ავტორი:

როგორ დავიზღვიოთ თავი გინეკოლოგიური პათოლოგიებისგან - ნინო ჩოგოვაძის რეკომენდაციები

როგორ დავიზღვიოთ თავი გინეკოლოგიური პათოლოგიებისგან - ნინო ჩოგოვაძის რეკომენდაციები

გინეკოლოგიური დაავადებები ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ონკოგინეკოლოგიური პათოლოგიების მატება ახალგაზრდა ქალებში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ქალებმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ ზრუნვა თავიანთ ჯანმრთელობაზე. მით უფრო, რომ მკურნალობის უახლესი მეთოდები, რომლებიც მსოფლიო სტანდარტია, დღეს საქართველოში წარმატებით გამოიყენება.

როდის უნდა ჩატარდეს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, რა სიხშირით უნდა მიმართონ ქალებმა პროფილაქტიკური კვლევებისთვის ექიმს და გინეკოლოგიური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობის რომელი მიდგომა არის ყველაზე ეფექტიანი? ამ და სხვა თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ონკოგინეკოლოგი , მედიცინის დოქტორი ნინო ჩოგოვაძე გვესაუბრება.

- რა დაავადებებს მკურნალობთ თოდუას კლინიკის გინეკოლოგიურ განყოფილებაში?

- ჩვენს განყოფილებაში ტარდება ყველა სახის გინეკოლოგიური გამოკვლევა: გინეკოლოგიური გასინჯვა, კოლპოსკოპია, პაპ ტესტი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს ღრუს ბიოფსია. ასევე, ენდოკრინოლოგიური პათოლოგიებისა და უშვილობის მკურნალობა.

მკურნალობა უტარდებათ პაციენტებს ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა:

უშვილობის ქირურგიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, საკვერცხის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები, საშვილოსნოს ყელის და ტანის ავთვისებიანი სიმსივნე, ვულვის პათოლოგიები, გენიტალური პროლაფსი.

ასევე ტარდება დიაგნოსტიკური და ქირურგიული ჰისტეროსკოპია საშვილოსნოს ღრუს შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • საშვილოსნოს ღრუს პოლიპები
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია
  • შეხორცებითი პროცესი საშვილოსნოს ღრუში
  • სუბმუკოზური მიომის კვანძი
  • საშვილოსნოს ღრუს ტიხარი, T-სებური საშვილოსნო

- რა სახის გინეკოლოგიური პათოლოგიების შემთხვევაში მიმართავთ ქირურგიულ ჩარევას?

- როგორც აღვნიშნე, ჩვენს განყოფილებაში ტარდება როგორც კეთილთვისებიანი გინეკოლოგიური პათოლოგიების, ისე ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა.

ვიყენებთ ქირურგიული მიდგომის სრულ სპექტრს, როგორიცაა ვაგინალური ქირურგია, მუცელკვეთა ანუ ლაპაროტომია და ლაპაროსკოპიული მეთოდი.

ვხელმძღვანელობთ რა საერთაშორისო გაიდლაინებით, როგორც პაციენტისთვის და კონკრეტული პათოლოგიისთვის არის მოწოდებული, სწორედ იმ მიდგომით ხორციელდება ოპერაციები და ინდივიდუალურია თოთოეული პაციენტის შემთხვევაში.

- როგორია კლინიკის ტექნიკური შესაძლებლობები ოპერაციული გინეკოლოგიის მიმართულებით?

- დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო , რომ თოდუას კლინიკაში გვაქვს ულტრათანამედროვე საოპერაციო, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით, და ქირურგიული ინსტრუმენტებით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 3D ლაპაროსკოპია, რომელიც განაპირობებს საოპერაციო ველის საუკეთესო სივრცობრივ ვიზუალიზაციას და ქირურგიული მანიპულაციის სიზუსტეს.

გვაქვს ყველანაირი თანამედროვე ინსტრუმენტი, როგორიც არის, მაგალითად: სისხლძარღვების სიელინგი, ლიგაშუ და ა.შ. მათი საშუალებით ჩატარებული ოპერაციების შემდგომი პერიოდი ხასიათდება ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილით და გართულებებით.

დიაგნოსტიკასა და შემდგომში სწორი მკურნალობის დაგეგმვაში უდიდესი როლი აქვს მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფებს, რომელიც ფართოდ არის წარმოდგენილი ჩვენთან.

