ავტორი:

"საქართველოში ახლაც არსებობს შავი ჭირის ორი კერა" - როგორ ვრცელდება დაავადება, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა დღემდე  არ არსებობს

"საქართველოში ახლაც არსებობს შავი ჭირის ორი კერა" - როგორ ვრცელდება დაავადება, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა დღემდე  არ არსებობს

ჩინურ მედიაში ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შავი ჭირით დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ეტაპზე პაციენტები მკურნალობას გადიან. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ვერაგმა დაავადებამ შუა საუკუნეებში 50 მილიონამდე ადამიანი შეიწირა. ეპიდემიურ ქვეყნებს შორის იყო საქართველოც.

ცივილიცაზიის განვითარებასთან ერთად, ადამიანებს საშუალება აქვთ უკეთ დაიცვან ჰიგიენის ნორმები, რაც დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. თუმცა, მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა.

როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადებისგან და როდის დაფიქსირდა ბოლოს შავი ჭირის შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში? ამ საკითხებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი გვესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში შავი ჭირით დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა...

- დიახ, მივიღეთ ეს ინფორმაცია და ვიცით, ამ შემთხვევების შესახებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შავი ჭირის შემთხვევები მსოფლიოში არ არის უცნაური მოვლენა, ყოველწლიურად ხდება და ამ შემთხვევების რეგისტარცია მიდის. შავი ჭირი არ არის ბოლომდე დავიწყებული დაავადება და პერიოდულად ახსენებს მსოფლიოს თავს.

- საქართველოში ბოლოს როდის დაფიქსირდა შავი ჭირის შემთხვევა?

- დაახლოებით 1922 წელს, მეოცე საუკუნის დასაწყისში. ზოგადად, შავი ჭირის ვირუსის გადამტანები არიან გარეული მღრღნელების სხვადასხვა სახეობები. ქვეყნებისა და ტერიტორიების მიხედვით, განსხვავებულია გადამტანების სახეობა. ძირითადად ისინი ავადდებიან და შემდეგ ადამიანზე გადაცემა რწყილების საშუალებით ხდება. რწყილის გარეშე ეს დაავადება მღრღნელიდან ადამიანზე ვერ გადავა.

- თითქოს მსოფლიომ დაამარცხა შავი ჭირი...

- არ არის დამარცხებული რეალურად, შავი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ყოველ წელიწადს თავს იჩენს სხვადასხვა ტერიტორიაზე. მაგალითად, მადაგასკარში ყოველ წელიწადს აქვთ ეპიდემიის აფეთქება. ეს არის, როგორც გითხარით, მღრღნელების დაავადება, როდესაც მათი რაოდენობა იზრდება, მათში იფეთქებს ხოლმე ეპიდემია. ეს არის ბუნებრივი რეგულაციის მექანიზმი და ეპიდემიის შემდეგ, როდესაც მათი რაოდენობა მცირდება, ხდება ერთგვარი შესვენება. გამრავლების შემდეგ კი ისევ იჩენს თავს. არსებობს შავი ჭირის ბუნებრივი კერები, სადაც საუკუნეებია ვერ აღმოფხვრეს დაავადების შემთხვევები. ადამიანს გადაედება მაშინ, როდესაც ერთ გარემოში ხვდებიან დაავადებული მღრღნელი, ინფიცირებული რწყილი და ადამიანი.

- თავის არიდების გზები როგორია?

- დამოკიდებულია ცხოვრების წესზე, ჩატარებულ ყოველდღიურ სამუშაოებზე, ჰიგიენის ნორმებზე.... ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად, ჰიგიენის ნორმებიც უმჯობესდება, ადამიანის საცხოვრებელში მღრღნელები იმ რაოდენობით აღარ გვხვდება და აქ წყდება კავშირი. თორემ შავი ჭირის ენდემური კერები არსებობს ამერიკაში, საქართველოში, სომხეთში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, საბერძნეთში... თითქმის ყველა ქვეყანაში.

- ეს დაავადება საქართველოს ისტორიულად რამდენად მძიმედ შეეხო ეპიდემიის დროს?

- რა თქმა უნდა, შეეხო, საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა, რომელთაგან ერთ-ერთი მეტნაკლებად აქტიურია, მეორე კი - ნაკლებად. ადგილობრივი მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ ადგილზე ვითარება მუდმივად კონტროლდება.

წარსულ საუკუნეებში ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო დაკავშირებული მსოფლიო პანდემიებთან. მეოცე საუკუნის დასაწყისის შემდეგ საქართველოში ეპიდემიის შემთხვევა არ გვქონია.

- განკურნების ალბათობა როგორია?

- ძალიან მაღალია, ეს გახლავთ ბაქტერიული ინფექცია და თუ დროულად მოხდა ამოცნობა, ანტიბიოტიკებით მკურნალობას ექვემდებარება. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბუბონური. საშიში დაავადებაა რეალურად, უბრალოდ დროულად უნდა მოხდეს მკურნალობა. დღეს იმდენად იშვიათია, რომ თითქმის დაავიწყდათ ექიმებს.

- გადადების საფრთხე რამდენად მაღალია?

- ბუბონური ფორმის გადადება ძალიან რთულია, მექანიკურად უნდა მოხდეს დაზიანება კერის და შემდეგ შესუნთქვა ჯანმრთელი ადამიანის მიერ. რაც შეეხება ფილტვისმიერ ფორმას, მისი გადადება უფრო მარტივია და ფატალურ შედეგს ვიღებთ.

- საქართველოს საზღვარი რამდენად არის დაცული სხვადასხვა ტიპის ვირუსებისგან?

- შავი ჭირით დაავადებული იმდენად მძიმე ავადმყოფია, გამორიცხულია გადაადგილება, ჩინეთიდან საქართველოში ვერ ჩამოვა. რაც შეეხება სიმპტომებს, დაინფიცირებიდან მალევე ვლინდება - მაღალი ცხელებით, ძლიერი ინტოქსიკაციითა და სუნთქვის გართულებით მიმდინარეობს.

- გრიპის ვაქცინაციასაც შევეხოთ, - წელს ძალიან დაგვიანდა გრიპის ოთხშტამიანი ვაქცინის შემოტანა...

- ვაქცინის შტამური შემადგენლობა საერთოდ თებერვალში სახელდება. წელს ერთ-ერთ ვირუსთან დაკავშირებით, ტექნიკური სითულის გამო, დასახელდა მარტში და ამან გამოიწვია დაგვიანებით ვაქცინის შექმნა. შესაბამისად წარმოებაც დაიწყო ერთი თვით გვიან და ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა მთელი ჩრდილო ნახევარსფერო - ყველა ქვეყანაში გვიან დაიწყო ვაქცინაცია. კერძო სექტორში, ჩვენი ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან გაჩნდება ოთხშტამიანი ვაქცინა.

3 წლის ლუკას და მისი "აუას" ამბავი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები სიკეთით აავსო - "ბავშვი ძალიან განიცდის, ახალ დათუნიას არ იკარებს..."

"წვნიანი რომ აუცილებელია, ეს მითია, თან საკმაოდ ძველი" - ცნობილი პედიატრის რჩევები ბავშვის კვებაზე

მამუკა ბახტაძის 6-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ამბავი გამჟღავნდა - ვინ არის ყოფილი პრემიერის რჩეული