ავტორი:

"გადააგდებს" თუ არა "ოცნება" ხალხს?

"გადააგდებს" თუ არა "ოცნება" ხალხს?

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და კოალიციური მთავრობა 2020 წლის არჩევნებისთვის - შესაძლოა, უტოპიად იქცეს და "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულოს დაპირება, რომელიც საზოგადოებას 20 ივნისის მოვლენების შემდეგ მისცა.

მოსალოდნელია, რომ მომავალი წლის არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება. ყოველ შემთხვევაში, ბრძოლა მაჟორიტარობისთვის აქტიურ ფაზაში შედის და ოპოზიცია ქუჩის აქციებისთვის ემზადება.

აღსანიშნავია, რომ ივნისის მოვლენების პროტესტის მეხუთე დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას ვერ შეელია, მაჟორიტარული სისტემა დათმო და პირობა დადო, რომ 2024 წლის ნაცვლად პროპორციული სისტემით არჩევნები 2020 წელს ჩატარდებოდა.

კონსტიტუციის მიხედვით, აქამდე არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ტარდებოდა. ყველა რეგიონს პარლამენტში თავისი ერთი წარმომადგენელი ჰყავდა, შესაბამისად 150 დეპუტატის მანდატი იყოფოდა 73 მაჟორიტარად და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატად. ოპოზიცია ხშირად საუბრობდა, მაჟორიტარული სისტემის უარყოფით მხარეებზე და ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მეთოდადაც მიაჩნდა. ამასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებაც კი დაიწყეს.

მას შემდეგ, რაც ამ მოთხოვნას ახალგაზრდებიც შეურთნენ და პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე ერთ-ერთ მთავარ პირობად წაუყენეს ხელისუფლებას, "ოცნება" იძულებული გახდა კომპრომისზე წასულიყო.

თუმცა, საქმე საქმეზე მიდგა და პარლამენტში მაჟორიტარმა დეპუტატებმა პროპორციული სისტემის წინააღმდეგ აქტიურად გაილაშქრეს. ორდღიანი ცხარე განხილვების შემდეგ, პარლამენტმა ხვალისთვის გადადო კენჭისყრა „ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მიზეზად ის დაასახელა, რომ უმრავლესობის შიგნით ჯერ კიდევ რჩება საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა.

"მხარს არ ვუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. 2021 ან 2022 წელს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება" - განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა.

ოქრიაშვილი იმედოვნებს, რომ უმრავლესობაში 30-40 მაჟორიტარი იქნება, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს და ის ჩავარდება.

"გუშინწინ ესპანეთში ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ მორიგი რიგგარეშე არჩევნები იყო და შედეგი ვერც ერთმა პარტიამ მაინც ვერ დადო. გამარჯვებულმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება არ ეყოლება. ჩვენც მომავალში ნორმალური ხელისუფლება არ გვეყოლება, როდესაც გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

პრაქტიკულად არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს მხარს ცვლილებებს, მაგრამ შესაძლებელია კანონპროექტს მათ მხარი დაუჭირონ, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ. შინაგანად ამ პროექტს მხარს არავინ უჭერს. მე გუნდური მოთამაშე ვარ, მაგრამ როდესაც არის სერიოზული საკითხები გადასაწყვეტი, მხოლოდ ჩემს გონებას და გულს ვუსმენ. ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება", - განაცხადა ოქრიაშვილმა. მის პოზიციას პარლამენტში კიდევ რამდენიმე მაჟორიტარი, მათ შორის დაჩი ბერაია, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და სხვები იზიარებენ.

დაუჭერს თუ არა უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს, ხვალ გაირკვევა, თუმცა როგორც ექსპერტები, ისე ოპოზიცია ვარაუდობენ, რომ „ოცნება“ საზოგადოებას ამჯერადაც "გადააგდებს".

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, პროპორციული სისტემა არცერთი ხელისუფლებისთვის არ არის მისაღები, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ პარლამენტმა ეს საკითხი ჩააგდოს.

"მთელი ოპოზიცია და საზოგადოებრივი სპექტრი მოითხოვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. თავის დროზე, როდესაც „ქართული ოცნება“ იყო ოპოზიციაში, ისიც ამას მოითხოვდა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ხდება ხოლმე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღარ აწყობთ ამ სისტემაზე გადასვლა.

