ავტორი:

ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დონე გაუარესდა - რას ამბობენ განათლების ექსპერტები საგანგაშო კვლევაზე

ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დონე გაუარესდა - რას ამბობენ განათლების ექსპერტები საგანგაშო კვლევაზე

2015 წელთან შედარებით, საქართველოში მოსწავლეთა დონე წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში გაუარესებულია. ამის შესახებ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევაშია აღნიშნული. კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 326 სკოლის 5572-მა მოსწავლემ მიიღო.

PISA 2018-ში მონაწილ 70 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა ტესტები შეასრულეს კომპიუტერულ ფორმატში, ხოლო დანარჩენი ათამდე ქვეყნის მოსწავლეებმა - ქაღალდზე.

კვლევის მიხედვით, წიგნიერების კომპონენტში საქართველო არის ბოლოდან მერვე ადგილას და მას ჩამორჩება: პანამა, ინდონეზია, მაროკო, ლიბანი, კოსოვო, დომინიკის რესპუბლიკა და ფილიპინები.

მათემატიკაში საქართველო ბოლოდან მეცამეტე ადგილს იკავებს, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლოდან მეექვსე ადგილზეა. ამ კომპონენტში ჩამოგვრჩებიან მაროკო, კოსოვო, პანამა, ფილიპინები და დომინიკის რესპუბლიკა.

ფსიქოლოგიის პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, ექსპერტი განათლების საკითხებში ზურაბ ვახანია AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო:

"რატომ იქნებოდა სხვაგვარად?! 40 წელია ყოველი წელი წინაზე უარესია, დაღმა მივდივართ და ამაზე პასუხს არავინ აგებს. განათლების სამინისტროში ისევ ის ე.წ. ექსპერტები მართავენ ყველაფერს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყვნენ. რაღაც სისულელეებს აკეთებენ. ასე რომ, ეს ყველაფერი არის კანონზომიერი შედეგი.

რამდენი წელიწადია თვალ-ყურს ვადევნებ ამ კვლევებს. სხვა კვლევებიც ტარდება, სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე გათვლილი. იქაც მსგავსი შედეგებია. ის, რომ ზოგიერთი ბავშვი წარმატებას აღწევს მათემატიკის, ინფორმატიკის და სხვა ოლიმპიადებზე, არ არის განათლების სისტემის დამსახურება. ეს არის მათი პირადი ნიჭის, ოჯახის და ერთეულად გამორჩეული მასწავლებლის დამსახურება.

ასეთი გამორჩეული ბავშვები დაახლოებით 2%-ია და მათ წარმატებას განათლების სისტემას ვერ მივაწერთ.

საშუალო შეფასება ხომ 7 ქულაა?! ჩვენთან 7-იანის უკან არის ნულოვანი ცოდნა, სრული უცოდინრობაა ყველა საგანში. ეს ყბადაღებული ინგლისური მაინც ისწავლებოდეს მაღალ დონეზე, მაგასაც კი ვერ ასწავლიან.

ჩვენი საუკეთესო მოსწავლეების 5% რომ ავიღოთ, მათ შეიძლება კონკურენცია გაუწიონ გერმანიის, ჩინეთის, ან ფინეთის 5%-ს. ანუ ჩვენი საუკეთესო ხუთი პროცენტი საერთაშორისო დონეს შეესაბამება, მაგრამ საშუალო დონე არის ძალიან დაბალი, რასაც ეს კვლევაც გვიჩვენებს.

პრობლემის აღმოფხვრას არ უშველის მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობა. ისე უკუღმართად მიმდინარეობდა 40 წლის განმავლობაში განათლების სისტემაში პროცესები, რომ ძირფესვიანად არის შესაცვლელი ყველაფერი. რევოლუცია არის ამ მიმართულებით საჭირო.

მართალია, გაიზარდა დაფინანსება, მაგრამ ყველაფერი წყალში გადაყრილია, არაფერს არ მოგიტანს დაფინანსება, თუ სწორ გზაზე არ დგახარ, თუ არ იცი, რას უნდა მოახმარო თანხა.

მასწავლებელს ხელფასი მოუმატეს ორჯერ - ჯერ ორი წლის წინ და ახლა კიდევ შემოდგომაზე, მაგრამ იცით, რომ სწავლების ხარისხი გაუარესდა?! იმიტომ, რომ საშინელი ბიუროკრატიაა, რაზეც უამრავი დრო და ენერგია მიდის და ბავშვისთვის აღარავის სცალია.

პენსიონერები რომ გაუშვეს, არ ფიქრობენ იმაზე, რომ შემცვლელები არ ჰყავთ?! გაუშვეს ესენი და უფრო დაბალკვალიფიციური კადრები შეიყვანეს სკოლებში. საგნის ცოდნა ახალ მასწავლებლებს აქვთ დაახლოებით ისეთი, როგორიც გამოცდაზე ჩაჭრილ პენსიონერ მასწავლებლებს, მაგრამ იმ გამოცდილ მასწავლებელს ბავშვთან ურთიერთობა მაინც შეუძლია.

ახალი პედაგოგები კლასს ვერ მართავენ. კიდევ ერთი პრობლემა - სოფლებში ერთი მასწავლებელი ასწავლის ხუთ საგანს. ახლა ქალაქებში რა ხდება: ერთი მასწავლებელი მუშაობს ორ სკოლაში, ამთავრებს ერთგან, გარბის მეორეგან, არანორმალურად დიდი დატვირთვა აქვს. ყოველივემ სწავლების ხარისხი კიდევ უფრო გააუარესა.

ჯანსაღ ბავშვს სწავლით დაინტერესება არ სჭირდება, ბავშვს სჭირდება რომ არ გაუფუჭო ინტერესი, რომელიც ბუნებრივად აქვს, ყველა ბავშვს აქვს ეს ინტერესი დაწყებით კლასებში. მაგრამ მერე, იმის გამო, რომ უკუღმართი განათლების სისტემაა, საშინელი სახელმძღვანელოებია, გული უცრუვდება სწავლაზე, არ ენდობა სკოლას. სკოლა საზოგადოდ, ბავშვისა და მშობლისთვის აღარ არის სწავლის ადგილი. ერთი სული აქვთ, როგორ დაიძვრინონ თავი და კერძო მასწავლებელთან იარონ“ - განმარტავს AMBEBI.GE-სთან საუბარში ზურაბ ვახანია.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" მფლობელი ლადო აფხაზავა PISA-ს კვლევის შედეგებს "სამწუხაროს" უწოდებს. AMBEBI.GE-სთან საუბარში ის ამბობს, რომ აუცილებელია პედაგოგმა ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ მოსწავლეს მასალა დააძლევინოს:

"მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება უნდა ვასწავლოთ. ბევრი პედაგოგი თვლის, რომ ზედმიწევნით უნდა მიჰყვეს პროგრამას. თუ ბავშვმა პროგრამა ვერ დაძლია, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ სხვაგვარად მივაწოდოთ სასწავლო მასალა, ან ისეთი პროექტი გავაკეთოთ, რომელიც ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას შეუწყობს ხელს.

როცა ბავშვი ტექსტს კითხულობს, პირველად შეიძლება ვერ გაიაზროს, მაგრამ მასწავლებელს ხელთ აქვს ძალიან ბევრი გასაღები და ბევრი კარი უნდა გააღოს. სანამ არ გააგებინებს, სხვა საკითხზე არ უნდა გადავიდეს.

სამწუხაროა, როდესაც მასწავლებლები მისდევენ მხოლოდ და მხოლოდ პროგრამას და ასე ეუბნებიან მოსწავლეებს: „მე თქვენ ეს აგიხსენით, გესწავლათ, ახლა უნდა გადავიდეთ სხვა გაკვეთილზე"

მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესში არაფორმალური განათლების ელემენტები შევიტანოთ. მოზარდებს უნდა მივცეთ ცოდნა ისე, რომ შემდეგ მისი პრაქტიკაში გამოყენება შეძლონ და შეეცვალოთ დამოკიდებულება. სახლში თუ ბავშვმა დაიზეპირა რაღაც ერთი მოთხრობა და მასწავლებელს ჩააბარა, ამით ეროვნულ სასწავლო მიზნებს ვერ მივაღწევთ.

მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელს ჰგონია, რომ მარტო მაგალითები უნდა გამოაყვანინოს მოსწავლეს, სინამდვილეში კი, წიგნიერების ამაღლებაში უნდა შეუწყოს ხელი, პირობის გააზრება ასწავლოს.

ბავშვი ვერ ისწავლის, თუ მასწავლებელმა სხვადასხვა ხერხები, სხვადასხვა მეთოდები არ გამოიყენა. შედეგიც არის ისეთი, როგორი სწავლებაც არის საქართველოში. ახლა ახალი სკოლის მოდელი ინერგება და მგონია, რომ ცოტა ხანში განათლების დონე აიწევს.

ჩემთვის არ იყო კვლევის ასეთი შედეგი მოულოდნელი. ცალკეული მასწავლებელი კი არა, სკოლა უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ მოზარდი განათლებას მიიღებს. სკოლა მოსწავლეს უნდა სთავაზობდეს ისეთ მასწავლებლებს, რომლებიც ერთ გუნდად არიან შეკრულნი. ერთი მასწავლებელი სხვას სთხოვს, მეორე სხვას, მესამე სხვას, ერთი მკაცრია, მეორე ჰუმანური და ა.შ ამის გამო მოსწავლეები ვეღარ იგებენ ვინ რას ითხოვს, რა ხდება საერთოდ სკოლაში და ზუსტად ისეთი შედეგი გვაქვს, როგორ ქაოსშიც ვამყოფებთ მოსწავლეებს" - გვეუბნება აფხაზავა.

PISA-ს კვლევის შედეგებზე გამოცდების ეროვნულ ცენტრშიც ისაუბრეს.

"2018 წლის შედეგები გვაჩვენებს, რომ ათწლიან პერსპექტივაში საქართველოს აქვს პოზიტიური ტენდენცია - მათემატიკაში 19-ქულიანი, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 10-ქულიანი გაუმჯობესებაა. პოზიტიური ტენდენციები იკვეთება თანასწორობის კუთხითაც, რაც ნიშნავს იმას, რომ დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა უფრო მეტი ნაწილი ახერხებს უკეთესი შედეგების ჩვენებას, ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ", - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

"თბილისი ენერჯიმ" ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა

ქართველ მოციგურავეთა წყვილი იტალიაში გრან პრის მფლობელი გახდა - რევიას და კაზაკოვას ცეცხლოვანი ცეკვა ყინულზე

53 წლის ასაკში რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა