ავტორი:

გოგონა ფილმიდან "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა"  - როგორ ცხოვრობს მარიკა გიორგობიანი რეჟისორ მეუღლესთან ერთად გერმანიაში

გოგონა ფილმიდან "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა"  - როგორ ცხოვრობს მარიკა გიორგობიანი რეჟისორ მეუღლესთან ერთად გერმანიაში

"ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა" - რამდენიმე ათეული წლის წინ გადაღებული ალეკო ნინუას ეს ფილმი სოფლის მექანიზატორ ფირუზასა და დედისერთა ნუნუკას სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. "ნუნუკა, გენაცვალოს დედა, ოთარისაგან წერილი მივიღეთ. შენთვის თურმე დუბლიონკა უყიდია. ცოცხალი თავით უმანქანოდ არ ჩამოვალთო, გესმის?" - ამაოდ ლამობს მატერიალურით მოხიბლოს და გადაწყვეტილება შეაცვლევინოს ჩითისკაბიან საპატარძლოს დედამისმა. ნუნუკას მაზლები კი აქეთ ცდილობენ თავი მოაწონონ ფირუზას ცხვირაბზუებულ სასიდედროს: "მოვრჩებით ხვნას და სახლის გამართვასაც დავიწყებთ. ცივ ნიავს არ მივაკარებთ ნუნუკასა. აი, ფირუზა ინსტიტუტში ჩააბარებს. ფერად ტელევიზორსაც გამოვიტანთ, კრუხსაც დავსვამთ".

ნუნუკას როლის შემსრულებელი მარიკა გიორგობიანი ოჯახთან ერთად ბერლინში ცხოვრობს. მისი მეუღლე ცნობილი რეჟისორი დიმიტრი ცინცაძეა. როდესაც ფილმი გამოვიდა, მაშინ მარიკა 14 წლის ყოფილა.

- 55-ე სკოლაში კინოსტუდიის თანამშრომლები მოვიდნენ, ფილმისთვის გოგონას ეძებდნენ, და მეორე რეჟისორმა, აზა ქორელმა კინოსტუდიაში წამიყვანა. ფირუზას როლზე უკვე დამტკიცებული ჰყავდათ გეგა კობახიძე, მაშინ 16 წლის იყო, მაგრამ უკვე ცნობილი მსახიობი გახლდათ.გადაღება გორის რაიონის სოფელ გარდატენში მიმდინარეობდა. მე, როგორც არასრულწლოვანს, ბებია მახლდა. სასაცილო ის იყო, ძალიან გამხდარი ვიყავი და ცოტა ქალს რომ დავმსგავსებოდი, სპეციალური კორსეტი მომარგეს, გრიმსაც მიკეთებდნენ.

- "ფირუზი, მოდი, კაკაო დალიე" - ფილმის ყველაზე ცნობილი ფრაზა იყო.

- ფილმი რომ გამოვიდა, ვინც კი დამინახავდა, ნაცნობი თუ უცნობი, ყველა ამ ფრაზას მომაძახებდა. თავიდან ძალიან მომწონდა, მერე ცოტა დამღლელი იყო.

- როგორ გაგრძელდა თქვენი და გეგას ურთიერთობა?

- ვხვდებოდით, კინოში დავდიოდით. გეგა ბევრად ღრმა იყო, ვიდრე სხვა მისი ასაკის ბიჭები. მახსოვს, პრემიერის შემდეგ რომელიღაც ტელეჟურნალისტი შეგვხვდა. გვკითხა, ვინ გინდათ ითამაშოთო. მე ბავშვურად მივუგე, მიუზიკლში-მეთქი, გეგამ კი, მე ჰამლეტი მინდა განვასახიეროო.

- თვითმფრინავის ბიჭების ამბავი ამ ფილმის პრემიერიდან 6 წლის მერე მოხდა...

- ამ დროისთვის უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და იშვიათად ვურთიერთობდით. საბჭოთა კავშირზე პირველად გეგასთან ვისაუბრე, გადაღების დროს.

- რას ამბობდა?

- ამბობდა, რომ საბჭოთა სისტემა ადამიანს თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმს ართმევს. ის, რომ არ უნდოდა საბჭოთა კავშირში ცხოვრება, გასაგები იყო, თუმცა ტერორისტული აქტი ჩემთვის შოკი იყო, რადგან გეგა არ იყო აგრესიული ადამიანი, მით უმეტეს, მკვლელი.

- მიკვირს, თეატრალურზე რომ არ ჩააბარეთ...

- ძალიან მინდოდა, მაგრამ ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობაზე ჩავაბარე.

- მიუხედავად ამისა, საკმაოდ გრძელია თქვენი ფილმოგრაფიის სია.

- პირველი ფილმის შემდეგ დიდი პაუზა მქონდა, თუმცა საბოლოოდ მაინც აღმოვჩნდი კინოში, ათამდე ფილმში ვითამაშე.

- გერმანიაში გადასვლა როდის გადაწყვიტეთ?

- ბერლინში 2001 წლიდან ვცხოვრობთ, დიტომ გერმანული ფილმი გადაიღო და დავრჩით. ახლა გერმანულ ენას ვასწავლი ბერლინის სახალხო უმაღლეს სკოლაში. ამ ქვეყანაში ბევრად ტოლერანტული გავხდი, შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ და არ ვარ დამოკიდებული სხვის აზრზე.

საქართველოს ცხოვრებას აქედან უფრო სხვანაირად ვუყურებ. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ წყვეტს თავის ბედს. ის ფსევდოკომუნისტური, გარყვნილი სისტემის მსხვერპლია. თაობები სჭირდება ცვლილებებს.

- ბატონმა დიტომ ამხელა წარმატებას მიაღწია, რომლის მოწმე და ხელის შემწყობიც თქვენ ბრძანდებით.

- დიტო უაღრესად თავმდაბალი ადამიანია. საოცრად უყვარს თავისი პროფესია.

- რამდენი წელია ერთად ხართ?

- 30 წელი. გვყავს ერთი საერთო შვილი - ნიკოლოზი. ჩემი უფროსი შვილი დათო დიტოს მამას ეძახის.

- "შინდისი" ბატონი დიტოს ბოლო ფილმია, რომელსაც დიდი ალბათობით "ოსკარზე" წარადგენენ.

- იმედი გვაქვს... წაიკითხეთ სრულად

მოსკოვში ნანი ბრეგვაძის საღამოზე რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები შეიკრიბნენ

"ჩემი ფავორიტი რამდენიმეა, მაგრამ დასახელება უხერხულია..." - როგორ გახდა ლელა მებურიშვილი "საქართველოს ვარსკვლავის" ნაწილი

"აუტსაიდერებს რომ აცხადებდნენ, მეშინოდა, თორნიკე არ ყოფილიყო..." - შეფასებები "საქართველოს ვარსკვლავის" მორიგი ლაივიდან