ავტორი:

"მთავარ არხზე" თათია თოფურია და თამრიკო ჭოხონელიძე გამოჩნდებიან - რას ყვება თაკო მესხი დილის გადაცემის კულუარებზე

"მთავარ არხზე" თათია თოფურია და თამრიკო ჭოხონელიძე გამოჩნდებიან - რას ყვება თაკო მესხი დილის გადაცემის კულუარებზე

ჟურნალისტი თაკო მესხი 13 წელია, ერთსა და იმავე გუნდში მუშაობს, გუნდში, რომელსაც ცოტა ხნის წინ "პოსტკრიპტუმი" ერქვა დღეს კი "პოსტფაქტუმი" ჰქვია.

ახლა მის ცხოვრებაში სიახლეა - დილის გადაცემის წამყვანი ხდება. 2 იანვრიდან „პოსტფაქტუმში“ მუშაობის პარლელურად, გადაცემას „შენი დილა“ წაუძღვება, რომელიც "მთავარ არხზე" ყოველ დილით 8 საათიდან გავა.

"როდესაც ზაფხულში „რუსთავი 2“-ის ამბები დაიწყო, ძალიან განვიცდიდი, ვნერვიულობდი... მერე მთელმა ჩვენმა გუნდმა „მთავარ არხზე“ გადავინაცვლეთ. გამოვიდა, რომ მხოლოდ სახელი და ოფისი შევიცვალეთ. დღეს ყველანი ისევ ერთად ვართ და იმავე საქმეს ვაკეთებთ.

როდესაც არხმა დილის გადაცემაზე დაიწყო ფიქრი, ჩვენი ანონსების პროდიუსერს, ჩემს ახლო მეგობარს მაცაცო ინაშვილს იდეა გაუჩნდა - თაკო კარგად მოირგებს ამ ამპლუასო. არადა, რისკიანი არ ვარ...

როდესაც 13 წის წინ, "პოსტკრიპტუმში" მივედი, უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა, მაგრამ წამყვანობაზე არც მაშინ და არც მერე მიოცნებია. სტაჟიან, გამოცდილ და პროფესიონალ ჟურნალისტებთან მოვხვდი და მალე ამ გუნდის ორგანული წევრი გავხდი. ყველაფერი მათ მასწავლეს" - გვეუბნება თაკო.

- ყოველკვირეული გადაცემის სიუჟეტის მომზადება და დილის წამყვანობა, ერთმანეთისგან განსხვავებული საქმეა. არ იქნება რთული ამ ყველაფრის შეთავსება?

- კადრს მიღმა მუშაობასა და პირდაპირ ეთერში მუშაობას შორის სხვაობა ნამდვილად არის. ჩემმა ახალმა პროდიუსერებმა თაშკა (თამარ) ჩანტლაძემ და სალომე ბენაშვილმა (დილის გადაცემის პროდიუსერები) დამარწმუნეს, რომ ეს საქმე აუცილებლად გამომივიდოდა. ამ გადაწყვეტილების მიღება ყველაზე მეტად კიდევ იმან გამიადვილა, რომ "დილის ტიპი" ვარ, გაღვიძება არ მიჭირს - 7 საათზე, საქმე მაქვს თუ არა, უკვე ფეხზე ვარ.

- ჰო, მაგრამ ახლა უფრო ადრე მოგიწევს გაღვიძება...

- კი, კვირის განმავლობაში ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 5 საათზე უნდა გავიღვიძო. ჩემი მეწყვილე ლევან ბუთხუზი იქნება. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რომ ამ შემოთავაზებას დავთანხმდი. ლევანს მაყურებელი კარგად იცნობს, როგორი არაჩვეულებრივი ადამიანია, ინტელექტუალი, საინტერესო, ნათელი, ღრმა, ძალიან ჭკვიანი, ზუსტად ვიცი, რაღაც რომ ვერ შევძლო, ლევანი გვერდით იქნება და სიტუაციას დააბალანსებს.