კლინიკაში შესაძლებლობა გვაქვს, ჩავატაროთ პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, ე.წ. PET/CT, რომელიც ონკოლოგიური დაავადების გავრცელებას გვიჩვენებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პაციენტებისთვის, რადგან მათ აღარ უწევთ საზღვარგარეთ წასვლა ამ კვლევის ჩასატარებლად.

- რა არის თოდუას კლინიკის უპირატესობა საშვილოსნოს ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობაში?

- კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გინეკოლოგიური ონკოლოგიური დავადებების ქირურგიული მკურნალობა ხორციელდება როგორც ღია წესით ანუ მუცელკვეთით, ისე ლაპაროსკოპიული მეთოდით. ლაპაროსკოპიული ქირურგია კი არის მეტად დამზოგველი, ნაკლებად ტრავმული მეთოდი, რაც განაპირობებს პაციენტების ადრეულ პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას.

ჩვენ გვყავს შესანიშნავი ონკოლოგიური გუნდი, რომელიც თითოეული ონკოპაციენტის მდგომარეობას კონსილიუმზე მულტიდისციპლინური მიდგომით განიხილავს .

კონსილიუმზე ჩვენ განვიხილავთ პაციენტების მკურნალობის ტაქტიკას ინდივიდუალურად: ქირურგია სჯობს კონკრეტული შემთხვევის დროს თუ რადიო ან ქიმიოთერაპია , ან/და მათი კომბინაცია.

მე ვამაყობ ჩვენი პროფესიონალი ონკოლოგების გუნდით და სრულად ვენდობი მათ დიაგნოზს.

გარდა ამისა, ჩვენთან აბსოლუტურად ყველა კვლევის გაკეთებაა შესაძლებელი და არ გვიწევს პაციენტის გადამისამართება სხვაგან, რაც ძალიან დიდი კომფორტია როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი მონიტორინგის ჩათვლით.

- პროფილაქტიკის მიზნით რომელი კვლევები უნდა ჩაიტარონ ქალებმა და რა სიხშირით?

- პროფილაქტიკური გამოკვლევები ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკის და მკურნალობის თვალსაზრისით.

სკრინინგული მეთოდებიდან უპირატესია საშვილოსნოს ყელის დანამატების დიაგნოსტიკა ულტრაბგერითი კვლევით, ხოლო თუ რაიმე პათოლოგია იქნა აღმოჩენილი, შემდეგ ინიშნება სიღრმისეული კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ა.შ. ასევე, საშვილოსნოს ყელის ციტოლოგია და კოლპოსკოპია. პაპ ტესტი პათოლოგიების მიხედვით ტარდება 1, 2 ან 3 წელიწადში ერთხელ.

გოგონების გამოკვლევა უნდა ხდებოდეს უკვე მენარხეს ასაკში. 11-14 წლის პერიოდში ულტრაბგერითი კვლევა უკვე შესაძლებელი და სასურველია, ხოლო სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წელიწადში პაპ ტესტის გაკეთება აუცილებელია.

ასევე, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. მოვუწოდებ ყველას, ვისაც პატარა ასაკის გოგონა ყავს , სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ჩაუტარონ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. რადგან საშვილოსნოს ყელის კიბო პაპილომა ვირუსის მაღალი ონკოტიპებით არის გამოწვეული.

12-13 წლის ასაკამდე აცრა უფასოა და მოზრდილ ასაკში უკვე ფასიანია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა მოვუწოდო ჩვენს ქალბატონებს, რომ ყველა მათგანმა ასაკის განურჩევლად: არის ის რეპროდუქციულ ასაკში თუ მენოპაუზაში აუცილებლად ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევები, როგორიცაა პაპ ტესტი, კოლპოსკოპია , მცირე მენჯის ულტრაბგერითი კვლევა და მამოგრაფია, რათა თავიდან ავიცილოთ შორსწასული ონკოლოგიური დაავადებები.

NS

“ევროკრედიტში” გრანდიოზული გათამაშება დაიწყო

ჭვანის ხეობაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ადგილი შეიქმნება

„პეპელას“ ახალი ფილიალი დიღომში და სამდღიანი გრანდიოზული ფასდაკლებები ყველასთვის!