ავტორი:

"ადამიანებს ურჩევნიათ დაიჯერონ, რომ რომელიმე პროდუქტი დაიცავთ სიმსივნისგან" - რჩევები შვედეთში მცხოვრები ქართველი კიბოს მკვლევარისგან

"ადამიანებს ურჩევნიათ დაიჯერონ, რომ რომელიმე პროდუქტი დაიცავთ სიმსივნისგან" - რჩევები შვედეთში მცხოვრები ქართველი კიბოს მკვლევარისგან

ნია ხაჭაპურიძეს სოციალურ ქსელში ყველა ის ქალი იცნობს, რომლებიც "ფეისბუქის" სხვადასხვა ჯგუფებში ჯანმრთელობის პრობლემებზე წერენ და კითხვებს სვამენ. მისი პასუხები ყოველთვის კომპეტენტური და ამომწურავია, ალბათ ამის გამოც, ბევრს ის ექიმი ჰგონია, კონსულტაციაზე მისვლა სურთ, თუმცა რეალურად, ნია ხაჭაპურიძე შვედეთში ცხოვრობს და კიბოს უჯრედებს იკვლევს.

სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯერ გერმანიაში, გერმანიის კიბოს კვლევის ცენტრში მუშაობდა, შემდეგ კი შვედეთში გაემგზავრა, სადაც ლაბორატორიაში მუშაობს.

ნია ხაჭაპურიძეს AMBEBI.GE შვედეთში დაუკავშირდა - მისი რჩევები ყველა იმ ადამიანს გამოადგება, ვინც კიბოს შესახებ მითების ტყვეობაშია:

- პირად შეტყობინებებში ხშირად მწერენ ან რჩევას მეკითხებიან, კონსულტაციაზე ჩაწერა უნდათ და სად მოვიდეო, კითხულობენ. მერე მიწევს ახსნა, რომ ექიმი არ ვარ.

სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ ექიმი რომ გერქვას, შემდეგ რეზიდენტურა უნდა გაიარო და ლიცენზია აიღო. მე დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაზე გავაგრძელე სწავლა, შესაბამისად ექიმს ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს. ვსწავლობ შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში და ვსწავლობ სამეცნიერო კვლევას, მოლეკულურ ონკოლოგიას - ანუ სიმსივნეების გამომწვევ მიზეზებს და მკურნალობის გზებს მოლეკულების დონეზე ვიკვლევთ.

- რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება და როგორ მოხვდით შვედეთში?

- 4 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ ექიმი გამოვიდოდი. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. სამედიცინოს დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც ახალი მინდოდა მედიცინასთან, ონკოლოგიასთან დაკავშირებული. "გუგლში" ვიპოვე პროგრამა, რომელზეც ახლა ვსწავლობ - ტრანსლაციური სამედიცინო კვლევის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა. ორწლიანია, ორ სხვადასხვა ქვეყანაში და ორ სხვადასხვა უნივერსიტეტში უნდა ისწავლო.

ერთი წელი გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში და მეორე - შვედეთში, უფსალაში. საიტზე ეს წავიკითხე თუ არა, ეგრევე მივხვდი, რომ ზუსტად ეს მინდოდა - მეცნიერებაში ცხვირის შეყოფა, სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრება და ბევრი მოგზაურობა. გავგზავნე საბუთები, გავიარე ინტერვიუ, მიმიღეს და წამოვედი.

მოკლედ, ამ წუთას უფსალაში ვარ, ლაბორატორიაში ვზივარ და ვაანალიზებ, ტვინის სიმსივნის უჯრედებს სხვადასხვა წამლებით რომ ვმკურნალობთ, რა გავლენას ახდენს ეს მათ გენებზე და რა ცვლილებებს იწვევს უჯრედებში.

- სიმსივნე 21-ე საუკუნის ყველაზე ვერაგი დაავადებაა, არსებობს მოსაზრება რომ მისგან განკურნება შეუძლებელია ერთეული შემთხვევების გარდა...

- ვმუშაობთ მაგაზე, მე რა, უამრავი ძალიან ჭკვიანი და ძალიან მაგარი მეცნიერი მუშაობს. ზოგ სიმსივნეს ძალიან კარგად ვუმკლავდებით და შეიძლება ითქვას, ვკურნავთ კიდეც. ბავშვთა ლეიკემიებს მაგალითად, ასევე მკერდის კიბოს - განსაკუთრებით თუ დროულად დაისვა დიაგნოზი.

ზოგ სიმსივნეზე შედარებით ცუდი მდგომარეობაა. მაგრამ ახლა მეცნიერებაში ყველაზე დიდი ფული და ყურადღება სიმსივნის კვლევაში იდება და ოდესმე აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ ან სრულიად განვკურნოთ პაციენტები და ან უბრალოდ ქრონიკულ, კონტროლირებად დაავადებად ვაქციოთ - ექიმთან რომ მიხვალთ და გადააკონტროლებთ ხოლმე, ისეთად.

- ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვკითხულობთ სიმსივნის პრევენციაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ?

- სიმსივნე ზუსტად როგორ ვითარდება და საიდან იწყება, ეგ ბოლომდე დადგენილი არ არის და უამრავი მეცნიერი ზუსტად მაგის გასაგებად მუშაობს. მაგრამ არის რაღაც საკითხები, რაც ზუსტად ვიცით. მოწევა რომ კიბოს იწვევს (და არამარტო ფილტვის) - ზუსტად ვიცით, დადგენილია, მაგრამ მაინც ვეწევით.

დაბინძურებული ჰაერი რომ იწვევს - ზუსტად ვიცით, ამ დროს კი თბილისში ჰაერია უკვე თავად ონკოლოგიური. თან დავდივართ, ვსუნთქავთ და პროტესტი არ გვიჩნდება, თან არ გვინდა, რომ დაგვემართოს და ვკითხულობთ, რა ანალიზი და კვლევა ჩავიტარო, რომ ყველა სიმსივნე ერთად გამოირიცხოსო. ასეთი კვლევა არ არსებობს და იმაზეც შეთანხმდა მეცნიერება, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობას თავიდან აცილება სჯობს.

შესაბამისად, ჰაერის და გარემოს სისუფთავისთვის რომ ვიბრძოდეთ ყველა ერთად მონდომებით, ჩვენც, ჩვენს შვილებსაც და შვილიშვილებსაც ბევრად უფრო ნაკლებად დაგვემუქრებოდა სიმსივნე

არსებობს სპეციალური კვლევები, რომლებიც ტარდება ყველაზე გავრცელებული სიმსივნეების დროულად აღმოსაჩენად და ადრეულ სტადიაზევე მოსაშორებლად. ეს კვლევები, შესაბამის ასაკში, უფასოა ადამიანებისთვის, რადგან ყველამ შეძლოს მათი ჩატარება, მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად.

ასეთ პროფილაქტიკურ კვლევებს ეწოდება სკრინინგული კვლევები და საქართველოში გვაქვს რამდენიმე. განვითარებულ ქვეყნებში ეს კვლევები უტარდება ყველა ადამიანს, სრულიად ჯანმრთელსაც კი, პროფილაქტიკის მიზნით.

ქალებში ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოა 40 წლის შემდეგ; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25 წლის შემდეგ; პროსტატის კიბოს სკრინინგი უფასოა 50 წლის შემდეგ მამაკაცებში; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი უფასოა 50 წლის შემდეგ - ეს ყველაზე გავრცელებული სიმსივნეებია და ამ კვლევების ჩატარებით მათი პროფილაქტიკა თუ შევძელით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ბევრად ნაკლები გვექნება სიმსივნის რისკი.

- ბავშვებში რა შეიძლება იწვევდეს სიმსივნეს, ისინი ხომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობენ?

- ბავშვთა სიმსივნეები სწორედ ის შემთხვევაა, როცა ზუსტად თქმა არ შეგვიძლია, რა იწვევს. შესაბამისად, რამე კონკრეტული ნაბიჯები და პრევენციული ზომებიც არ გვაქვს.

ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა, მზისა და თამბაქოს კვამლის (და ნებისმიერი გამონაბოლქვის) მორიდება არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ბავშვების დასაცავად. თითქოს ძალიან მარტივი და სტანდარტული სიაა, მაგრამ ალბათ ძალიან ცოტა ბავშვი ცხოვრობს ასეთ ჯანსაღ გარემოში საქართველოში, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით.

- ხშირად გაგვიგია პროდუქტებზე, რომლებიც ახდენს კიბოს პრევენციას. მაგალითად, კურკუმა, რომელიც უნდა მოვაყაროთ თითქოს ყველა საკვებს, გაყინული ლიმონი...

- მე პირადად, ასეთი "უნივერსალური პროდუქტების" არ მჯერა, ყველა სიმსივნის პრევენციას რომ ახდენენ. ჩემთვის სიმსივნის პრევენციის რეალური გზა არის ის, რაც მეცნიერულადაა დადგენილი: ჯანსაღი ცხოვრების წესი!

მასში შედის ჯანსაღი კვება - მეტი ხილი და ბოსტნეული, ნაკლები შემწვარი და შებოლილი პროდუქტი, ნაკლები შაქარი და ე.წ. ჯანქ ფუდი, ამაში ასევე შედის მეტი ფიზიკური აქტივობა, ოღონდ სპორტდარბაზში სიარული არ იგულისხმება მაინცდამიანც. დღეში მინიმუმ 30 წუთი სწრაფი ნაბიჯით სიარული უკვე კარგია; და ამაში შედის - ნაკლები სტრესი და მეტი "ბედნიერება".

სიმსივნის პრევენციის ყველაზე ძლიერი იარაღი არის თქვენი საკუთარი იმუნიტეტი, იმუნური სისტემა, რომელიც ყოველდღე პოულობს გადაგვარებულ უჯრედებს და მანამ ანადგურებს, სანამ გამრავლებას მოასწრებენ. ძლიერი იმუნიტეტი კი ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობის და ნაკლები სტრესის შედეგია

ყველაზე მარტივი რჩევებია და ამ დროს ყველაზე რთული შესასრულებელი. ალბათ ამიტომაა, ადამიანებს მოსწონთ იმის დაჯერება, რომ რომელიმე კონკრეტული პროდუქტის მიღება ააცილებთ სიმსივნეს.

მეტი ხილი, მეტი ბოსტნეული და მეტი მოძრაობა, ზემოთ ჩამოთვლილი სკრინინგული კვლევების ჩატარება, ნაკლები მზეზე დაწვა და რუჯი, არანაირი სოლარიუმი და არანაირი მოწევა - ესაა მთავარი.

- თუ შეგიძლიათ უფრო ვრცლად გვესაუბროთ ქიმიოთერაპიაზე, რომელზეც აზრი ხშირად იყოფა, თითქოს აჩქარებს პროცესს...

- ქიმიოთერაპიას, რა თქმა უნდა, ბევრი ნაკლი აქვს. არავინ ამბობს, რომ ადვილი გადასატანია ან ორგანიზმისთვის ან პაციენტისთვის. სწორედ ამიტომ გრძელდება ასე აქტიურად სიმსივნის კვლევა, რომ მკურნალობის ახალი მეთოდები შეიქმნას, პირდაპირ სიმსივნეს რომ ამოიღებენ მიზანში და დანარჩენ ორგანიზმს ნაკლებად დააზიანებენ.

ძნელი გადასატანია, მაგრამ უამრავი ადამიანი არსებობს ამ ქვეყნად, ვინც სიმსივნე სწორედ ამ გზით დაამარცხა და ახლა სრულყოფილი ცხოვრება აქვს. საოცრად გამძლე და უგენიალურესი მექანიზმია ადამიანის ორგანიზმი და ამას ფსიქოლოგიური განწყობაც თუ დაემატა და რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან ბევრი წარმოუდგენელი რამის დაძლევაა შესაძლებელი.

ოდესმე და იმედია საკმაოდ მალე, აუცილებლად გვექნება უფრო ძლიერი და უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტების მქონე თერაპიები, მაგრამ ფსიქოლოგიური განწყობა მაინც ისევ უმნიშვნელოვანესი იქნება. პლაცებოს ეფექტი ხომ ყველას გაგვიგია? როცა ადამიანს სჯერა, რომ წამალი იმუშავებს და მართლაც მუშაობს, სულ რომ პლაცებო ანუ აბი გლუკოზა იყოს. ეს იმდენად ძლიერი ეფექტია, ყველა სამეცნიერო კვლევა მისი გათვალისწინებით ტარდება.

შესაბამისად, უნდა გწამდეთ თქვენი თავის, თქვენი ორგანიზმის, წამლის, ექიმის და იმის, რომ ყველაფერი იქნება კარგად და გამოჯანმრთელების ალბათობაც ბევრად გაიზრდება

- და ბოლოს რამდენიმე "ოქროს რჩევა" მკითხველს, რომელიც განსაკუთრებულად ელოდება ამ თემაზე კომპეტენტურ აზრს...

- ოქროს რჩევა ალბათ ისევ ის იქნება, რაც ზემოთ ვთქვი. თუ მართლა გაქვთ მიზნად ჯანმრთელობა, მოკლე, შემოვლითი და მარტივი ხრიკების ძებნას ნუ დაიწყებთ. ხილსა და ბოსტნეულს არ ვჭამ, ფიზიკურად არ ვმოძრაობ, მაგრამ სამაგიეროდ სოდას ვსვამ დილაობით და ეგ დამიცავს ყველაფრისგან - ეგრე არ ხდება. ბუნებას და თქვენს ორგანიზმს ჭკუაში ვერ აჯობებთ. ჯანსაღ ცხოვრების წესს ეშმაკური და იოლი ხერხებით ვერ ჩაანაცვლებთ.

შესაბამისად, ახრამუნეთ მეტი ხილ-ბოსტნეული, შეზღუდეთ შემწვარი, შებოლილი, დამარილებული და ტკბილი საკვები, იარეთ დღეში სულ მცირე 30 წუთი, მოერიდეთ გამოსხივებას (მათ შორის მზის), მოწევას, შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა და ღვიძლი-თირკმლის ჯანმრთელობის გარდა, საკუთარ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, ბედნიერებაზეც იზრუნეთ (ტვინიც ხომ მნიშვნელოვანი ორგანოა?!).

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ოღონდ ამაში მარტო დანიშნული წამლების სმა არ იგულისხმება - ანუ მანამდე მიდით ექიმთან და დაინტერესდით, ასაკობრივად რომელი დაავადებების პროფილაქტიკური კვლევები გიწევთ, ვიდრე რამე გამოვლინდებოდეს და სამკურნალო გახდებოდეს. ასეა განვითარებულ ქვეყნებში და არც იქ ეხალისება არავის, მაგრამ საჭიროა ხანგრძლივი და ნორმალური ხარისხის ცხოვრებისთვის.

თქვენი ორგანიზმი ფაქტობრივად თქვენი ავტომობილია, რომელიც ერთხელ კი ჩაგაბარეს ახალი და აწყობილი, მაგრამ ათწლეულების მანძილზე ბუნებრივად ცვდება, ფუჭდება ნაწილები და თქვენ თუ არა, სხვა არავინ მიხედავს თქვენ ნაცვლად...