- დანარჩენ დღეებში ეთერში სხვა წყვილი იმუშავებს?

- სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს ეთერში თათია თოფურიასა და კოკო როინიშვილის წყვილი იქნება. მას და კოკოს მაყურებელი კარგად იცნობს. თათიას დიდი ჟურნალისტური სტაჟი და გამოცდილება აქვს და კოკო კი, მოგეხსენებათ, კარგი მსახიობია. მოკლედ, ყველანი ვემზადებით.

ჩვენთან ერთად დილის გადაცემას უამრავი სეგმენტური წამყვანი გვეყოლება, რადგანაც გადაცემას ექნება რუბრიკები - რეპორტაჟი თბილისის ქუჩებიდან და ამ რუბრიკას ანა სუბელიანი წაუძღვება, თბილისის ქუჩებში ივლის მოპედით და ქალაქის პრობლემებზე მოგვიყვება, ასევე გვექნება კულტურის ბლოკი, სადაც ცნობილი ადამიანების დილა იქნება წარმოდგენილი.

მოკლედ, ყველა წამყვანს თავისი მუდმივი თემა ექნება. გვაქვს ასევე კულინარიული ნაწილიც, მას ქეთი ბაქრაძე წაიყვანს. მაყურებელი ტექნოლოგიების რუბრიკასაც მიადევნებს თვალს, თამრიკო ჭოხონელიძე კი სიმღერას წარადგენს.

ძალიან ვღელავ, რადგანაც სულ სხვა რამესთან მაქვს შეხება და ყველაზე მთავარი სანერვიულო ისაა, რომ ეს არის პირდაპირი ეთერი, რაშიც ნაკლები გამოცდილება მაქვს... გადაცემა სამი საათია იქნება ეთერში - 8-დან 11 საათამდე. მაყურებელი აქტიურად გვწერს, გვეხმიანება, ელოდება და უხარია, რომ მალე ჩვენს ეთერში დილის გადაცემაც გამოჩნდება. ვფიქრობ, განსაკუთრებული „დილა“ გვექნება, ყოველ შემთხვევაში, გვინდა, რომ ასეთი იყოს.

- ორი პატარა საყვარელი გოგონას დედა ხარ - რა გითხრეს ბავშვებმა?

- იმის გამო, რომ ჩემი პროფესია უმეტესად სამსახურში ყოფნას მოითხოვს, ბავშვები სულ ღელავენ ამაზე, ამიტომ როგორც კი თავისუფალი დრო მიჩნდება, ვცდილობ, ბავშვებთან გავატარო. ვუყვები ამბებს, ვაანალიზებთ პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენებს, ერთმანეთს აზრებს ვუცვლით. ვუთხარი, რომ ასეთი სიახლე იქნება ჩემს ცხოვრებაში, თქვენი გაღვიძება დილას მე ვეღარ მომიწევს, მაყურებელი უნდა გავაღვიძო-მეთქი. ისეთი ამბავი ატეხეს, - უარი თქვიო. მერე ავუხსენი, ველაპარაკე რაღაცები, მაგრამ ჯერ პატარები არიან.

უფროსი 8 წლის და უმცროსი 6 წლის, თუმცა საბოლოოდ მაინც ესმით ჩემი. ისიც უხარიათ, როდესაც დედიკოს ეკრანზე ნახავენ, მაგრამ მათ ის უფრო ახარებთ, როცა მათთან ერთად ვარ. მოკლედ, ერთადერთი, რაც მაღელვებს, ისაა, რომ მათზე ადრე მე უნდა გავიდე სახლიდან, მაგრამ იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

"მამა, მაპატიე ყველაფერიო... მაშინ პირველად დამიძახა მამა" - სანდრო ბერაძის მშობლები აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ

7 წესი, რომელიც ონლაინ შოპინგის უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვათ