ავტორი:

"დალომბარდებულ ბეჭდებს თითო გრამი აკლდა" - რა პრობლემებს აწყდებიან მომხმარებლები ლომბარდებში და რატომ ვერ კონტროლდება ბაზარი

"დალომბარდებულ ბეჭდებს თითო გრამი აკლდა" - რა პრობლემებს აწყდებიან მომხმარებლები ლომბარდებში და რატომ ვერ კონტროლდება ბაზარი

მიმდინარე წლამდე საქართველოში ლომბარდების საქმიანობას არანაირი რეგულაცია არ ეხებოდა, რაც ბაზარზე მათი საქმიანობის წესს განსაზღვრავდა. შედეგად, ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარება შეიქმნა და ლომბარდების მიმართ დაგროვილმა დავალიანებამ შეუსაბამოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ლომბარდების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა. იმავე წლის მონაცემებით, საქართველოში ლომბარდის ვალი 609 000 ადამიანს ჰქონდა. მართალია, ჯერჯერობით უახლესი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა თუ საფინანსო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება.

ამ უკონტროლო სფეროში პრობლემის არსებობა აღიარა ხელისუფლებამაც - მოსახლეობის ჭარბვალიანობის მთავარ მიზეზად ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები და მათი დაურეგულირებელი საქმიანობა მიიჩნია. სწორედ ბახტაძის ინიციატივით დაიწყო მუშაობა ცვლილებებზე, რომლებიც მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა.

მოქმედი რეგულაციებით ორგანიზაციებს, რომლებიც სალომბარდე საქმიანობას ეწევიან, ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ. თუ აქამდე ლომბარდებს არ გააჩნდათ საპროცენტო განაკვეთის ზღვარი და მას სურვილისამებრ განსაზღვრავდნენ, ცვლილებების შემდეგ ყველა საფინანსო ორგანიზაციისთვის დაწესდა საპროცენტო განაკვეთის ჭერის ერთნაირი სტანდარტი - 50%-ზე მაღალი პროცენტის განსაზღვრა სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას ეკრძალება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. "სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ კანონში შესული ცვლილებით, სესხის გამცემ სუბიექტს ეკრძალება გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების გადაგირავება.

ამ ცვლილების საჭიროებას ეროვნული ბანკი იმით ხსნის, რომ დაგირავებული ქონების გადაგირავება არსებითად ზრდიდა აღნიშნული ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს.

რეგულაციებს ლომბარდები სიხარულით არ შეხვედრიან. კომპანიები, რომლებიც მეტ-ნაკლებად იცავდნენ საფინანსო ბაზრის თამაშის წესებს, რეგულაციებს შეეგუვნენ და ფეხი აუწყეს, ხოლო პატარა კომპანიებმა, რომლებიც კლიენტებისთვის შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაწესების ხარჯზე არსებობდნენ, ფუნქციონირება შეწყვიტეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" (აფბა) ყველა ცვლილებას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი AMBEBI.GE-სთან საუბარში ახალი რეგულაციების ეფექტსა და სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

"ყველა რეგულაცია, რომელიც ამოქმედდა, იყო გეგმაზომიერი. მიუხედავად ამისა, ლომბარდები ჯერ კიდევ რჩება ყველაზე ნაკლებად რეგულირებულ დარგად საქართველოში. ის შეიცავს არამხოლოდ ფინანსურ რისკებს, არამედ კრიმინალური ფაქტების წამახალისებელიც ხშირად ხდება.

სრული უკონტროლობაა მაგალითად, არასრულწლოვანების მიერ სხვადასხვა ნივთების დატოვების პროცედურებში. ხშირად ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე იტოვებენ ნივთებს, ან სხვისი პირადობითაც აბარებენ კლიენტები ამა თუ იმ ნივთს, რაც ზრდის მოპარული ნივთების გასაღების საფრთხეს.

