ავტორი:

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე

"მთავრობის მოწინააღმდეგეები ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ... საქართველოს ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს..." - ასე ეხმაურებიან თბილისის საპროტესტო ტალღას რუსული მედია და რუსი ექსპერტები.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში კენჭისყრა ჩავარდა, სამოქალაქო აქტივისტებმა, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა “ქართული ოცნება” და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და პროპორციული არჩევნების მოთხოვნებით საპროტესტო აქციები დაიწყეს.

"18 ნოემბერს, ქართველმა ძალოვნებმა პარლამენტის ოთხივე შესასვლელი, რომელიც აქციების მონაწილეების მიერ იყო პიკეტირებული, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გაათავისუფლეს. თუმცა, ოპოზიციის ლიდერები დანებებას არ აპირებენ" - იუწყება რუსული მედია.

მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე პაველ გუსევი საინფორმაციო სააგენტო НСН-თან საუბარში ამბობს, რომ "ანტირუსულმა პოლიტიკამ მიიყვანა საქართველო კრიზისამდე". მისი თქმით, ქვეყანაში არის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კრიზისი:

"ანტირუსულმა პოლიტიკამ საქართველოს კარგი არაფერი მოუტანა. ევროპა შორს არის, ამერიკა - კიდევ უფრო, რუსეთი კი მეზობელი ქვეყანაა... თუმცა, უნდა ვთქვა, რომ როდესაც საქართველოში ჩადიხარ, ქართველ ხალხს ისე უყვარს რუსეთი და რუსი ხალხი, გაგიკვირდება კიდეც... ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ არის - ერთის მხრივ, ხელისუფლების მხრიდან ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება და მეორეს მხრივ, ხალხის სიყვარული რუსეთისა და რუსი ხალხის მიმართ...

მე მაინც მგონია, რომ ადრე თუ გვიან, მაინც დადგება დრო, როდესაც ჩვენ ისევ ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვექნება ისე, როგორც ეს ადრე იყო...” - ამბობს გუსევი.

“რას ითხოვენ მომიტინგეები თბილისში?” - ამ სახელწოდების სიუჟეტით ეხმაურება Настоящее Время საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სიუჟეტში ნათქვამია, რომ 20 ივნისს, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტით გამოწვეული მღელვარება, ჯერ არ ამოწურულა.

"მაშინ ქართულმა ოპოზიციამ ადგილობრივი ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გატარებაში დაანაშაულა და შს ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიასა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვა.

ხელისუფლებამ კობახიძე გადააყენა და პროპორციულ არჩევნებზე დათანხმდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მთავარი დაპირება, საკონსტუტიციო ცვლილებების შესახებ, ჩააგდო... საინტერესოა, რა იქნება ხვალ და ვის სასარგებლოდ შეიცვლება პროცესები ქართულ პოლიტიკურ ველზე?" - კითხვას სვამს ჟურნალისტი.

“საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწევს შეთანმება...” - წერს ПРИСП-ის ექსპერტი, პოლიტტექნოლოგი მარია მინჩევა პუბლიკაციაში.

"ახლა ქვეყანას “რუხი კარდინალი” ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელიც ოფიციალურად არანაირ პოსტს არ იკავებს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობას აკონტროლებს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიღმაც ის დგას... თუმცა, ქართველები ჯიუტი ხალხია. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა გაერთიანება შეძლო და ისინი ბრძოლას განაგრძობენ" - წერს მინჩევა.

"საქართველოს ხელისუფლება მაიდანზე "დაიტესტა" - მიიჩნევს რუსული გამოცემა ВЗГЛЯД-ი. როგორც ჟურნალისტები - ნატალია მაკაროვა და იური ზაინაშევი წერენ, საქართველოში "მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა".

ჟურნალისტები წერენ, რომ ოპოზიციამ შეძლო ხელში ჩაეგდო პარლამენტის შენობის შესასვლელები, თუმცა ორი დღის შემდეგ სამართალდამცველებმა რეზინის ხელკეტებითა და წყლის ჭავლით დაშალეს მომიტინგეები, მიუხედავად იმისა რომ, აშშ და ევროპა მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას ძალა არ გამოეყენებინა პროტესტის მონაწილეების მიმართ.

ექსპერტის, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ვლადიმირ ჟარიხინის თქმით, დასავლეთი საქართველოს არ ექცევა, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას:

"დასავლელმა დიპლომატებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ გაეკეთებინა იგივე, რაც ცოტა ხნით ადრე მაკრონმა საფრანგეთში გააკეთა - ბრძანება გასცა, პროტესტის მონაწილეები ხელკეტებითა და ცრემლსადენი გზით დაეშალათ.

მაკრონისთვის ეს შეიძლება და თქვენთვის არა? რატომ? იმიტომ რომ, თქვენ ხართ არაცივილიზებულები! ცივილიზებულებისათვის კი შეიძლება. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ისიც ცივილიზებულია და უფლება აქვს იგივე გააკეთოს არასანქცირებული მიტინგის მონაწილეთა წინააღმდეგ და ვფიქრობ, ის მართალია" - დასძინა ჟარიხინმა ВЗГЛЯД-თან საუბრისას.

დედამიწას მწყობრიდან გამოსული გიგანტური ჩინური რაკეტა უახლოვდება - რა საფრთხეებზე საუბრობენ პენტაგონში

"დონალდ ტრამპის მიმართ არასათანადო სასჯელი იქნა გამოიყენებული" - რა წერია "ფეისბუქის" სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნაში?

უიშვიათესი შემთხვევა - მალელმა ქალმა 9 ბავშვი გააჩინა