ავტორი:

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ დედა და და მოკლა - რატომ სთხოვდა ის დაცვას არასამთავრობო ორგანიზაციას

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ დედა და და მოკლა - რატომ სთხოვდა ის დაცვას არასამთავრობო ორგანიზაციას

17 ნოემბერს ვაკეში, ატენის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეში საინტერესო დეტალებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი".

როგორც ცენტრის ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა AMBEBI.GE-ს უამბო, ლევან აბაშიძემ, რომელმაც სავარაუდოდ, დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, სამართალდამცველების მხრიდან შევიწროვების გამო დახმარებისთვის ცენტრს რამდენჯერმე მიმართა.

ლევან აბაშიძე 2016 წლის 9 სექტემბრით დათარიღებულ წერილში "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიმართავს და წერს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისგან იდევნება.

ცენტრის ადვოკატმა AMBEBI.GE-ს წერილის ასლი და ლევან აბაშიძის ფოტო ექსკლუზიურად მიაწოდა.

"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე (გულისხმობს 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს, ავტ.) ჩემთან სახლში მოვიდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. დედაჩემს სთხოვეს, რომ ჩემთვის დაერეკა და ეთქვა ეს ამბავი. დედას ვთხოვე, დაელაპარაკებინა რომელიმე მათგანი. ვესაუბრე მათგან ერთ-ერთს და ვთხოვე, არ ენერვიულებინათ ადამიანი, ხუთ წუთში სახლში ვიქნებოდი.

ამ დროს მე ვიმყოფებოდი აბაშიძის ქუჩაზე, მეგობართან. წავედი სახლში. სადარბაზოსთან დამხვდა ორი შავი "ტოიოტა ქამრის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც არავინ იჯდა. სახლში დამხვდა ხუთი ან მეტი ადამიანი, აქედან ერთ-ერთი გამეცნო, როგორც ვაკის პოლიციის უფროსი.

არასოდეს ვყოფილვარ ციხეში, არასოდეს ვყოფილვარ ნასამართლევი. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. მომთხოვეს ქვეყნის დატოვება რამდენიმე საათში, თუ არა შენს თავს დააბრალე რაც მოგივაო და წავიდნენ.

დავემორჩილე მათ მოთხოვნას იმ იმედით, რომ არჩევნები ჩაივლიდა და შევძლებდი გაურკვევლობის გარკვევას და სახლში დაბრუნებას. მაგრამ არავინ არაფერს მეუბნება, თითქოს არც ვარსებობ. გთხოვთ, დამიცვათ და დამეხმაროთ გაგებაში, რა ხდება ჩემს თავს“ - წერდა გარდაცვლილი ლევან აბაშიძე 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილში.

ლევან აბაშიძის წერილი

ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, ის პირადად გახდა მოწმე, როგორ ეუბნებოდნენ უარს მესაზღვრეები აბაშიძეს გადმოეკვეთა საქართველოს საზღვარი, ისე რომ არანაირ განმარტებას არ აძლევდნენ:

"2016 წელს ამ ბიჭმა მოგვმართა განცხადებით, ითხოვდა სამართლებრივ დახმარებას. ამბობდა, რომ მას სდევნიდნენ და საქართველოს საზღვარზე შემოსვლისა და გასვლის უფლებას უზღუდავდნენ. მე პირადად ვარ შემსწრე, როგორ აუხსნელად ეუბნებოდნენ უარს მესაზღვრეები გადმოეკვეთა ქვეყნის საზღვარი.

არსებობს ვიდეომიმართვაც, სადაც ეს ადამიანი დეტალურად ყვება ამ ყველაფერზე. წითელ ხიდზეც ვიყავი ჩემს კოლეგასთან ერთად ჩასული, რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ ძლივს შემოვაშვებინეთ ქვეყანაში.

ვეკითხებოდი მესაზღვრეს - რატომ არ უშვებთ საზღვარზე-მეთქი და მპასუხობდა, რომ არ არებობდა კონკრეტული საფუძველი, ადამიანი არ იყო ნასამართლევი და არც სხვა რამე საფუძველი ჰქონდა, მაგრამ "ზევიდან" ჰქონდათ ასეთი დავალება მიცემული.

2018 წელს აბაშიძე აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს და ემუქრებოდნენ, ნარკოტიკი აღმოჩნდება შენს საქმეშიო. ამ ადამიანს ეუბნებოდნენ, რომ საქართველოში არ უნდა გაჩერებულიყო, თორემ მოხდებოდა მასზე ანგარიშსწორება. ლიკვიდაციიის მუქარაზე არ საუბრობდა, მაგრამ შიშობდა, ნარკოტიკი ან იარაღი არ ჩამიდონო და ჩვენ მაქსიმალურად ვიყავით სადარაჯოზე" - ამბობს ეკა ქობესაშვილი, რომელიც გარდაცვლილი ლევან აბაშიძის ინტერესებს იცავდა.

ატენის ქუჩაზე 17 ნოემბერს მომხდარი სასტიკი მკვლელობა ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი - დედა ირინა გედევანიშვილი და შვილები, თაკო და ლევან აბაშიძეები.

ადგილობრივების ინფორმაციით, გამთენიისას, ახალგაზრდა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთი ოჯახის სამი წევრი შესაძლოა, სულ სხვა პირმა მოკლა.

ლევან აბაშიძე ინგლისიდან ახალი ჩამოსული იყო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლეს დაშორდა და დროებით საქართველოში დაბრუნდა.

"შვილიშვილმა ბებიას თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა" - შსს ფოთში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

"თავდასხმა პროფესიული ნიშნით იყო, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია" - რა თქვა ვახო სანაიამ პროცესის დაწყებამდე

არსებული ინფორმაციით, ფოთში, შვილიშვილმა ბებია მოკლა