იყო ინიციატივა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულიყო ამ საკითხში, ლომბარდებთან ეთანამშრომლა. საუბარი იყო ერთიანი ბაზის შემოღებაზე, სადაც შსს-საც ექნებოდა წვდომა და მიიღებდა ინფორმაციას საეჭვო დალომბარდებულ ნივთებზე. ეს რეგულაცია არ ამოქმედებულა. საერთო ჯამში მცდელობა იმისა, რომ ერთიანი, სამართლიანი სტანდარტი დაწესდეს ფინანსურ ბაზარზე ყველა მოთამაშესათვის და მეტად იყოს მომხმარებლის უფლებები დაცული, მისასალმებელია" - ამბობს პაატა ბაირახტარი.

პრობლემები, რომელებიც AMBEBI.GE-ს რესპონდენტებს ლომბარდებთან ურთიერთობაში შეექმნათ, კარგად წარმოაჩენს იმ გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს ამ სფეროში.

მომხმარებელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ერთ-ერთ ლომბარდში ჩადებული ქორწინების ბეჭდები შეცვლილი წონით დაუბრუნეს.

"ჩემი და ჩემი მეუღლის ჯვრისწერის ბეჭდები მივიტანე. ძალიან მჭირდებოდა იმ მომენტში ფული. რომ იბარებდნენ სინჯი აიღეს, აწონეს და შესაბამისი დოკუმენტაციაც გაფორმდა. თვეების შემდეგ, როდესაც სრული თანხა დავფარე და ნივთები გამოვიტანე, აღმოჩნდა, რომ თითო ბეჭედს ერთი გრამი აკლდა წონაში. აშკარად ეტყობოდა, რომ ნამუშევარი იყო მათზე, ფორმა ჰქონდათ შეცვლილი.

ძალიან გავაპროტესტე, თუმცა სანამ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე არ მივიდა საქმე, მანამდე არაფერი მოუმოქმედებიათ. როცა გაიგეს, რომ სარჩელს ვამზადებდი, დამირეკა კომპანიის დირექტორმა და მთხოვა, რომ პირადად თვითონ აიღებდა ჩემს ნივთებზე პასუხისმგებლობას. შედეგად, დაამატეს დაკლებული გრამები და ბეჭდები სრული წონით დამიბრუნეს. მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ ჯვარდაწერილი ბეჭდებია და ფორმა მაინც შეცვლილი აქვს. რომ არ ამეტეხა ეს ამბავი, ხომ შერჩებოდათ?!“ - ამბობს მომხმარებელი.

კიდევ ერთი მომხმარებლის მტკიცებით, ლომბარდიდან ქორწინების ბეჭედი "ჩაჭრილი" დაუბრუნეს

AMBEBI.GE-ს მეორე რესპოდენტი ამბობს, რომ ლომბარდმა დაარღვია ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაცია, რაც უზრუნველყოფის საგნის გადაგირავების აკრძალვას გულისხმობს.

"როგორც იქნა, გადავწყვიტე ლომბარდიდან ნივთი გამომეტანა. გადავიხადე სრული თანხა და მეუბნებიან: ნივთს ოთხ დღეში მოაკითხეთ, ბანკიდან უნდა გამოვითხოვოთ, ადგილზე არ გვაქვსო. კი ბატონო, მაგრამ მომეცით რასაც მეუბნებით იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ თანხა გადავიხადე და რომ ნივთს ნამდვილად ოთხ დღეში დამიბრუნებთ-მეთქი. ასეთი დოკუმენტი არ არსებობსო!

ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვუხსნიდი ოპერატორს ელემენტარულ რამეს, რომ სიტყვაზე ვერ ვენდობოდი კერძო კომპანიას და ოთხ დღეში რომ მითხრათ ნივთი გატანილი გაქვთ, მე როგორ დავამტკიცო სიმართლე-მეთქი?

სხვათაშორის მსმენია, რომ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები ლომბარდების წინააღმდეგ - როგორ გადააგირავეს მათ მომხმარებლების ნივთები ბანკში და როგორ ვერ დაიხსნეს, დაუკარგეს კლიენტებს. მოვითხოვე გადახდილი თანხა დამიბრუნეთ და როცა ნივთი ადგილზე იქნება მაშინ მოვალ და გადავიხდი-მეთქი. თანხას ვერ დაგიბრუნებთო! მენეჯერთანაც რომ ვერაფერს გავხდი, ბოლოს ვუთხარი - ჟურნალისტი ვარ და ამ განუკითხაობაზე მასალას მოვამზადებ-მეთქი...

მხოლოდ მაშინ ინებეს და ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ დამიბრუნეს თანხა უკან. ოთხ დღეში ნივთს დაგახვედრებთ ადგილზე და მობრძანდითო" - გვიყვება რესპონდენტი, რომელმაც მოკვლევის დაწყების მიზნით ეროვნულ ბანკს უკვე მიმართა.

როგორც სებ-ში აცხადებენ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი მოკვლევის შედეგები და ისიც, ამოქმედდება თუ არა სანქციები კონკრეტული კომპანიის მიმართ.

მომხმარებელთა უფლებების დაცვას ართულებს ის, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს მონიტორინგისა და დარღვევის გამოვლენის მექანიზმი, თუ საგანგებოდ არ მიმართავს კონკრეტული მომხმარებელი, მარეგულირებელმა შესაძლოა ვერასოდეს გაიგოს, იცავენ თუ არა ლომბარდები დადგენილ წესებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ხსნა რეგულაციების დაწესებაში არ არის. მისი მოსაზრებით, ხელისუფლებამ სიღარიბეს უნდა ებრძოლოს და არა საფინანსო კომპანიებს.

"როდესაც ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, აქ უმთავრესი ის არის, რომ ძალიან დიდი ოდენობით თანხა აქვს ნასესხები საქართველოს ღარიბ მოსახლეობას ლომბარდებიდან. პრობლემაა ისიც, რომ ეს ფინანსური კომპანიები ამხელა პორტფელს ფლობენ ბაზარზე. მხოლოდ რეგულაციები ვერ იქნება გამოსავალი. ნებისმიერ კანონში შეიძლება პატარა ხვრელის პოვნა. თუ ადამიანს უნდა ფულის სესხება, ამისთვის ყველანაირ გზას იპოვნის. ამიტომ მკაცრი რეგულაციები ვერ უშველის სიტუაციას.

საჭიროა სახელმწიფომ იზრუნოს ეკონომიკის განვითარებაზე და ამდენი გაჭირვებული ადამიანი არ იყოს ქვეყანაში. პრობლემას ის კი არ ქმნის, რომ ფულის გამსესხებელი არსებობს და თუნდაც ის, რომ დაურეგულირებელი იყო ეს სფერო, პრობლემაა ასეთი სიდუხჭირე, რის გამოც ადამიანები იძულებულები არიან ისესხონ ფული ნებისმიერი პირობებით. მხოლოდ ლომბარდების ბრალი არ არის ეს, საჭიროა მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს, რომ ჰქონდეთ ფინანსურ საკითხში გაცნობიერების უფრო მაღალი დონე. რა ეკონომიკაც გვაქვს, ისეთი პირობებია, ბანკშიც, ლომბარდებშიც და ა.შ. ფინანსური განათლება და მეტი ინფორმაცია თუ არ ექნათ ადამიანებს, ხან ლომბარდი დააზარალებს, ხან ბანკი და კერძო მევახშე გამოასახლებს სახლიდან. თუ მე ხელშეკრულებას არ ვკითხულობ, არ მაინტერესებს რა პროცენტში გამაქვს, რა ჯარიმა დამეკისრება, ეს ხომ ჩემი ბრალია? ამასაც ლომბარდებს ხომ ვერ დავაბრალებთ", - ამბობს კეპულაძე.

ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

"ხელისუფლებას! ქუდზე კაცი-საქართველოს გადასარჩენად" - მეუფე პეტრე მიმართვას ავრცელებს

პარლამენტის წინ, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს