ავტორი:

"მცდარია მშობლების წარმოდგენა, რომ ბავშვი ენებს სწავლობს კომპიუტერიდან" - პედიატრი ეკა უბერი გაჯეტებზე დამოკიდებულებასა და მის სავალალო შედეგებზე

"მცდარია მშობლების წარმოდგენა, რომ ბავშვი ენებს სწავლობს კომპიუტერიდან" - პედიატრი ეკა უბერი გაჯეტებზე დამოკიდებულებასა და მის სავალალო შედეგებზე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო კვლევის თანახმად, 11-17 წლამდე ბავშვები პასიურები არიან და ძალიან ცოტას მოძრაობენ. პასიურობის მიზეზი კი ტექნოლოგიების განვითარება და ბავშვების გაჯეტებზე დამოკიდებულებაა.

კვლევა 146 ქვეყანაში ჩატარდა და შედეგები სავალალოა. პედიატრი ეკა უბერი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოში:

"ჯანმო-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ იგივე მონაცემები შეიძლება დაიდოს საქართველოს მაგალითზეც. მეტსაც გეტყვით, გაჯეტებზე დამოკიდებულება არამარტო ბავშვებისა და მოზარდების აქტივობას აფერხებს, არამედ მთელი რიგი დაავადებების მიზეზიც შეიძლება იყოს.

პირველ რიგში ჭარბი წონა და სიმსუქნე, რომლის უხშირესი მიზეზი არარაციონალური კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობაა, რაც ტექნიკაზე დამოკიდებულებას ახლავს თან. თავის მხრივ, ჭარბი წონა ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია.

- იგივე შეიძლება ვთქვათ თუ არა ტელევიზორზე დამოკიდებულებაზე?

- რა თქმა უნდა, კომპიუტერი, ტელევიზორი, ტელეფონი - არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება, როდესაც მოზარდი დიდხანს ზის ერთ ადგილას, არააქტიურ მდგომარეობაშია, ესეც დამოკიდებულების ერთ-ერთი ფორმაა.

მსოფლიო ჯანდაცვისა და ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ბავშვი დღის განმავლობაში მინიმუმ ორი საათი უნდა იყოს აქტიური

აქტივობაში ვგულისხმობ როგორც სპორტულ აქტივობას, ასევე ეზოში სირბილსა და თამაშს.

ჩემს პრაქტიკაში ხშირია გაჯეტებზე დამოკიდებულება და სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში მშობლები თავად უწყობენ ხელს ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და არ ფიქრობენ, მოგვიანებით რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. საერთოდ, ორ წლამდე ერთი წამითაც კი დაუშვებელია ბავშვისთვის ტელეფონთან ან ტელევიზორთან ურთიერთობა. ეს აფერხებს გონების განვითარებას!

მცდარია მშობლების წარმოდგენა, რომ ბავში ბევრ რამეს და განსაკუთრებით ენებს სწავლობს კომპიუტერიდან. მას შემდეგ რაც აღმოჩნდება, რომ ბავშვი არ ლაპარაკობს, მეტყველების პრობლემები აქვს, ხდება ასოციალური, ურჩევნია ტელევიზორის წინ ან მობილურით ხელში ჯდომა, მშობლები ტეხენ განგაშს და უწევთ სერიოზულ პრობლემასთან გამკლავება.

განსაკუთრებულად ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელი გაჯეტების საშუალებით ცდილობს ბავშვის გამოკვებას, როდესაც ბავშვობიდან ამას აჩვევ, შემდეგ ქცევის სახით უყალიბდება და მიაჩნია, რომ ამის გარეშე კვების პროცესი წარმოუდგენელია.

- როგორია თქვენი, როგორც პედიატრის რეკომენდაციები?

- მშობლებს ვურჩევ და გავიმეორებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას - არ შეიძლება 2 წლამდე ბავშვისთვის გაჯეტებთან და ტელეფონთან არანაირი ურთიერთობა!

ორიდან-ოთხ წლამდე ერთი საათი შეიძლება მივცეთ საშუალება რამეს უყურონ. 4 წლიდან კი მაქსიმუმ ერთი ან ორი საათი. დანარჩენი პერიოდი მოზარდი უნდა დაკავდეს სხვადასხვა ტიპის აქტივობებით. ხშირია მულტიპლიკაციური ფილმები, რომლებიც ძალადობის ელემენტებს შეიცავს, მრავლად არიან გმირები, რომლებიც ბავშვებში ძილის დარღვევისა და ქცევითი აშლილობების მიზეზი შეიძლება გახდნენ.

მეც დედა ვარ და დავეთანხმები მშობლებს, რომ საკმაოდ რთულია ორი წლის ბავში გაართო, თუმცა ვიცი რა, მოგვიანებით არასახარბიელო შედეგები მოყვება, ჩემდა საბედნიეროდ, ჩემმა ორი წლის შვილმა არ იცის გაჯეტებთან და ტელეფონთან ურთიერთობა.

- სკოლაში თუ უნდა ატარონ გაჯეტები?

- სკოლები კომპიუტერიზირებულია და შესაბამისად ამის გარეშე ვერ იქნება, თუმცა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რითია დაკავებული ბავშვი. მივესალმები მობილურების აკრძალვას სკოლებში, თუმცა ამ ეტაპზე რთულია მისი აკრძალვა, რადგან მშობლისთვის კონტროლის ერთ-ერთი ხელსაწყოა. გამოსავალი შეიძლება იყოს ამ დროს ტელეფონი ინტერნეტის გარეშე.

- გამოსავალი რაშია, როდესაც ბავშვს ან მოზარდს უკვე აქვს დამოკიდებულების პრობლემა, რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

- რაც უფრო ადრეულ ასაკში მოხდება ამის მართვა და პრობლემის მოგვარება, პედიატრის, ნეიროფსიქოლოგების და პირველ რიგში, მშობლების ხელშეწყობით და ძალისხმევით, რა თქმა უნდა, პრობლემა გამოსწორებადია.

მამუკა ბახტაძე ტყუპის მამა გახდა

3 დიდი გამზირის რეაბილიტაცია, უბნების დამაკავშირებელი ხიდები და  "მარშრუტკების" ჩანაცვლება - რა პროექტები იგეგმება თბილისში

"მთავარ არხზე" თათია თოფურია და თამრიკო ჭოხონელიძე გამოჩნდებიან - რას ყვება თაკო მესხი დილის გადაცემის კულუარებზე