ავტორი:

რა შემთხვევაში არ უგებს ეკლესია წესს მიცვალებულს - "ეს არ არის ბილეთი სასუფეველში"

რა შემთხვევაში არ უგებს ეკლესია წესს მიცვალებულს - "ეს არ არის ბილეთი სასუფეველში"

5 ნოემბერს, სამტრედიაში ავტოავარიაში დაღუპულ 24 წლის შაკო ბარამიძეს, რომელიც "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრი იყო, ადგილობრივმა მღვდელმსახურებმა წესი არ აუგეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება "გირჩმა" გაავრცელა და სასულიერო პირებს მიმართა:

"მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება.

ამ შემთხვევის გამო, კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად.

ავარიაში გარდაცვლილი შაკო ბარამიძე

აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან" - ნათქვამი იყო "გირჩის" განცხადებაში.

მოგვიანებით, შემთხვევას განცხადებითვე გამოეხმაურა ბარამიძის ოჯახი, რომლებმაც მოუწოდეს სხვადასხვა პირებს ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოეყენებინათ:

"გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო.

VIDEO: რატომ თქვეს უარი სასულიერო პირებმა ავარიაში გადაცვლილი 24 წლის მამაკაცისთვის წესის აგებაზე?

...ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები. გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი" - ნათქვამი იყო ოჯახის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

რადგან აღნიშნულ შემთხვევას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კითხვები გააჩინა მიცვალებულისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით, AMBEBI.GE-მ კითხვებით მიმართა წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ ლევან ალადაშვილს. ჩვენ დავინტერესდით, რა შემთხვევაში არ უგებს ეკლესია წესს გარდაცვლილ ადამიანს.

- რას ნიშნავს წესის აგება გარდაცვლილისთვის და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?

- წესის აგება ეტიმოლოგიურად თავიდან ნიშნავდა ყველა იმ მსახურებას, რასაც ასრულებდა მღვდელი. დღეს ეს მხოლოდ მიცვალებულისთვის მსახურებას ნიშნავს. ეს არ არის ბილეთი სასუფეველში, ან რაიმე მაგიური ძალის მქონე ლოცვა. ეს არის ეკლესიის ლოცვა თავისი წევრისთვის, მისი სულის საცხონებლად.

ადამიანი რომ დაიბადება, ეკლესიის წევრი ხდება ნათლობით, შემდეგ ზიარებით არის დაკავშირებული ეკლესიასთან - ზიარება ნიშნავს ეკლესიასთან, ქრისტესთან ერთობას, ხოლო ბოლოს, ეკლესია თავის წევრს აცილებს ამ განსაკუთრებული ლოცვით, წესის აგებით

დღეს რასაც ვიყენებთ არის ცოტა განვრცობილი ლოცვები, ადრე ეს ლოცვები უფრო მოკლე იყო. ყველაზე მთავარია, ჭირისუფალი იყოს რწმენაში და დაინტერესებული იმით, რომ შეეწიოს მიცვალებულს და ეს ფორმალურად არ მოითხოვოს მღვდლისგან.

- რა სტერეოტიპული წარმოდგენები არსებობს საზოგადოებაში წესის აგებასთან დაკავშრებით?

- ზოგადად, წესის აგებასთან დაკავშირებით არსებობს ცრუწარმოდგენები იმ ადამიანებში, რომლებიც ეკლესიისგან შორს არიან. ასე მაგალითად: ადამიანების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ წესის აგების შემდეგ გარდაცვლილი აუცილებლად მოხვდება სამოთხეში, თითქოს ეს იყოს ბილეთი სამოთხისთვის, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ეს არის ჩვეულებრივი ლოცვა გარდაცვლილი ადამიანისთვის. ეკლესია ლოცულობს გარდაცვლილის სულისთვის.

კიდევ ერთი სტერეოტიპი არის ის, რომ ზოგიერთს ჰგონია თითქოს წესი მაინც და მაინც დაკრძალვის დღეს უნდა აეგოს მიცვალებულს, რაც ასევე არასწორია. დაკრძალვის შემდეგაც შეიძლება ავუგოთ წესი გარდაცვლილს. მაგალითად ბიძაჩემს, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროს გარდაიცვალა, ახლახან ავუგე წესი...

- რა შემთხვევებში ვერ უგებს წესს ეკლესია მიცვალებულს?

- ეკლესია ვერ უგებს წესს თვითმკვლელებს, რადგან სუიციდის მიზეზი არის უიმედობა, ხოლო იუმედობა არის ურწმუნოება. ამ ჯაჭვს მივყავართ ღმერთის გმობამდე. მხოლოდ ღმერთს არ აქცევს ამ დროს ადამიანი ზურგს, იგი ამ დროს არ ითვალისწინებს საკუთარი ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანის ტანჯვას. იმ ტკივილს, რასაც მათ ამით მიაყენებს.

იმ შემთხვევაში თუ თვითმკლელობის მიზეზი ფსიქიკური ჯანმრთლეობის პრობლემები გახდა, ჩვენ ვუგებთ წესს მიცვალებულს. მე მქონია შემთხვევა, რომ მივედი საპატრიარქოში, მოვუყევი სიტუაცია და მომცა კურთხევა მეუფემ, აუგე წესიო. მიუხედავად იმისა, რომ თან არ მქონდა გარდაცვლილის ჯამრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასევე, ეკლესია წესს ვერ აუგებს სხვა აღმსარებლობის, სექტის წევრებს, რადგან ისინი არ არიან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები

ჩვენ წესს არ ვუგებთ ადამიანებს, რომლებიც გმობენ უფალს და არ აღიარებენ მას. ასევე, მკაცრად ვეკიდებით ამ მსახურების ჩატარებას ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ლოთობენ, ნარკოტიკებს მოიხმარენ და ამით გარდაიცვლებიან. ასეთ შემთხვევებს ინდივიდუალურად ვაფასებთ, შესაძლოა დავუშვათ გამონაკლისის სახით და ავუგოთ წესი, ან შეიძლება უარი ვთქვათ.

რადგან სახარება გვასწავლის "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არის სასუფეველი ცათა". ამის მიუხედავად, თუ აგრძელებს ადამიანი მძიმე ცოდვებში ცხოვრებას, ე.ი. ის გმობს უფალს.

რაც შეეხება სასჯელაღსრულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, რომლებიც მძიმე დანაშაულებისთვის არიან გასამართლებული და არ ჰქონიათ სიცოცხლეში სინანულის შეგრძნება ჩადენილის გამო, დიდი ალბათობით, არც მათ აეგებათ წესი. ინდივიდუალურად ფასდება ასეთი შემთხვევები, თუმცა ასეთ საკითხებს მკაცრად ვეკიდებით.

- რაც შეეხება თქვენს შეფასებას 24 წლის შაკო ბარამიძის გახმაურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით... რამდენად გამართლებული იყო მღვდელმსახურების უარი "გირჩის" გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებაზე?

- ეს ფაქტი გავრცელდა არასწორად. მეუფე საბას უარი არ უთქვამს გადაჭრით. მან მიუსამძიმრა კიდეც ოჯახს, მწუხარება გამოთქვა და უთხრა, რომ მარტო ვერ გადაწყვეტდა ამ საკითხს. სინოდის სხდომაზე, ან მანამდე ჰკითხავდა აზრს სინოდის წევრებს. სამწუხაროდ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ წესი მაინც და მაინც დაკრძალვის დღეს უნდა აუგონ მიცვალებულს. დარწმუნებული ვარ მეუფე საბა აუგებს წესს ამ ახალგაზრდა ადამიანს. არც მაშინ იქნება გვიან... ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.

"მსტოვრებს და  მოღალატეებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ" - მარნეულის ეპისკოპოსი "ქართულ ოცნებას" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის გაწვევას სთხოვს

"1 სამედიცინო პერსონალია, 1-ის წყარო კი ლილოს ბაზრობაა" - რომელ კლასტერს უკავშირდება კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა

იშვიათი დაავადება, რომლითაც საქართველოში 60 ადამიანი იტანჯება - "დავიღალეთ, ვეღარ ვუძლებთ ამდენ ტკივილს... იმედით ველით წამლის შემოტანას"