხოვრებაა.

რაც შეეხება ზიანს, სამედიცინო სფეროში, ისევე როგორც ზოგადად ცხოვრებაში, 100% გარანტირებული არაფერია. გამონაკლისები და უკუჩვენებები ძალიან დაბალ პროცენტში შესაძლებელია მოხდეს.

მეორე მითი ასეთია: კონტრაცეფცია ამცირებს შობადობას! ესეც არასწორია, რა თქმა უნდა, კონტრაცეფცია შობადობას კი არა, არასასურველ ორსულობას და მის ხელოვნურად შეწყვეტას ამცირებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ კონტრაცეფციის წორი გამოყენების პირდაპირპროპორციულად იზრდება შობადობის მაჩვენებელიც

ასე რომ, რაც უფრო სწორად ვართ ინფორმირებულები, მით მეტად დაცულები ვართ", - ამბობს ექიმი რეპროდუქტოლოგი.

გაეროს მოსახლეობის ფონდი ათეულობით წელია აქტიურად უწევს ადვოკატირებას ოჯახის დაგეგმვის თემას და მის მნიშვნელობას. ორაგიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე სახელმწიფოს ჩართულობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

"საბჭოთა კავშირის დროს ოჯახის დაგეგმვის სერვისები საერთოდ არ არსებობდა. ის არ იყო ჯანდაცვის სისტემის ნაწილად წარმოდგენილი, ერთადერთი მეთოდი არსებობდა - აბორტი. ამიტომაც 90-იანი წლების ბოლოს საქართველოს აბორტების რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა მთელ მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა და მიმოსვლის შესაძლებლობა გაჩნდა, დაიწყო კონტრაცეფტივების შემოტანა საქრთველოში. 1996 წლიდან ოჯახის დაგეგმვის სერვისები, როგორც კონსულტაცია, ისე თვითონ კონტრაცეფტივები, წყვილებს უფასოდ მიეწოდებოდათ. თანამედროვე კონტრაცეფტივები საქართველოში პირველად შემოიტანა გაეროს მოსახლეობის ფონდმა, 2005 წლიდან ჩვენ შემოგვიერთდა აშშ-ს საერთაშორისო დახმარება. 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო საშუალო შემოსავლის ქვეყანად გადაიქცა, კონტრაცეპტივების უფასოდ შემოტანა შეწყდა და მარაგიც ამოიწურა. ამის შემდეგ უკვე ჯერი სახელმწიფოზე მიდგა. სამწუხაროდ, საქართველოში ოჯახის დაგეგმვის სერვისის დაფინანსების შესაძლებლობა დღემდე არ გაჩნდა, არც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში შევიდა. ეს არის უზარმაზარი გამოწვევა. ვინაიდან კონტრაცეფცია იაფი არ არის, ქალები ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე დგანან. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას ახალგაზრდებშიც, რადგან ისინი არიან სექსუალურად აქტიურები და ხშირად არ აქვთ საკუთარი შემოსავალი. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ ოჯახის დაგეგმვა ჯანდაცვის განუყოფელი ნაწილი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. სამინისტრომ უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები. 2020 წლის ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველ და ახალგაზრდა ქალბატონებს, ვისაც ხელი არ მიუწვდებათ ფინანსურად, უფასოდ გადაეცეთ კონტრაცეფტივები, როგორც ეს ეროვნულ სტრატეგიაში წერია".

ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას განათლების სამინისტრომაც, რათა სასწავლო პროგრამაში ოჯახის დაგეგმვის საკითხებიც შევიდეს.

"საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 10-ჯერ და მეტად მაღალია მოზარდებში ორსულობის მაჩვენებელი. მაშინ, როდესაც ორგანიზმი ჯერ კიდევ მოზარდია და ორსულობა ბევრ რისკთან არის დაკავშირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან შვილის გაცნობიერებულად გაჩენის პრობლემაა. გაეროს მოსახლეობის ფონდი განათლების სამინისტროსთან მუშაობს, რათა რეპროდუქტიულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სასკოლო პროგრამაში შევიდეს, ბუნებისმეტყველების და სამოქალაქო განთლების საგნებში. რამდენიმე წელში გვექნება შედეგი. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა 2010-2019 წლებში საქართველოში კონტრაცეფტივების გავრცელების შესახებ. კვლევის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 20 ნოემბერს იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაცია გახდება ცნობილი", - აცხადებს ლელა ბაქრაძე.

რაც შეეხება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, ექსპერტის ინფორმაციით, ევროპის მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენს მეზობელ, ყოფილ საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში კონტრაცეფციას სახელმწიფო აფინანსებს. მაგალითად: სომხეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთში, ბელორუსში და ა.შ.

საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგია (2017- 2030 წწ). სტრატეგიაში წერია, რომ 2030 წლისთვის ოჯახის დაგეგმვის სერვისები ადვილად ხელმისაწვდომი იქნება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე პირისთვის და სერვისების ხარისხი დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები ე.წ. „დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის“ დასაკმაყოფილებლად. რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველ და ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც კონტრაცეფციას საჭიროებენ და ფინანსურად ხელი არ მიუწვდებათ მასზე, სახელმწიფო უფასოდ გადასცემს კონტრაცეფტივებს. ექსპერტების შეფასებით, სტრატეგიის დამტკიცებიდან 2 წლის თავზე სახელმწიფოს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმ მიზნების მისაღწევად, რომელებიც დოკუმენტშია გაწერილი.

AMBEBI.GE საქრთველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა სამინისტროს დაუკავშირდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას თქმით, სტრატეგიაში არსებული ჩანაწერები სავალდებულო შესასრულებელ ხასიათს არ ატარებს. მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობას, თუმცა დაინერგება თუ არა აღნიშნული ცვლილება, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

"როგორც სტრატეგიაშია აღწერილი, ოჯახის დაგეგმვის მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულია, თუცა რომ გითხრათ, სამინისტროში ამჟამად დგას კონტრაცეფტივების შესყიდვის საკითხი იმ მიზნით, რომ შემდეგ ისინი უფასოდ დარიგდეს, ეს ასე არ არის. ეს არის კომპლექსური თემა და ამაზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს. მომზადებულია კითხვარი, ჩართულია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია - სად, როგორ, რანაირად უნდა მოხდეს ცვლილებები. უფრო მკაფიოდ არის განსასაზღვრი ამის საჭიროება. სტრატეგიაში რაც წერია, ის არ არის სავალდებულო შესასრულებელი ხასიათის. სტრატეგია გადახედვას ექვემდებარება, თუმცა რაც იქ წერია, იმის განხორციელება ძალიან მნიშნელოვანია. თუ აუცილებლობა გამოიკვეთა, ამ კონტრაცეფტივების შეძენას დიდი თანხა არ ჭირდება და რესურსი მოიძებნება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ AMBEBI.GE-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც აქამდე მედიით არ გავრცელებულა და, რომლის შესახებაც, ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. ეს ფაქტი სიახლე აღმოჩნდა თავად არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც ამ საკითხებზე წლებია მუშაობენ. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის სერვისს სახელმწიფო განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს უფასოდ სთავაზობს.

"რეფერალური პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია, ე.წ. სპირალი უკვე წლებია ფინანსდება. ამ მომსახურების მიღება უფასოდ შეუძლიათ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს. როგორებიც არიან: სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები, ძალადობის მსხვერპლი ქალები და ა.შ. მომსახურების მიმღებმა პირმა საჭიროების ყოველ ჯერზე უნდა მიმართოს განცხადებით სამინისტროს. განცხადების განხილვის შემდეგ, რეფერალური პროგრამის ფარგლებში ამ კონტრაცეფციის გამოყენება დაუფინანსდებათ. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ბევრი განცხადება არ გვაქვს, არ ვიცი ეს იმის ბრალია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა აქამდე, თუ სხვა რამის. ვისაც აქვს უკიდურესი საჭიროება კონტრაცეფციის ამ მეთოდის, შეუძლიათ მოგვმართონ", - განგვიცხადა გაბუნიამ.

AMBEBI.GE-ს კითხვაზე - რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებიდან ორი წლის თავზე, ოჯახის დაგეგმვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, მინისტრის მოადგილე გვპასუხობს, რომ კონკრეტულ ინტერვენციებს არ გამოყოფს. მისი განცხადებით, ოჯახის დაგეგმვის სერვისები გაბნეულია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში და უკვე მრავალი წელია მოქმედებს. თამარ გაბუნიას თქმით, ეს სერვისები ამ ეტაპზე ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალისთვის კონსულტაციების გაწევას მოიაზრებს.

როგორია გელათის ტაძარი დღეს - ფოტორეპორტაჟი სამონასტრო კომპლექსიდან

"გავხსნით დამოუკიდებლად დახლებს და ვაჭრობას განვაახლებთ" - მოვაჭრეების განცხადებით, თუ "ლილოს" ბაზრობას არ გახსნიან, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ

1-ელი თებერვლიდან 3 დიდი ქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება