ავტორი:

რას პასუხობს პროკურატურა ნიკა გვარამიას

რას პასუხობს პროკურატურა ნიკა გვარამიას

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას გენერალური პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს. შესაბამისი კითხვით, „ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს პროკურატურას მას შემდეგ მიმართა, რაც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ის ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით, დღეს გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ განცხადებას გააკეთებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აგვისტოს ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო. გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სააპელაციო საჩივარში ნიკა გვარამიას მიმართ 2019 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“ - ის ყოფილ და ახლა უკვე „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა".

მაჟორიტარების ნაწილს 2020 წლის შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღება სურს

რატომ ჩადიან ქართველი პოლიტიკოსები რუსეთში?

გრიგოლ ვაშაძე - მამუკა მდინარაძეს გადაეცით, პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა - თბილისში, ჩემს სახლში ვარ