ავტორი:

"თუ კილოგრამი სოკო გარეთ ექვსი ლარი ღირს, ციხეში მისი ფასი 15 ლარია“ - რას აჭმევენ ქართველ პატიმრებს?

"თუ კილოგრამი სოკო გარეთ ექვსი ლარი ღირს, ციხეში მისი ფასი 15 ლარია“ - რას აჭმევენ ქართველ პატიმრებს?

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადვოკატები დემოკრატიისთვის" იუსტიციის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამტკიცებს, რომ სახეზეა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისთვის გამოყოფილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისების მცდელობა. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ხელთ აქვს კორუფციული გარიგებისა და დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი დოკუმენტები.

საქმე ეხება 2019 წლის მაისში იუსტიციის სამინისტროს მიერ მსჯავრდებულთა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც 90 მილიონ ლარზე, 3 წლით მომსახურებაზე გამოცხადდა.

ადვოკატის თქმით, კომპანია "ილი ჯგუფმა" ტენდერში ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რის გამოც მას პირველ ჯერზე დისკვალიფიკაცია მიენიჭა, თუმცა, საბოლოოდ მაინც ამ კომპანიას გაამარჯვებინეს:

"ილი ჯგუფმა“ სატენდერო პირობის შესაბამისად ტენდერში წარმოადგინა ქართულ კომპანიასთან შპს „ათინათთან“ გაფორმებული ხელშეკრულება რძის პროდუქტების ვითომდა მიწოდების შესახებ.

ჩვენ მოკვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ "ათინათი" სინამდვილეში არ გახლავთ რძის პროდუქტების მწარმოებელი და მხოლოდ ახდენს სხვის მიერ უცხოეთში წარმოებული პროდუქტის შეფუთვას. ეს არის სატენდერო პირობის უხეში დარღვევა და ამას "ილი ჯგუფის" დისკვალიფიკაცია უნდა მოჰყოლოდა" - ამბობს ადვოკატი.

შალვა ხაჭაპურიძე ასევე მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრო კონკრეტულ კომპიასთან თაღლითურ შეთანხმებაში შესვლას და ამ გზით ფულის გათეთრებას გეგმავს.

"ტენდერი გამოცხადებულია კარაქთან ერთად სპრედის მიწოდებაზეც. სპრედის გამოყენება ქართული კანონმდებლობით აკრძლულია, რადგან ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. ამასთან, ერთი კილოგრამი სპრედის ღირებულება გახლავთ, ერთი კილოგრამი კარაქის ღირებულების მესამედი.

შედეგად შემსყიდველი, იუსტიციის სამინისტრო, თავად უბიძგებს კომპანიას, გამოიყენოს დაბალი ღირებულებისა და ხარისხის პროდუქტი, ხოლო საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ გამოიყენა კარაქი.

კორუფციული სქემა ასეთია: პატიმრებს კარაქის მაგივრად მიეწოდებათ სპრედი, მენიუში კი გაწერილი იქნება კარაქი, სახელმწიფო გადაიხდის კარაქის ღირებულებას, ხოლო მომსახურე კომპანიას თაღლითური გზით გაუიაფდება მომსახურების თვითღირებულება და დანაშაულებრივი გზით მიითვისებს რამდენიმე მილიონს“, - აცხადებს ადვოკატი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას უპასუხა პენიტენციურმა სამსახურმა.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ "ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციები არასერიოზულია, არ ემყარება ფაქტებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად".

"ადვოკატი აცხადებს, რომ 2019 წლის 22 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული კვებითი მომსახურების ტენდერში (რომელიც უშედეგოდ დასრულდა) მონაწილე კომპანია „ილი ჯგუფს“ წარმოდგენილი ჰქონდა ყალბი ხელშეკრულება უკრაინიდან ერთ-ერთი პროდუქტის, კერძოდ, რძის პროდუქტის მოწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის მიეწოდა სატენდერო კომისიას, თუმცა კომისიამ ამაზე არ იმსჯელა.

დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად პრეტენდენტი კომპანიის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა არ დადასტურდა.

ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის თანახმად პრეტენდენტმა წარმოადგინა შპს „ათინათის“ სახელზე გაცემული სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ მინიჭებული აღიარების დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ათინათი“-ს ეკონომიკური საქმიანობის სახეებია რძის გადამუშავება და ყველის წარმოება (რძე, ყველი, კარაქი, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კეფირი, ნაღები, შესქელებული რძე).

ამასთან, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ 22.11.2019 წ. გაცემული წერილით დასტურდება, რომ შპს „ათინათი“ აწარმოებს 82.5%-იან კარაქს, შესაბამისად, ბრალდება, თითქოს შპს „ათინათი“ არ არის მწარმოებელი, უსაფუძვლოა", - ნათქვამია უწყების მიერ AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილ წერილში.

პენიტენციური სამსახური ასევე უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს არასათანადო კვება აქვთ. უწყების მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან მსჯავრდებულების კვებითი ღირებულების დღიური დაფინანსება იზრდება.

"ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პატიმრებს არასათანადო კვება აქვთ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივლისში პენიტენციური სისტემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოექცა, 2019 წელს ჩატარდა კვების ხარისხის რეფორმა, რომლის შედეგადაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული ნუტრიციონისტების მიერ შემუშავდა ახალი სტანდარტების, მათ შორის სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუები.

სწორედ ამ მენიუების შესაბამისად მიეწოდებათ საკვები პატიმრებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ახალ ტენდერთან ერთად გაიზარდა თითოეული პატიმრის კვებაზე გაწერილი თანხის ოდენობა - თუ ბოლო წლების განმავლობაში, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულების კვებით მომსახურებაზე (სამჯერადი კვება, პურის ჩათვლით) სახელმწიფო დღეში 4.37 ლარს ხარჯავდა, 2019 წლის 1 დეკემბრიდან (ახალი ხელშეკრულებით) ერთი პატიმრის გამოკვებაზე სახელმწიფო 6.00 ლარს დახარჯავს, რის შედეგადაც პატიმრების კვება კიდევ უფრო ხარისხიანი გახდება" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უფლებადამცველები და სახალხო დამცველის აპარატი, აქტიურად აკრიტიკებს პენიტენციურ სამსახურს იმის გამო, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულების სათანადო კვებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე AMBEBI.GE-ს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე უყვება, რომლითაც დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებს ვადაგასულ პროდუქტებს აწვდიან.

"რამდენიმე თვის წინ მქონდა ასეთი საქმე: მსჯავრდებული უჩიოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებას არასათანადო მოპყრობისთვის. მათ შორის არასათანადო კვების გამოც. არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ მსჯავრდებულმა პროცესზე წარმოადგინა კონკრეტული პროდუქტეები, რომლებიც იყო ვადაგასული.

ყოველდღიურად მიწევს მსჯავრდებულების მოსმენა და ისინი ამბობენ, რომ ციხის მაღაზიებში ფასები ძალიან მაღალია. ჩვეულებრივ ღირებულებასთან შედარებით ორჯერ და სამჯერ მეტი ღირს. მაგალითად, სოკოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გარეთ კილოგრამი ექვს ლარამდე ღირს, ციხეში 15 ლარი ღირს“ - ამბობს უფლებადამცველი.

პეინტენციურმა სამსახურმა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის ბრალდებას AMBEBI.GE- სთვის გამოგზავნილი წერილით უპასუხა:

"ადვოკატის ეს განცხადება არის სრული სიცრუე, რადგან დღეის მდგომარეობით თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შემოწმების მიზნით, შექმნილია კვების ინსპექტირების კომისიები, რომლებიც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებენ მომსახურე კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. დაწესებულებაში ვადაგასული პროდუქტის არათუ ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის მიწოდების, არამედ აღმოჩენის შემთხვევაში, მომსახურე კომპანიის მიმართ გამოყენებული იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები.“ - ნათქვამია უწყების მიერ გამოგზავნილ წერილში. პენიტენციურმა სამსახურმა ასევე სიცრუე უწოდა ადვოკატის მოსაზრებას ციხეებში პროდუქტების სიძვირესთან დაკავშრებით.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2018 წლის სექტემბერში ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულ ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო ქსელთან 2018 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება (პენიტენციური სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემული ხელშეკრულება სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს), რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პროდუქციის ფასები არ უნდა აღემატებოდეს კომპანიის მაღაზიათა გარე ქსელში არსებულ ფასებს. ამ ცვლილებით პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში არსებული ფასები გარე ქსელში არსებულ ფასებს გაუტოლდა და გაუქმდა მანამდე წლების განმავლობაში არსებული მანკიერი პრაქტიკა, როდესაც პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში საშუალოდ 30%-იანი ფასნამატი მოქმედებდა. რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას სოკოს ფასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში არ არსებობს სოკოს პროდუქტი, რომელიც 15 ლარი ღირს. შესაბამისად, ეს განცხადებაც სიმართლეს არ შეესაბამება" - აღნიშნულია წერილში.

რაც შეეხება სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშს, მასში პენიტენციური სამსახურის კვების ხარისხის კონტროლის მექანიზმი არაეფექტურად არის შეფასებული, რადგან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური კომისია დაწესებულებებში სასჯელაღსრულების სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების შემდეგ შედის:

"სწორედ ამიტომ, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ სასადილოს თანამშრომლები შემოწმების დღეს ამზადებენ უკეთესი ხარისხის საკვებს, ვიდრე შემოწმებამდე, ან შემოწმების შემდეგ. ასეთი ალბათობა კი, სურსათის ეროვნული საგენტოს დასკვნის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს" - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

ომბუდსმენის რეკომენდაციით, ინსპექტირება კვების ბლოკზე უნდა განხორციელდეს მოულოდნელად და შემოწმების შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის.