ავტორი:

"ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე" - საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სხდომას მართავს

"ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე" - საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სხდომას მართავს

პარლამენტში სხდომა დაიწყო - მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი, აქციის მონაწილეები კი კვლავაც რჩებიან პარლამენტის წინ.

პლენარული სესია 12 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა და კვორუმი, რომლისთვისაც 76 დეპუტატის დასწრებაა სავალდებულო, შედგა.

ცნობილია, რომ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები. სხდომას არ ესწრებიან ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც. სხდომათა დარბაზში იმყოფებიან დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი, მათ შორის ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ლევან კობერიძე.

სხდომის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა. არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

"მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენო ფორმატებს, ის რაც აქვთ სათქმელი, არუგმენტები, თქვან ნებისმიერი პოლიტიკური ფორმატით, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ, დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა და ამისთვისაა პარლამენტი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას იმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად:

„გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ეხება პენსიონერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და ინფრასტრუქტურას რეგიონებსა თუ დედაქალაქში - ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი პარლამენტის და მთავრობის მხრიდან.

პარლამენტს აქვს მისაღები 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქის, მთელი ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონმდებლობის ფარგლებში, ვისაც სურს გამოხატოს პროტესტი, ეს უფლება იქნება დაცული და მეორე მხრივ იმ მოქალაქეების ინტერესებიც, ვინც ელოდება, რომ ქვეყანა აგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას, იქნება ასევე განუხრელად დაცული.

ეს არის პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ამ პოლიტიკური პროცესით არ დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები. არ დაზარალდნენ ის ადამიანები, ვისაც აქვს მოლოდინი, რომ პოლტიკური პროცესი იქნება პარლამენტში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ უხერხულობას უქმნის პარლამენტის მუშაობა პროტესტის ფონზე რომ მიმდინარეობს.

„ნებისმიერი საკითხი უნდა განვიხილოთ კანონის ჭრილში. ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, ვინც კომფორტს გრძნობს შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ არსებობს კონსტიტუცია, რომელსაც არ შეესაბამება გერმანული მოდელი. თუმცა ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში, არ მგონია, „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე წარმატება ჰქონდეს.

ვფიქრობ, მათი მთავარი ამოცანაა იმ რევოლუციური სცენარის განვითარება, რომელიც სააკაშვილმა შემოგვთავაზა ჯერ კიდევ 2014 წელს და დღეს ფიქრობენ, რომ ამისთვის საუკეთესო მომენტია. ვფიქრობ, კანონს არ უნდა გავცდეთ, არც ისინი და არც ჩვენ“ - აღნიშნა ვოლსკიმ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კანონიერი რეაგირება უნდა მოახდინოს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციაზე წასვლას ცდილობს.

„ჩვენთვის და პირადად, ჩემთვის, არ არის სასიამოვნო, რომ გარკვეულწილად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ვიღაცამ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია მიიღო ამ მანიფესტაციის ფარგლებში. აქ აუცილებელია სახელმწიფოს კანონისმიერი რეაგირება. ჩვენ შევხედეთ, რომ პოლიციამ წინა შემთხვევაშიც და ამ დილითაც მაქსიმალური პროფესიონალიზმი გამოვლინა, ისეთი პროფესიონალიზმი, რომელიც ევროპული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი“, - განაცხადა კილაძემ.

როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა დაირქვეს გაერთიანებული ოპოზიცია, რუსთაველის გამზირზე წინა ხაზზე მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ჩანან და ცდილობენ ყველანაირ პროვოკაციაზე წავიდნენ.

„პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციის ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დანაყოფების გარდა, აქ არიან „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები და დამოუკიდებელი დეპუტატები“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

"ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტის კითხვაზე, უყურებდა თუ არა აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში უპასუხა, რომ აქციის დაშლას არ უყურებდა პირდაპირ ეთერში, რადგან ქალაქში არ იყო.

"მე, რამდენადაც ვიცი, აქცია მშვიდობიანად დაიშალა. მითხარით, რამე მოხდა?! ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე, რომ ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა. ამიტომ, აქ უნდა მიმდინარეობდეს კანონების მიღება", - განაცხადა ქანთარიამ

თავის მხრივ, "ქართული ოცნების" კიდევ ერთმა წევრმა, გუგული მაღრაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლამდე განუცხადა, რომ პარლამენტში ის სამუშაოდ მივიდა.

"ეს არის ჩემი სამსახური, ამაში მიხდიან ხელფასს", - განაცხადა მაღრაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს, რათა მმართველი გუნდისთვის პლენარული სესიის ჩატარების საშუალება არ მიეცათ. თუმცა, გამთენიისას სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები წყლის ჭავლის დახმარებით გაათავისუფლა.

რამდენიმე ბინა, ანაბრები და 22 300 ლარის ხელფასი თვენახევარში - რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი

LIVE "ნიუსრუმიდან" - ლევან ხაბეიშვილი

"ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ "ფეიკმოღვაწეობაზეა"... საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის" - კალაძე