ავტორი:

სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან

სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან

მესამე პერსონალური გამოფენა 2 დღის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ჰქონდა, მისი ნამუშვრები დამთვალიერებელმა ჩეულებისამებრ მოიწონა, თუმცა ნუკრი-თამარ ნაჭყებია ამბობს, რომ თვითნასწავლი მხატვარია. ტილოზე ძირითადად ზეთის საღებავებით მუშაობს. აქა-იქ აკრილსაც იყენებს. ნატურმორტები, პეიზაჟები, პორტრეტები, საკმარისადაა მის ნამუშვრებში, სტილი იმპრესიონისტულია...

„ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და რაღაცები ცხოვრებაში კარგად გამომდის. პრეტენზიას ჩემს განათლებაზეც ვაცხადებ, მაგრამ მე და ხატვა ერთმანეთისგან თავიდან შორს ვიყავით. თუმცა ძალიან მომწონდა. კონსერვატორიაში სწავლისას (მევიოლინე ვარ), იმდენად კარგი ხელოვნების ისტორიის პროფესორი გვყავდა, ისე საინტერესოდ მოგვითხრობდა ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობის შესახებ, განსაკუთრებით იმპრესიონისტებზე, რომ სულ ოცნებად მქონდა, მეც რაღაც გამეკეთებინა. ვამბობ ხოლმე, დაკვრას თავი რომ დავანებე, ალბათ ჩემდა უნებურად, ღმერთმა ეს გზა მაჩვენა. ვიყიდე ფუნჯები, ტილო, ზეთის საღებავები და ხატვა დავიწყე. ეს იყო დაახლოებით, 2011 წელი... ისე შემიყვარდა ეს პროცესი, - მას მერე ზეთის საღებავის სუნს რომ შვისუნთქავ ხოლმე, მერე უკვე ვეღარ ვჩერდები. ამ ყველაფრისგან დიდ სულიერ საზრდოს ვიღებ. ძალიან მიზიდავს, იმდენად ჩემია ეს ყველაფერი, რომ დანარჩენ სამყაროს ვწყდები, აქ ვპოულობ ჩემს ადგილს. ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. შეიძლება, ზოგჯერ ერთი ტილო საათ-ნახევარშიც შევქმნა და ზოგს, ერთი კვირა მოვუნდე. ასე რომ, როდესაც სამუშაოდ ვჯდები, არასდროს ვიცი, რას დავხატავ. რაღაც ჩანაფიქრი მაქვს და მინდა, ის გავაკეთო, მაგრამ შეიძლება, ფერების მოძრაობა ისე წავიდეს, აბსოლუტურად სხვა რამ მივიღო. ასეთი რაღაცებიც ხდება,“ - ამბობს რესპონდენტი, რომლის ნამუშევრებიდან პოზიტიური განწყობა და სიმშვიდე მოდის.

„არასოდეს არავის ვაჩვენებ ჩემს ემოციებს, თუ რაიმე სიმძიმე მაქვს, ამას ვერავინ გაიგებს. ცუდ გუნებაზე არ ვხატავ, ნამუშვარში უარყოფითი ენერგია არ უნდა გადავიდეს. მნახველმა ის პოზიტივი უნდა იგრძნოს, რასაც იმ წუთისთვის განვიცდი და მასში ვდებ. გამოფენაზე მოსულმა მეგობარმა მითხრა, - როგორიც შენ ხარ, შენი ნახატებიც ისეთიაო.

მიუხედავად ბევრი სიმძიმისა, რადგანაც ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ იყო რთული დღეები, ჯერ მამა გარდამეცვალა, ერთ წელში (2013-ში) დავკარგე დედა და მეუღლე... არადა, დედისერთა ვარ და მათი დაკარგვა კიდევ უფრო მწვავე იყო ჩემთვის... ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემს მშობლებს ეს გამოფენა რომ ენახათ. მათ ჩემს აღზრდა-განათლებაში დიდი შრომა და ენერგია ჩადეს. მამა, გივი ნაჭყებია, ძალიან განათლებული ადამიანი იყო, ზეპროფესიონალი ინჟინერი გახლდათ - ნახევარი ქუთაისი მისი აშენებულია. მოკლედ, მიუხედავად ჩემი ბევრი სულიერი ტრავმისა, მაინც შევძელი ფეხზე მყარად დავმდგარიყავი. საკუთარი სახე ისევ მეჩვენებინა და ჩემი პიროვნების რეალიზება ამ ფორმით მომეხდინა,“ - გვეუბნება ნუკრი ნაჭყებია.

განსაკუთრებით უყვარს პირველი ნახატი, ქერათმიანი ქალის სევდიანი პორტრეტი, მეგობრები ეუბნებიან, რომ მის ავტოპორტრეტს ჰგავს...

შემოქმედებითი სტილით და ცხოვრებით ძალიან უყვარს ფრიდა კალო. „როგორი სიძნელეები ჰქონდა ცხოვრებაში, არანორმალურ ტკივილებს იტანდა და დაწოლილ მდგომარეობაში ხატავდა. როცა ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ამდენს და ასე ქმნის, როგორ შეიძლება ჯანსაღად მყოფი მოეშვას?! არგენტინაში რომ ვიყავი, ბუენოს-აირესში „მალბას“ მუზეუმში მისი ორიგინალები ვნახე, ეს ჩემთვის დიდი მოვლენა იყო“.

- ე.ი. ბავშვობაში არასდროს გქონიათ მცდელობა, გეხატათ, ხომ?

- ხატვის მასწავლეებილ 4-იანს ხატვაში იმიტომ მიწერდა, რომ დანარჩენ საგნებში 5-იანები მქონდა. ერთხელ კონკურსში მთხოვეს მონაწილეობა და ისეთი საშინელება გავაკეთე, მასწავლებელსაც შერცხვა და მეც. პედაგოგი რუს-ქართველა იყო და მითხრა: „იზ ტებია ნიჩევო ნე ვიძეტ!“ - ეს სიტყვები სულ მახსოვდა, რომ ხატვის მიმართულებით არაფერი გამომივიდოდა.

- ქალი ნუკრი საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია...

- როცა დავიბადე, თურმე ხალებით მოჩითული ვიყავი და მამამ ნუკრი ამიტომ დამარქვა, თუმცა ოფიციალურად დედამისის სახელიც მქვია... მოკლედ, დღემდე შემომრჩა ორი სახელი - ქალის და კაცის, რომელიც თავისებურ პრობლემებს მიქმნის, სანამ გამიცნობენ და მნახავენ, უმეტესად მამაკაცი ვგონივარ, შესაბამისად, კურიოზული სიტუაციებიც იქმნება. თუმცა შეჩვევის მომენტიც არის, სამეგობრო ნუკრის მეძახის და მეც ეს სახელი გავითავისე.

- პროფესით მევიოლინე ხართ... რატომ არ მუშაობთ თქვენი პროფესიით?

- მევიოლინედ გათხოვებამდე, ქუთაისის სამუსიკო სკოლაში ვმუშაობდი. მერე ისე მოხდა, რომ კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, უკვე დაოჯახებულმა და სამი შვილის აღზრდით დაკავებულმა, პროფესიით საქმიანობა ვერ შევძელი. ოჯახი და მუსიკა ერთმანეთს ვერ შევუთავსე...

ასე რომ, ჩემი ცხოვრება და ინტელექტი, რაც მქონდა, ჩემს შვილებს მივუძღვენი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმეს ჩამოვრჩი - მუდმივად ვცდილობდი, ცხოვრების სიახლეებს ავყოლოდი და ყველა საჭირო უნარ-ჩვევა შემეძინა, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობდა.

- შვილები ახსენეთ. თვენი შვილებიდან ერთს ირაკლი გაფრინდაშვილს ვიცნობ და ვადასტურებ, რომ უნიჭიერესი და მრავალმხრივი უნარით დაჯილდოებული ადამიანია...

- მადლობა ღმერთს, რომ კარგი შვილები მყავს, მაგრამ ძალიან განსხვავებულები არიან. გოგი დინჯია, ღრმად განათლებული, ისტორიის დოქტორი. როცა სამხრეთ ამერიკაში მეუღლესთან ერთად იყო (რძალი დიპლომატია), იქ ესპანურად მისი ავტორობით საქართველოს ისტორია გამოიცა. წიგნი მთელს სამხრეთ ამერიკაში საელჩოებით გავრცელდა და სამხრეთ ამერიკამ ამ სახითაც გაგვიცნო. გვადალახარას წიგნის ფესტივალზე გიორგი გაფრინდაშვილის ნამუშევარი პირველი ქართული წიგნი იყო ესპანურ ენაზე. ირაკლის მარავალპროფილიანი უნარ-ჩვევები აქვს, ხელოვნების დარგები მეტად იზიდავს, გოგის მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს, იცის ენები, წერს აბიტურიენტების მოსამზადებელ ტესტების წიგნს, ნინოსაც უნივერსიტეტი აქვს დამთვრებული და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით მუშაობს.

- თქვენს გამოფენას რომ დავუბრუნდეთ, - როგორ შეაფასებთ მას?

- გამოფენა 13 ოტომბერს, ჩემს დაბადების დღეს მინდოდა, გამემართა (ჩვენს ოჯახში 13 რიცხვი დომინირებს - მეც 13-ში, ირაკლი 13 ივლის და ჩემი გოგონა 13 მარტსაა დაბადებული)... ირაკლისთან სახლში პატარა კომპოზიციით და ალა-ფურშეტით მინდოდა აღნიშვნა, მერე მეგობარმა მითხრა, - ამდენი ნამუშვარი გაქვს, ეს საზოგადოებამ უნდა ნახოსო. დავუჯერე. მირიან ხოსიტაშვილი საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე დაგვეხმარა და დარბაზი ორი დღით დამითმეს. გამოფენის გახსნა მუსიკლაურად ჩემი ბავშვობის მეგობარმა, არაჩვეულებრივმა პიანისტმა თინიკო ბერუჩაშვილმა გააფორმა, - საინტერესო საღამო გამოვიდა.

- რა რჩევა შეგიძლიათ სხვებს მისცეთ?

- ბევრისთვის მითქვამს და გავიმეორებ - აიღონ ტილო, ფუნჯები და ნახავენ, რას შეძლებენ! სხვა სამყაროს ნახავენ, თავს სხვანაირად იგრძნობენ, საკუთარ თავს სხვა კუთხით დაინახავენ... ეს საქმე იმედგაცრუებას, დეპრესიას, კრიზისს დაავიწყებთ... თუ ხატვა არა, სხვა რამეში მოსინჯონ ძალები. მით უმეტეს, რომ დღეს ინტერნეტი ამის საშუალებას გვაძლევს, რომ რაღაც მოიძებნოს...

ხომ გეუბნებუთ, კარგი შვილები მყავს, საუკეთესო სამეგობრო, სამსახურიც, მაგრამ მარტოობას, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ განვიცდი, ფიზიკურს თუ სულიერს, არის კიდევ რაღაც მომენტები, როცა ადამიანი მარტოდ გრძნობ თავს, ამ დროს ხატვა ამ ყველაფერს ავსებს. ჩემი შემოქმედება, ნახატები ჩემი სულერი სამყაროა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით, - „ხვალემ იფიქროს ხვალისა“. ალბათ ხვალინდელი დღეც ყველაფერს კარგს მოიტანს. ძალიან შევეცდები, ჩემს გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუვო.

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

"სიხარულისგან მეტირება..." - ჟიურის და კონკურსანტების ემოციები "საქართველოს ვარსკვლავის" პირველი ლაივის შემდეგ