ავტორი:

ჰოლივუდი საქართველოს აფრთხილებს - ქართულ საიტებზე "პირატულ" ფილმებს ვეღარ ნახავთ?

ჰოლივუდი საქართველოს აფრთხილებს - ქართულ საიტებზე "პირატულ" ფილმებს ვეღარ ნახავთ?

წლებია, საქართველოში ინტერნეტ მეკობრეობა მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ერთადერთი სამართლებრივი ნორმა, რაც "პირატული" მასალის წინააღმდეგაა მიმართული, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის დადგენილება გახლავთ, რომელიც ვერც პრევენციას უზრუნველყოფს, ვერც დანაშაულის აღკვეთას.

რამდენიმე წლის წინ აშშ-ს ვიცე-პრეზდენტმა ჯო ბაიდენმა ინტერნეტ მეკობრეობა ყაჩაღობას შეადარა და დაჰპირდა თანამემამულეებს, რომ ამერიკა გაზრდიდა ზეწოლას იმ ქვეყნებზე, სადაც "პირატული" ვებ-სერვერებია განთავსებული. როგორც ჩანს, ამ დაპირების შესასრულებლად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია გამაფრთხილებელი წერილი, რომელიც გასულ კვირას კომუნიკაციების კომისიამ და საქპატენტმა მიიღო.

Motion Picture Association of America (MPA), რომელიც წარმოადგენს ისეთ დიდ კინოსტუდიებს, როგორებიც არიან: "დისნეი", "ვორნერ ბრაზერს", "უნივერსალ ფიქჩერს", "სონი", "პარამაუნტ ფიქჩერს", "ნეტფლიქსი" და სხვა, წერილში შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ ინტერნეტსაიტებზე არალეგალური ფილმების განთავსების გამო.

ორგანიზაციის პრეზიდენტის და მმართველი დირექტორის, სტენ მაკკოის წერილში, ორი ქართული ვებ-გვერდია მოხსენიებული, სადაც ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად უყურებენ ფილმებს:

"მეკობრეობის შემცირება ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და აღსრულება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პრიორიტეტის მისაღწევად. საქართველოში adjaranet.com და imovies.cc უჩვენებენ MPA-ს წევრი კომპანიების ფილმებს მათი თანხმობის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა" - ნათქვამია წერილში.

ეს იყო პირველი სერიოზული გაფრთხილება ჰოლივუდური კინოსტუდიების გაერთიანებისგან, რომლის უგულვებელყოფის შემთხვევაში, საქართველოს სანქციები ემუქრება. ამ საკითხზე ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ ახალშექმნილმა ასოციაციამ, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და ყველა შესაბამის უწყებას კოორდინირებული ქმედებებისკენ მოუწოდა.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბეჟანიშვილი ამბობს, უკონტროლო ონლაინსივრცე ზიანს აყენებს როგორც საქართველოს რეპუტაციას, ისე იმ კეთილსინდისიერ კომპანიებს, რომლებიც კანონიერად ყიდულობენ ამა თუ იმ აუდიოვიზუალურ პროდუქციას, რაც სერიოზულ დარტყმას აყენებს კინოთეატრებს და ზოგადად კინოს, როგორც კულტურას:

"მას შემდეგ, რაც დიდი კომპანიები ინტერესდებიან საქართველოთი, ბაზრით დაინტერესების პარალელურად, ინტერესდებიან არსებული პრობლემებითაც. კერძოდ, მათი პროდუქციის არაკანონიერად განთავსება სერიოზული პრობლემაა ფილმების მომწოდებელი კომპანიებისთვის. შედეგად, ამ კომპანიების პოზიციაა, რომ საქართველომ ან დაიცვას მათი უფლებები, ან ისინი საქართველოსთვის პროდუქციის მოწოდებას შეწყვეტენ.

ასევე, მეორე მხარეც - იმისათვის რომ ფილმები გავიდეს ქართულ კინოთეატრებში, კინოსადისტრიბუციო კომპანია მომწოდებელ უცხოურ კომპანიას უხდის თანხას, შემდეგ ფილმი დგება კინოგაქირავებაში, სადაც მაყურებელი ყიდულობს ბილეთს, რომ ნახოს ფილმი, რომლის მოპოვება-გავრცელების უფლებაშიც კინოდისტრიბუციამ თანხა უკვე გადაიხადა.

საიტები არღვევენ კანონს, როდესაც ავრცელებენ ინტერნეტში პროდუქციას, რომელზეც მათ არანაირი უფლება არ გააჩნიათ

ამით ზიანს აყენებენ კეთილსინდისიერ კომპანიებს და მათ ბიზნესს. ამ საკითხის რეაგირების გარეშე დატოვება გამოიწვევს იმას, რომ საქართველოს შესაძლოა შეეზღუდოს კინოპრემიერები, ან დაგვიანებით მივიღოთ ისინი, ან შეიძლება საერთოდ აღარ მოგვცენ უფლება, რომ ვაჩვენოთ გარკვეული სერიალები და ა.შ.

სამწუხაროდ, რეალობა ის არის, რომ თუ ვინმე გააპროტესტებს და მოითხოვს უკანონოდ განთავსებული ფილმების აღებას, იხსნება 0.5 პროცენტი ფილმების, დანარჩენი ისევ რჩება უკანონოდ საიტებზე" - ამბობს ბეჟანიშვილი.

ონლაინსივრცეში სამართლებრივი წესრიგის დაცვა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ევალება. კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია-მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე AMBEBI.GE-სთან პრობლემის სიმწვავეს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ უწყება ეტაპობრივად მუშაობს ონლაინმეკობრეობის აღმოფხვრაზე იმ ბერკეტების გამოყენებით, რაც ამ დროისთვის გააჩნია.

"წლებია ვცდილობთ, გავასუფთავოთ საავტორო და მომიჯნავე უფლებების ნაწილში ყველა მოქმედი დარგი. წლების წინ ეს დაიწყო მაუწყებლობის დარგში და მაუწყებლობა გათავისუფლდა არალეგალური პროდუქციისგან.

მეორე ნაბიჯი იყო საკაბელო ოპერატორების - მაგთის, სილქნეტის და ა.შ. სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. მეორე ეტაპის ფარგლებში საკაბელო ოპერატორები გათავისუფლდა მეკობრეობისგან.

და აი, მესამე ეტაპს წარმოადგენს სწორედ ონლაინმეკობრეობისგან გათავისუფლება. ახლა ვეჭიდებით ამ პრობლემას. ერთ წელიწადზე მეტია, ვთანამშრომლობთ როგორც ვებ-გვერდებთან, რომლები იპარავენ ამ აუდიოვიზუალურ პროდუქციას, ასევე კინოდისტრიბუციის კომპანიებთან, რომელთაც ლეგალურად შემოაქვთ ეს პროდუქცია და დიდ თანხებს იხდიან ამაში.

გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება არის წარდგენილი პარლამენტში, საკმაოდ მოცულობითი და მასში ძალიან ბევრი რამ არის გაწერილი. ეს კანონპროექტი მოაქცევს ერთიან რეგულაციაში ყველა ონლაინ პლატფორმას და მაუწყებელს.

თუ დღესდღეობით adjaranet.com და imovies.ge-ის ტიპის ვებგვერდებს არ ევალებათ ავტორიზაციის გავლა, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი დამტკიცდა, მათ დაევალებათ, რომ მარეგულირებელში დარეგისტრირდნენ, რის შემდეგაც მათზე გავრცელდება ყველა ის ვალდებულება, რაც „მაუწყებლის შესახებ კანონის“ მიხედვით ვრცელდება მაუწყებლებზე და ოპერატორებზე.

კანონპროექტი შეიმუშავა მარეგულირებელმა კომისიამ და კანონდარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს მინიმუმ გაფრთხილებას და მაქსიმუმ ავტორიზაციის შეჩერებას

ამ ეტაპზე თუ არის დარღვევეა ვებგვერდებზე და მომართვა არსებობს, ან ჩვენ გავაკეთეთ მონიტორინგი, მივმართავთ ინტერნეტპროვაიდერებს, მაგალითად „მაგთის“ ან „სილქნეტს“ და მათ აქვთ ვალდებულება, რომ გააფრთხილონ ვებ-გვერდები, რომლებიც იპარავენ პროდუქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ინტერნეტ წვდომა შეეზღუდოთ ამ გვერდებს, სანამ არ აღმოფხვრიან ამ პრობლემას" - ეუბნება AMBEBI.GE-ს ივანე მახარაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ქურდი" ვებ-გვერდები სხვა კომპანიებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე გარდა მომხმარებლების მოზიდვისა, უსამართლოდ ხდებიან მონოპოლისტები რეკლამის მიზიდვის სფეროშიც. ბუნებრივია, რეკლამის დამკვეთს დიდი აუდიტორია აინტერესებს და არ ანაღვლებს, რამდენად კანონიერად არის ეს აუდიტორია მოზიდული.

თავის მხრივ მომხმარებლებს ურჩევნიათ, კინოთეატრში სასურველი ფილმის ნახვისთვის ფულის გადახდის ნაცვლად, ის ინტერნეტში უსასყიდლოდ ნახონ და ამ დროს სულაც არ ფიქრობენ, რომ კანონდარღვევას სჩადიან.

თუმცა, თუ თითოეული ჩვენგანი გამოვიჩენთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, შესაძლოა ესეც იყოს გზა დანაშაულის პრევენციისა და აღმოფხვრისკენ. რადგანაც აქ საქმე არამხოლოდ კერძო კომპანიებისთვის ზარალის მიყენებას ეხება, არამედ ამით ზიანი ადგება ქვეყნის რეპუტაციას, ეროვნულ კინოს.

ამის მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" - პირველი ქართული ფილმი, რომელიც უზარმაზარმა საერთაშორისო კომპანია "ნეტფლიქსმა" შეიძინა და კინოგაქირავებაში ჩაუშვა. თუმცა, მეორე დღესვე, ქართულ საიტებზე გამოჩნდა ფილმი ამავე კომპანიის ლოგოთი, რამაც შეუძლებელი გახადა ფილმის წარმატების და მისი რეალური მნახველების რაოდენობის განსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას არ აწუხებს. თანამედროვე მსოფლიოც დგას მსგავსი გამოწვევების წინაშე, თუმცა იქ პრობლემას სისტემურად ებრძვიან და მასშტაბებიც გაცილებით ნაკლებია.