ავტორი:

საქართველოში ექვს ექიმს საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა  -  რა დარღვევები გამოვლინდა 500 საავადმყოფოს შემოწმების შედეგად

საქართველოში ექვს ექიმს საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა  -  რა დარღვევები გამოვლინდა 500 საავადმყოფოს შემოწმების შედეგად

საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ განუცხადა.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეული ექიმის საკითხი განხილული იყო სამედიცინო რეგულირების პროფესიულ საბჭოზე და რამდენიმე ექიმს დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლებამოსილება. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ექიმებს სამუდამოდ ჩამოერთვათ საექიმო საქმიანობის უფლება. ასეთი იყო 6 შემთხვევა, როდესაც ძალიან მძიმე, მათ შორის ლეტალურ შედეგთან გვქონდა საქმე“, - აღნიშნა კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, 4 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პიორობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით, 100-ზე მეტი კლინიკა დაჯარიმდა, 7-ის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და საქმე შესასწავლად სამართალდამცავ უწყებას გადაეცა.

„შედგენილია სამართალდარღვევის 117 ოქმი. არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რომლებიც უკავშირდება ხარისხის შიდა სისტემების მართვას, დეზინფექცია-სტერილიზაციას, სამედიცინო ნარჩენების მართავს და მსგავსი ტიპის დარღვევები გამოიკვეთა. იყო რამდენიმე დარღვევა ტექნიკასთან დაკავშირებით - როგორც იცით, სამედიცინო აღჭურვილობა არ უნდა იყოს 1997 წელზე გვიან გამოშვებული.

დაჯარიმდა 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება. რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, ჩვენ როდესაც ვამოწმებთ, ვაფიქსირებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და შემდეგ უკვე სასმართლო ახდენს სანქცირებას ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის.

7 შემთხვევის შესწავლა სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემოწმების შედეგად იყო გარკვეული ნიშნები, რომლებიც სცილდებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილს. ასეთ შემთხვევაში კონკრეტული საკითხები შემდგომი შესწავლისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა“, - აღნიშნა კაპანაძემ.

კითხვაზე, საგანგაშოა თუ არა ეს მაჩვენებლები, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებების მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხთან მიმართებით პრობლემები არსებობს, თუმცა საგანგაშო არაა. მისივე თქმით, საჭიროა მუშაობა როგორც თავად კლინიკების, ასევე შესაბამისი სახელმწიფო უწყების, როგორც მარეგულირებლის მხრიდან.

სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს - უახლესი ცნობები რაჭიდან

"კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია" - ვინ არიან დანარჩენი ინფიცირებულები?

"ამ პრეპარატის ბავშვებზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია"  - ტილებთან ბრძოლისას ნუ დააზიანებთ შვილის ჯანმრთელობას