ავტორი:

წიგნები ყველგან და ყველასთვის - „საქართველოს უნივერსიტეტი“ „ბიბლუსთან“ პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს

წიგნები ყველგან და ყველასთვის - „საქართველოს უნივერსიტეტი“ „ბიბლუსთან“ პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს

წიგნები ყველგან და ყველასთვის - ეს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ახალი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წიგნიერების ამაღლებას ემსახურება.

„საქართველოს უნივერსიტეტისა“ და წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ქვეყნის ექვს რეგიონს საკუთარი ბიბლიოთეკები ექნება. 2 წლის წინ, „საქართველოს უნივერსიტეტმა“ შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, კახეთში, გურია-აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგიონული ოფისები გახსნა. ახალი პროექტის, ყველასთვის ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკების ფარგლებში კი გაიხსნება სამკითხველო სივრცეები, სადაც მოსწავლეებსა თუ ზრდასრულებს საშუალება ექნებათ, სასურველ ლიტერატურას მშვიდ გარემოში გაეცნონ.

უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს პროექტი და როგორ ხორციელდება ის, ამის შესახებ დეტალურად, „საქართველოს უნივერსიტეტის“რექტორ კონსტანტინე თოფურიას ვესაუბრეთ:

რა შესაძლებლობებს შექმნის რეგიონებში ბიბლიოთეკების გახსნა და ძირითადად, რა ჟანრის ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი?

გადავწყვიტეთ ოფისებს, რომელიც 2 წლის წინ სხვადასხვა რეგიონში გავხსენით, მეტი დატვირთვა მივცეთ,მოსახლეობას კი მეტი საგანმანათლებლო სარგებელიმოვუტანოთ.

ბიბლიოთეკების გახსნა რეგიონებში დამატებითი შესაძლებლობაა, ადგილობრივები გაეცნონ მათთვის საინტერესო ლიტერატურას. ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მოთხოვნა მეტწილად პროფესიულ წიგნებზეა, ამიტომ ჩვენს ბიბლიოთეკებში უმეტესად პროფესიული ლიტერატურა იქნება, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

დარგობრივი ლიტერატურის გარდა, ბიბლიოთეკებში მისულ მკითხველებს მხატვრული და საბავშო ლიტერატურაც დახვდებათ. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი იქნება სახელმძღვანელოებიც, რომლებიცმე-11 და მე-12კლასელებსა და მასწავლებლებს განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას!

ვინ არიან ჩართულები უფასო ბიბლიოთეკების გახსნის წამოწყებაში?

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინიციატივაში მონაწილეობას იღებს წიგნის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი და ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში ჩვენი პროფესორ-ლექტორებიც ჩაერთვნენ - მათ ბიბლიოთეკებს თავიანთი საყვარელი წიგნებიაჩუქეს. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ „ბიბლუსს“ თანამშრომლობისთვის.

რა მიზანს ემსახურება თქვენი წამოწყება? გარდა ბიბლიოთეკებისა, სხვა რა აქტივობებს განახორციელებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ რეგიონული ოფისები?

რეგიონული ოფისები ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია.ვცდილობთ,მთელი საქართველოს მასშტაბით, განათლება ხელმისაწვდომიგავხადოთ.

2 წელია, აღნიშნული ოფისები სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით; დაესწრონ სრულიად უფასოდ ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებებს.

ამ დროის განმავლობაში ჯამში, 200-ამდე შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩავატარეთ. მახარებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის მხრიდან ჩვენი ღონისძიებების მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია და მათგანაც ბევრი ინიციატივა მოდის. დარწმუნებული ვარ, ბიბლიოთეკებსაც ბევრი ერთგული მკითხველი ეყოლება.

კონკრეტულად, როდის იგეგმება ბიბლიოთეკების გახსნა ?

ჩვენი გუნდი სრული დატვირთვით მუშაობს, რომ პროექტი რაც შეიძლება მოკლე ვადებში განვახორციელოთ. ვფიქრობ, 2020 წლის თებერვლისთვის ბიბლიოთეკა ექვსივე რეგიონულ ოფისს ექნება.

განსაკუთრებული ფასდაკლება საახალწლო პროდუქციაზე – „ბიბლუსში“ „შავი პარასკევია“

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ქარვასლაში "წიგნის დღეები" გაიმართება

10 წიგნი, რომელიც "თბილისის წიგნის დღეებზე" უნდა შეიძინოთ