ჩვენთან მაჟორიტარული ოლქები ყოველთვის სახელისუფლებოა, მიუხედავად იმისა, კანდიდატი დამოუკიდებელია თუ პარტიული. მაჟორიტარი ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, ამიტომ უნდა თუ არ უნდა, იძულებულია ამ ნაბიჯზე წავიდეს.

ამასთანავე მაჟორიტარებით იქმნება უმრვალესობა და პარტიები ამით სარგებლობენ. პროპორციულზე გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია და ზუსტად აღწერს იმ ძალთა ბალანსს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ამიტომ ჯობია იყოს პროპორციული არჩევნები, რაც მოგვიტანს კოალიციურ მთავრობას.

ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. ჩემი ვარაუდით, პირველი მოსმენით ეს თემა გავა, მაგრამ მისი დამტკიცება უნდა მოხდეს გაზაფხულზე, ანუ ისევ უნდა დადგეს კენჭისყრაზე, მიიღოს 113 ხმა და იქ შესაძლოა პროცესი გართულდეს და გადამწყვეტ მომენტში ჩაიშალოს. მერე უკვე აღარავის ეცლება ამაზე რეაგირებისთვის, რადგან კარს არჩევნები იქნება მომდგარი" - უთხრა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით კი, ჩანს, რა სცენარით განვითარდება პროცესები და სახეზეა მმართველობითი კრიზისი:

"მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, გახლავთ ჩვენი მძიმე ისტორიული გამოცდილება. ჩვენ არ გვყავს ჩვეულებრივი მაჟორიტარები, გვყავს ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად აპოლიტიკურები არიან, თუმცა პარტიიდან პარტიაში გადადიან იმის და მიხედვით თუ ვინ მოდის ხელისუფლებაში, ძირითადად დაკავებულები არიან საკუთარი ბიზნესების "დაკრიშვით" და ლობირებით.

ასეთი მანკიერი სახე მიიღო მაჟოროტარულმა სისტემამ და ხელისუფლებები ამას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ძალიან კარგად იყენებენ. არიან ადამიანები, რომლებმაც ფაქტობრივად შევარდნაძის დროიდან "იყიდეს" რაიონები. ეს ყველაფერი უნდა მოიშალოს, რადგან ამან მიიღო ძალაუფლების უზურპაციის სახე.

ჩვენი მთავარი ამოცანა, გარდა ამისა, არის მანკიერი ორპულისიანი არჩევნების გახსნა და სწორედ ამის ინსტრუმენტია პროპორციული არჩევნების ჩატარება. მაგრამ როდესაც რამდენიმე დეპუტატის ყელყელაობის გამო ხდება პროცესის ჩაშლა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ კიდევ უფრო სერიოზული მმართველობითი კრიზისი გვაქვს, ვიდრე გვეგონა.

არ მაქვს იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილს სურვილის შემთხვევაში არ შეუძლია, რომ ეს მაჟორიტარები გააკონტროლოს, მაგრამ ის თუ ამას არ აკეთებს ე.ი არ უნდა ამის გაკეთება.

რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს პროცესები, შედეგი ერთი და იგივე იქნება. გვაქვს უმწვავესი სახელისუფლებლო მმართველობითი კრიზისი და სისტემური ცვლილებების გარეშე არაფერი შეიცვლება. მაგრამ როგორ, რა ფორმით და როდის, ამაზე პასუხები არ მაქვს. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ალოგიკური ვითარება.

თუ ხელისუფლებამ უარი თქვა პროპორციულ არჩევნებზე, ეს იქნება ხალხის "გადაგდება" და გაფორმდება როგორც ძალაუფლების დაკარგვის შიში. ხოლო როდესაც შიშის გაფორმება მოხდება, ეს ძალა მოღვაწეობას ძალიან მალე დაასრულებს", - განუცხადა ხუხაშვილმა AMBEBI.GE-ს.

ცნობისთვის, პროპორცილ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, ამას კი 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ საკითხს მაჟორიტარები მხარს არ დაუჭერენ, გამოდის, რომ მარტო საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა საკმარისი არ იქნება...

"საოკუპაციო ხაზთან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება" - სუს-ი

"მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის, ჩვენი ბიჭების" - მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა

დაპირისპირება ცოცხისა და ბეიჯის მოღერების თანხლებით -  რა მოხდა საკრებულოს სხდომაზე