ავტორი:

"მშვიდობით სკოლა!!!" - ვინ არის ბათუმელი ბიჭუნა, რომლის განცხადებამ ინტერნეტი გაახალისა

"მშვიდობით სკოლა!!!" - ვინ არის ბათუმელი ბიჭუნა, რომლის განცხადებამ ინტერნეტი გაახალისა

"გთხოვთ, გამათავისუფლოთ სასწავლო პროცესიდან, რადგან ძალიან მეზარება სწავლა და ეს საკითხი ოჯახში მუდმივად კონფლიქტის საგანია.

მივდივარ სოფელში ბებიასთან, სადაც დილა, საღამო, შუადღეს ჩემს ნებაზე ვიქნები. მშვიდობით სკოლა!!!" - ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლის, გეგა წიტაიშვილის ამ განცხადებამ, რამდენიმე დღის წინ, "ფეისბუქი" მოიარა და ქართველი ინტერნეტმომხმარებელი გაახალისა.

8 წლის ბიჭუნას გაცნობა ჩვენც გადავწყვიტეთ და მის დედას დავუკავშირდით, რომელიც ბათუმელი ჟურნალისტია. ხატია იაშვილი გაზეთ "აჭარაში" მუშაობს და AMBEBI.GE-ს უყვება მისი შვილის შესახებ:

- გეგა სამი წლის ასაკიდან სოფელში ბებიასთან იზრდებოდა, ბებო, იქაურობა ძალიან უყვარს... თუ რამის გაკეთება არ უნდა, გვეუბნება, რომ სოფელში მიდის - ასე აპროტესტებს. თუმცა, იქ რომ არის, აქეთ უნდა... მოკლედ, როცა ის ცნობილი განცხადება დაწერა, მის მორიგ პროტესტთან გვქონდა საქმე...

კვირის განმავლობაში დატვირთული გრაფიკი აქვს, კარგად სწავლობს, ყოჩაღი ბავშვია, მაგრამ ხანდახან სიზარმაცე შემოუტევს ხოლმე. იმ დღესაც შაბათი იყო, მთელი დღე კომპიუტერზე დეიდაშვილს ეთამაშებოდა ინტერნეტით.

კვირას ვუთხარი, ვიმეცადინოთ-მეთქი და სწავლა აღარ მინდა, სოფელში წავალო. წასვლა ასე არ ხდება, სკოლას შენზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ვინმე საქმის კურსში უნდა ჩააყენო, თან, ჩემზეც იტყვიან - ცუდი დედააო. რადგან შენი სურვილია, განცხადება უნდა დაწერო-მეთქი. რა განცხადებაო? ფორმა არსებობს და ახლა მოგიძებნი ინტერნეტში-მეთქი.

მოკლედ, დაჯდა და იმ ფორმის მიხედვით წერა დაიწყო, ტექსტი თვითონ მოიფიქრა. დაწერაში ცოტა მივეხმარე. რომ დაასრულა, წინ დამიდო. ხომ ვამბობ, მისგან ასეთ პროტესტებს მიჩვეული ვარ, მაგრამ ამ წერილობით ფორმაზე ძალიან გამეცინა. მერე განცხადება მის დამრიგებელს ზეინაბ შავაძეს გადავუგზავნე - დამეხმარე, მიშველე-მეთქი. ზეინაბი გეგას აღზრდის საკითხებში გვერდში მიდგას, ჩართულია, მისი მადლობელი ვარ...

- ინტერნეტში როგორ მოხვდა განცხადების ფოტო?

- მას მერე ეს თემა ზეინაბთან განვიხილეთ, „ფეისბუკზე“ ჩემს გვერდზე დავდე, როგორც გეგას მორიგი აქტივობა, მაგრამ არ დარჩენილა ჯგუფი, სამეგობრო წრე, გვერდი, ადამიანი, არ გაეზიარებინა. არ მეგონა, თუ ამხელა ამბავს გამოიწვევდა...

- ვის სახელზეც იყო განცხადება დაწერილი, დირექტორამდე თუ მივიდა?

