ავტორი:

მგონი, უბრალოდ სულელები არიან - როგორ აფასებენ ექპერტები  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას

მგონი, უბრალოდ სულელები არიან - როგორ აფასებენ ექპერტები  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციით გაწერილი 2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით გამართვის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების მცდელობა, მმართველი პარტიისგან ახალ ვირეშმაკობას ჰგავს.

როგორც თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, „ქართულ ოცნებას" აღარ აქვს ლეგიტიმაცია, ბოლო ერთი წელიც რომ ჩაამთავროს.

„ეს ახლა ერთი შეხედვით ჰგავს „ვირეშმაკობას“, რომ 2024-შიც აღარ ჩაატარონ პროპორციული არჩევნები. მაგრამ მგონი აქამდე საქმე არ მივა, „ოცნება" აქამდე ვერ გაატანს, იმიტომ, რომ ისინი მიდიან ყველანაირი კანონზომიერების და ხალხის ნების წინააღმდეგ. მათ აღარ შერჩათ ლეგიტიმაცია იმდენიც კი, რომ ბოლო ერთი წელიც ნორმალურად ჩაამთავრონ და ახლა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ 2024-შიც ჩაატარონ არჩევნები მაჟორიტარულით, რომლის სურვილიც აქვთ“, - განაცხადა შარაშენიძემ.

წერა-კითხვის უცოდინარი ორი ადამიანი - ივანიშვილი და კალაძე დაგვცინის ამხელა ხალხს - ცუდად დამთავრდება ეს ამბავი, ამაში დარწმუნებული ვარ, - ამ სიტყვებით შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება.

ბერძენიშვილი მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააჟღერა და მას „დაცინვა“ უწოდა.

„რა უნდა ვთქვა?! ძალიან არასერიოზულია. 2020 წელს რა იქნება ვის აინტერესებს, ან ის, რაც ისედაც გვაქვს 2024 წელს, რატომ უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ?! კახა კალაძე ეტყობა საერთოდ არ არის დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი რამეში ერკვევა, ოდნავ მაინც. ასეთი დაცინვა როგორ შეიძლება? ეს არის სრულიად წარმოუდგენელი ცინიზმი და კიდევ ნიშანი იმის, რომ როგორიც თვითონაა ინტელექტუალურად, ასეთი ჰგონია მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, უცხოეთი, მსოფლიო, თურმე კალაძის სასაცილოები ვყოფილვართ. ეგ ორი - კალაძე და ივანიშვილი ერთმანეთს დაუჯდეს და ერთმანეთს დასცინონ. ეს ორი წერა კითხვის უცოდინარი დაგვცინის ამხელა ხალხს - ცუდად დამთავრდება ეს ამბავი, ამაში დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება კალაძის მიერ გაჟღარებულ მეორე ინიციატივას, რომელიც ზოგიერთ საარჩევნო ოლქში კანდიდატების არდაყენებას შეეხება, ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ ინიციატივით პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა ვერ მოხდება.

„სისულელეა, მაგას ვინ ენდობა? ჩვენ პატარა ბავშვები არ ვართ. ყველაფერი ნანახი აქვს ამ ქვეყანას უკვე. ამ განცხადებით თუ აპირებენ ჩაახშონ ეს მოძრაობა და დაწიონ ტემპერატურა, მგონი, უბრალოდ სულელები არიან“, - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.

ეს არის პროვინციული სპექტაკლი, სადაც რეჟისორიც და მსახიობებიც არაპროფესიონალები არიან და უხარისხო სპექტაკლებს დგამენ, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება.

მისი თქმით, დღეს სისტემური დიალოგისკენ და კონსენსუსისკენ გადადგმული ვერც ერთი ნაბიჯი ვერ დაინახა.

„ჩემთვის გაურკვეველია, რას ეძღვნებოდა დღევანდელი ბრიფინგი, სადაც ფაქტობრივად იყო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აპელირება, ისევ „სისხლიან 9 წელზე“ რიტორიკა და არანაირი კონსტრუქციული შემოთავაზება. ეს ხომ ისედაც ვიცოდით?! გუშინ შექმნეს მოლოდინი, რომ რაღაცას გამოაცხადებდნენ და დღეს თქვეს, რომ არც არაფერს ვცვლითო. ერთადერთი თქვეს, ვითომ მაჟორიტარებს არ დავაყენებთო, მაგრამ ეს მკვდრადშობილი ინიციატივაა. ჯერ ერთი, არ არსებობს კრიტერიუმი, რითაც ამ სიტუაციის მოდელირებაა შესაძლებელი, გარდა ამისა, მათ ამით ვირეშმაკული გეგმა გაშიფრეს, ისევ ფსევდოდამოუკიდებელ დეპუტატებზე აპირებენ აქცენტის გაკეთებას, როგორც სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი დეპუტატი ვითომ. გვეთამაშებიან და ჩვენ ყველა ვგონივართ ბრიყვები. ამას პოლიტიკური ტექნოლოგიაც არ ჰქვია, ეს არის პროვინციული უხარისხო თამაშის მცდელობის შეფუთვის მცდელობა და მეტი არაფერი. ეს არის პროვინციული სპექტაკლი, სადაც რეჟისორიც არაპროფესიონალია, მსახიობებიც არაპროფესიონალები არიან და დგამენ უხარისხო სპექტაკლებს დაწყებული მაჟორიტარების ე.წ. ამბოხებიდან, დღემდე და ჩვენც იძულებულები ვართ ამ პროვინციულ სპექტაკლს ვუყუროთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სხვა ამ სოფელში გასართობი არაფერი არ არის. იდიოტიზმში ამყოფებენ მთელ ქვეყანას“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ხელისუფლება ისევ კონფრონტაციაზე მიდის და აღნიშნულის მიზეზი შიშია, თუმცა რისი შიში, როგორც ექსპერტი ამბობს, თავად „ქართულ ოცნებას“ ვერ გაურკვევია.

„ისევ კუნთების თამაშზე აკეთებენ აქცენტებს და ისევ ემზადებიან მორიგი შეთქმულების თეორიის შესათხაზავად, როგორ თხრის მიშა ლონდონიდან ბომბეისკენ გვირაბს. ეს აფექტის ბრალია, გადაულახავი შიშია თუ კიდევ რა არის მიზეზი, ამას სერიოზული დიაგნოზი სჭირდება და ეს დიაგნოზი ალბათ დაისმება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დღეს ჩატარდეს. ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, გადაწყვიტეს, არ დააყენონ „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობის“ და მისი დანამატების გარდა, ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსი.