ავტორი:

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

მუდმივად ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. თუმცა, ადამიანების დახმარებით მიღებული დადებითი ემოცია იმდენად დიდია, რომ ცვლიდან ცვლამდე გამოძახებების დროს მიღებულ სტრესს აბალანსებს. კითხვაზე - უნანია თუ არა, ამ პროფესიის არჩევა, დავით დავითიძე მპასუხობს, რომ უამრავი შემთხვევის გახსენება შეუძლია, როდესაც თავის გუნდთან ერთად ადგილზე ოპერატიულად მისულს უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ამიტომ სინანულის უფლება მორალურად არა აქვს... მეხანძრე-მაშველობამდე იყო თეატრის სცენა და როლები, რომლებთან გამოთხოვებაც ძალიან გაუჭირდა...

დავით დავითიძე, მეხანძრე-მაშველი:

- 2000-იანი წლების დასაწყისში, მე და ჩემი მეგობარმა ფილმის ბილეთების ვიყიდეთ და უკან ვბრუნდებოდით. გზაში ფლაერი გვაჩუქეს, სადაც ეწერა, ფილმში გადასაღებად ახალი სახეები გვჭირდებაო. მეგობარმა მითხრა, შენი თემაა, სცადეო... წავედით თეატრალურ აკადემიაში, ნაცნობი გოგონა და ვიღაც ბიჭი დამხდვნენ. ბიჭი ცოტა აგრესიულად მესაუბრებოდა. გოგონამ მანიშნა, რეჟისორია, აყევიო... არ მომეშვა, ლექსი წამიკითხეო. გავჯიუტდი, მაგრამ მაინც მასწავლა... ეს იყო ჩემი პირველი შეხება თეატრთან, მაგრამ ძალიან მალე ისე დავინტერესდი, თავდაუზოგავად დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა... ასე აღმოვჩნდი სპექტაკლში "სიყვარული ნარკოტიკის გარეშე", სადაც მთავარი როლი მომცეს. სცენარი, მაშინდელ პრობლემას, ახალგაზრდებში ნარკოტიკის მოხმარებას ეხმიანებოდა. საკმაოდ წარმატებული სპექტაკლი აღმოჩნდა. როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ვითამაშეთ. სხვა როლებიც მქონდა. ერთი სიტყვით, თვითნასწავლი ვიყავი, მაგრამ თეატრალურ სამყაროში საკმაოდ ღრმად შევტოპე და როგორც იტყვიან, სცენის მტვერითაც მოვიწამლე... შემდეგ, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართა, თუმცა თეატრი დღემდე ძალიან მიყვარს. მით უფრო, ათამდე სპექტაკლში, ისეთი კარგი მსახიობების გვერდით მომიწია თამაში, როგორიც არის რეზო თავართქილაძე.

- რატომ ვერ გაყევით თეატრს?

- იმ დროს საავიაციო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ახალი ხელშეკრულების გაფორმებისას, თეატრალურის დიპლომს ითხოვდნენ და ამან შემაფერხა.

- 2008 წლის ომიც გამოაიარეთ, ხომ?

- როდესაც კომისარიატიდან დარეკეს, სახლში მხოლოდ მე და დედა ვიყავით, ჩემი ძმა სხვაგან იყო, მამა კი უცხოეთში ცხოვრობდა... უცებ დედამ ტირილი დაიწყო, - ომი დაიწყო, კომისარიატში გიბარებენო... მანამდე რეზერვი ორჯერ მქონდა გავლილი. მოკლედ, დედამ მიმიყვანა კომისარიატში, სადაც ავტომატები დაგვირიგეს და ავტობუსით ახალგორისკენ გავემართეთ. სოფელ აბრევში ქართველი სამხედროები დაგვხვდნენ. არ მახსოვს, რომელი სამხედრო ნაწილი იყო. ბიჭები ძალიან მოტივირებული იყვნენ, - ნუ გეშინიათ, სიტუაციას ვაკონტროლებთო, გვითხრეს. მე სოფელ ავნევში, მამაპაპისეული სახლი მქონდა, იქაურობა ჩემთვის მშობლიური იყო და ორმაგი შემართებით ვიყავი...

- თქვენი ფუნქცია რა იყო, რა დავალება მოგცეს?

- იმ სოფლების მიდამოებში, სადაც დაბანაკებული ვიყავით, ვითარება უნდა გაგვეკონტროლებინა. ჩვენ გარშემო, მთებზე ქართველ სამხედროებს სტრატეგიული სიმაღლეები ჰქონდათ აღებული... მეორე დღეს, გამთენიისას, განგაში ატყდა, მოეწყვეთ, გავდივართო. სამხედროების ნაწილი დარჩა, ნაწილი წამოვიდა. რამდენიმე კილომეტრი ფეხით ვიარეთ, შემდეგ ავტობუსებამდე მივედით და გორში ჩავედით... ეს იყო 9 აგვისტო და გორი უკვე დაბომბილი დაგვხვდა. მოედანზე გავჩერდით. მეთაურობა ერთმანეთში რაღაცას თათბირობდა, თავადაც დაბნეულები ჩანდნენ. საღამომდე იქ დაგვტოვეს, ღამით კი მეჯვრისხევში წაგვიყვანეს. თავიდან მთელი საავიაციო უნივერსიტეტის ბიჭები ერთად ვიყავით რეზერვში, შემდეგ რატომღაც მარტო მომიწია ყოფნამ, რაც გამოუცდელი ადამიანისთვის, რომელიც ომში მიჰყავთ, ძალიან დამთრგუნველია, რადგან ბიჭები ერთმანეთს ვამხნევებდით... მოკლედ, ისევ გასცეს ბრძანება, - რეზერვი მოეწყოსო... როგორც გაირკვა, რუსებს ჰქონდათ ინფორმაცია, ჩვენი იქ ყოფნის შესახებ და მეთაურობას შეეშინდა, სოფელი არ დაებომბათ... ცხინვალის გადასახვევთან გავჩერდით, სადაც გვითხრეს, - დაისვენეთ, ქალაქში შესასვლელად ვემზადებითო.

- რა ხდებოდა იქ?

- ჩვენ ცოტა მოფარებულში ვიყავით გაჩერებული, მაგრამ მაინც დავინახე როგორ გამოჰყავდათ ცხინვალიდან სისხლიანი დაჭრილები... ისინი გვაფრთხილებდნენ და გვეხვეწებოდნენ, არ მიქაროთ, არ წახვიდეთო... მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. ქალაქში მძიმე ტექნიკის სროლების ხმა ისმოდა. ავტობუსში ასვლა გვიბრძანეს და ნელ-ნელა დავიძარით.

- ავტობუსით შეჰყავდით ცხინვალში?

- დიახ, ასე იყო გეგმაში... იმ დროს, ავტობუსში რომ ავდიოდი, საიდანღაც ჩემი ჯგუფელი გამოვარდა და მეცა, - სად მიდიხარო... ლამის კარიდან ჩამომხსნა. - რას აკეთებ, ხომ არ გაგიჟდიო და იარაღი და ფორმაც ჩამაბარებინა... ერთი სიტყვით, ამ ბიჭმა, ალექსამ, ისევ საავიაციოს ბიჭებთან წამიყვანა. ერთი სიტყვით, დაახლოებით 500 ადამიანი ფეხით წამოვედით უკან. აღარც მახსოვს, რამდენ საათს მოვდიოდით. როდესაც თბილისში ჩამოვედით, მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე 4 დღე... გარკვეული დროის განმავლობაში, მოულოდნელ ხმაურზე მწვავე რეაქციები მქონდა. შემდეგ თანდათან გადამიარა...

- შემდეგ გადაწყვიტეთ, საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაგეწყოთ მუშაობა...

- დიახ, ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ. ეს ყველაფერი თანდათან დამიგროვდა და ვიფიქრე, რომ ვცდი, რა გამომივა-მეთქი. ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე. მალევე მივხვდი, რომ ეს იყო, რისკიანი, ფათერაკიანი, მაგრამ ამასთან კაცური და კეთილშობილური საქმე. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მე და ჩემს მეგობრებს, ადამიანის ან ადამიანების სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის ფასად გვიხსნია.

ერთხელ უკონტაქტო გამოძახება შემოვიდა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი, ვის გამოც გვიძახებენ, კონტაქტური არ არის. დედა სახლს ალაგებდა, რა დროსაც 4 წლის ბავშვი ოთახში ჩაიკეტა. შეშინებულმა ქალმა დახმარება მეზობელს სთხოვა, იქ ერთის ნაცვლად რამდენიმე მეზობელი ჩაერთო, კედელზე უბრახუნდნენ, მაგრამ ბავშვს ვერ გააგონეს. ადგილზე მისულებს სრული პანიკა დაგხვდა. დედა ძალიან ცუდად იყო. ზედა სართულიდან დავეშვი. ვიდრე ფანჯარაში შევიხედებოდი, ღმერთს ვეხვეწებოდი, რამე ცუდი არ დამხვედროდა. ეს არის წუთები, როდესაც ყველაფერზე ფიქრობ და იმედს ეპოტინები, რომ ცუდი სურათი არ დაგხვდება. ერთი სიტყვით, დავინახე, პატარას წიგნთან ერთად ჩასძინებოდა და გარეთ მყოფებს გავძახე, მშვიდობაა-მეთქი. ბავშვი არც გამიღვიძებია, რომ არ შეშინებოდა. კარი შიგნიდან გავაღე, რომ დედა შემოსულიყო. ქალი კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა... მადლიერებისგან ფეხებზე შემომეხვია... ვერ აღვწერ იმ განცდას,

- ალბათ გაქვთ ცუდი შედეგით დასრულებული შემთხვევებიც...

- დიახ, სამწუხაროდ, უამრავი ასეთი ფაქტი ხდება. ბევრი უბედურება გვინახავს ავტოსაგზაო შემთხვევისას. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება: შეტყობინება შემოვიდა, ორთაჭალის ხიდზე კარგა ხანია, ბიჭი დგას და პირჯვარს იწერს. სავარაუდოდ, რაღაცა ცუდს აპირებსო... სუიციდის მცდელობა იყო. ბიჭი არაადაკვატური იყო, ჩანთა და რაღაც ზეწარი ხელში ეჭირა, რამდენიმე დღეა, ქუჩაში მძინავსო... შევეცადეთ, საუბარში აგვყოლოდა. წამოსცდა, - დედა მყავს ცუდად და მისთვის საყიდელი წამლის ფულიც არ მაქვსო... რაღაცას უნდა მოვჭიდებოდით, რომ შეგვეყოვნებინა და შევუტიეთ, ავადმყოფ დედას რას უპირებო... ჩვენთან საუბარში ცოტათი გაერთო. ამ დროს ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ ხელი სტაცა და გადმოიყვანა. მერე გვითხრა, რეგიონიდან ვარ, ყველა მპირდება, მაგრამ სამსახური ვერ ვიშოვეო... ჩვენთან ერთად პატრულის თანამშრომლებიც იყვნენ და ერთმა უთხრა, სადაც ფორმები იკერება, იქ მიგიყვან და რეკომენდაციას გაგიწევო... მერე რა მოხდა, არ ვიცი, რადგან გაგრძელებას თვალს ვეღარ ვადევნებთ.

- სახალისო გამოძახებებიც ხშირია?

- საკმაოდ. ერთხელ გამთენიისას გამოგვიძახეს, ზამთარი იყო და ძალიან ციოდა. შარდენის ქუჩაზე სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი გვჭირდებაო. ადგილზე მისულებმა დავინახეთ, კატა ხეზე იყო ასული და ვერ ჩამოდიოდა... ცოტათი ნერვები მომეშალა, რანაირი კატაა, ხიდან ვერ ჩამოდის-მეთქი, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა? მივადგი კიბე. ამ დროს შევამჩნიე, გარშემო მყოფები ტელეფონებით გვიღებდნენ და განწყობა მაშინვე შემეცვალა, - რაც შეიძლება ფაქიზად მოვკიდე ხელი კატას და ისე წამოვიყვანე. ისიც არ გამძალიანებია. როგორც კი კატის გადარჩენის ოპერაცია დავასრულე, იქ შეკრებილმა საზოგადოებამ მქუხარე ტაშით დამაჯილდოვა.

4-5 დეკემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"სიკვდილზე ბევრად ძლიერი გოგო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები ჟურნალისტ ანი მამულაშვილს, რომელიც სიმსივნემ იმსხვერპლა

2018-2019 სასწავლო წელს 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა - საქსტატის უახლესი მონაცემები სკოლებთან დაკავშირებით