- როგორ არ მივიდა, დირექტორმა დამიბარა. წინა დღეს კი საკითხი თავად განუხილავთ. ვსაუბრობდით იმაზე, რაიმე პრობლემა ხომ არ აქვს სკოლაში ბავშვს მასწავლებელთან, თანაკლასელებთან, ბულინგთან ხომ არ გვაქვს საქმეო. თუმცა, კარგად იცის გეგას ხასიათი, რაც შარშან გამოავლინა - თვითონ სთხოვა, ზეიმზე გასულიყო, მაგრამ გეგა გაბრაზებული იყო და არ გავიდა.

- რატომ?

- თაგვის როლი ჰქონდა, რომელსაც ძირიდან თხილი უნდა აეკრიფა და მოეპარა. ეს გენერალურ რეპეტიციაზე გააპროტესტა, თხილს არ ავკრეფ, ქურდი არ ვარო.

მოკლედ, თუ არ უნდა, არ შეჭამს და მთელი დღე მშიერი იქნება. თავიდანვე ასეთი იყო. ვცდილობ, ვემეგობრო, საერთოდ მეგობრული ურთიერთობა მაქვს ორივე შვილთან. პრობლემას მათთან კონფლიქტის გარეშე ვაგვარებ. გეგასაც ვცდილობ, თავისი სამყარო შევუქმნა... პრინციპულობის გარდა, ლიდერობაც უყვარს. უნდა, რომ სულ პირველი იყოს, ჩქარობს, ამ სიჩქარეში შეიძლება შეცდომაც დაუშვას, მაგრამ მაინც ჩქარობს...

მას მერე, რაც გავარკვიეთ, რომ არანაირ სერიოზულ პრობლემასთან არ გვქონდა საქმე, მეც და დირექტორსაც გაგვეცინა - ეს იყო ბავშვის გამოძახილი, რომელიც კარგად სწავლობს, მაგრამ ხანდახან სკოლაში წასვლა და მეცადინეობა ეზარება. ხომ ვამბობ, სულ ყოჩაღები აქვს, სწავლა ეადვილება, ნიჭიერია, ცოტა ყოფაქცევა უჭირს. დილიდან საღამომდე სწავლა უწევს, იღლება, საღამოს კიდევ შინ მოსულს სწავლას რომ ვახსენებ, იწყება მისი პროტესტი.

- სკოლის გარდა დროს რას უთმობს?

- ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში, კარატეზე შევიყვანეთ, ენერგიას დახარჯავსო და მხოლოდ 2 თვე იარა. მეზარება, ვიღლები. სკოლის შემდეგ მირჩევნია, ეზოში ბავშვებთან ვითამაშოო. მოკლედ, საოცრად ცელქია, მისმა პედაგოგმა თქვა, - პეპი რომ ყოფილიყო ქართველი, გეგა იქნებოდა წიტაიშვილიო. მეხუთე-მეექვსეკლასელ ბავშვებთან თამაში უფრო მოსწონს, საერთოს მათთან ნახულობს... ასტრონომია მოსწონს და ინტერნეტში ამ ხასიათის ფილმებს უყურებს.

ბოლოს საუბარში თავად გეგაც ჩაერთო და გაგვიმხილა, რომ ბიზნესმენობაზე ოცნებობს:

"სკოლაც მიყვარს, სწავლაც, ჩემი დამრიგებელი ზეინაბიც, მაგრამ ვბრაზდები, როცა ზედმეტად მთხოვენ მეცადინეობას! არადა, იმ დროს თამაში მინდა, ან დასვენება ბებიასთან სოფელში. კომპიუტერი მიყვარს, ეზოში თამაშიც...

- ვინ გინდა გამოხვიდე?

- ბიზნესმენი და მინდა, რამე საინტერესო სამსახური წამოვიწყო.

- ახალი წელი მოდის, რა გინდა, თოვლის ბაბუამ მოგიტანოს?

- თოვლის ბაბუა არ არსებობს! თუ სურვილებზე მეკითხებით, ჰოვერბორდი მინდა, ასევე დრონი და კიდევ მინდა, რომ ჯაჯანიძის შოუში მოვხდე, ვუყურებ მის გადაცემას, მომწონს და ვიცი, რომ ბავშვები უყვარს...

გრიპის 216 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ კვირაში - ამირან გამყრელიძე ავადობის უახლესი მაჩვენებლებით

სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო  სტანდარტის  შესაბამისი ხარისხის მართვის  სისტემა ინერგება

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში - სად გათოვდება, სად იწვიმებს და სად იქნება ყველაზე დაბალი ტემპერატურა